Tuesday, July 5, 2011

პასუხის პასუხი

გუშინ საჩუქარი მივიღე. გიორგი მაისურაძემ მომწერა, - აი შენ ჩემგან საჩუქარიო და ასეთი ლინკი მისახსოვრა http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24255436.html

არც იფიქროთ, რომ აქ რაიმე ცინიზმის მსგავსი დევს. ზოგიერთი ახალგაზრდა და აჟიტირებული მემარცხენეებისგან განსხვავებით მე და გიორგის მეგობრული ურთიერთობა გვაქ და პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობის გამო, ერთმანეთისადმი სიძულვილს არ გამოვხატავთ. ამიტომაც საჩუქარი მესიამოვნა.

ეს სტატია უნდა ყოფილიყო პასუხი გასულ კვირას გამოქვეყნებული სვეტისა „რატომ არ ვართ სოციალისტები“. პასუხისა კი მას ვერაფერი შევატყე. სრული ტექსტი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკაა, რომელიც გაუგებარია რატომ იგივდება ლიბერტარიანიზმთან. თუმცა, რადგანაც ავტორს ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა, მეც ავდგები და წილად ვირგებ ერთგვარი „პასუხის პასუხის“ დაწერას. იმედი მაქვს ტაბულას სვეტის ავტორები არ მიწყენენ.

ჯერ გავიხსენოთ მკითხველთა კრიტიკა მიშას და ზურას მიერ დაწერილი სვეტისადმი. აკადემიური განათლების არქონის გამო უმრავლესობა ვერ მიხვდა, რომ წერილის ამ ტიპს ეწოდება პოლიტიკური პამფლეტი, ამიტომ ტექსტს ზოგადი ხასიათი და ძლიერი არგუმენტების არარსებობა დასწამეს, რაც პირიქით - მისი (პამფლეტის „სტრუქტურის“) შემადგენელი ნაწილია. ისიც აღნიშნეს, რომ ტექსტი იუმორისტულია. კაი კაცო, სატირალი პამფლეტი სად გინახავთ ნეტა გამაგებინა.
ეს სვეტი მშვენივრად ასახავს ძველი მოდის სოციალისტებისა თუ თანამედროვე სოციალ-დემოკრატების გულუბრყვილო სწრაფვას თანასწორობისკენ და ამავე დროს ნათლად აჩვენებს, რომ ნებისმიერი მემარცხენე შეხედულების ადამიანისთვის სხვა დანარჩენები იდიოტები არიან, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ იზრუნებენ საკუთარ კეთილდღეობაზე. ( ეს რაღაც ახალი ფილოსოფიური შეხედულებაა, - „ადამიანს საკუთარი თავისთვის ცუდი უნდა და თუ არ მართე ვერ იარსებებს“)

უშუალოდ სტატიაზე გადავიდეთ, თუმცა ბევრს ვერაფერს გეტყვით. როგორც უკვე ვთქვი, გიორგის წერილი ტაბულას სვეტთან ვერ დავაკავშირე. პირველი აბზაცის ტექსტს სრულად ვეთანხმები, კონტექსტს არა. მეორე აბზაცი მხოლოდ ციტატები და ტექნიკური ინფოა. გადავიდეთ მესამე და მომდევნოებზე.

შეუზღუდავი თავისუფალი ბაზარი, ნამდვილად არის ლიბერტარიანელთა იდეალი, მაგრამ სინგაპურიზაციასთან დაკავშირებით ხმა არავის ამოუღია. და თუ იმას დავუშვებთ, რომ ეს უკანასკნელიც ჩვენი ოცნებაა, გაუგებარია რატომ გეჩვენება ხუთი მილიონი ტურისტი სასაცილოდ. არდადეგებზე ხორვატიაში გასეირნება მგონი სულაც არ გაწყენდა. ისიც საინტერესოა, რომელი მათგანია ბიზნესმენი და ნაცმოძრაობის აქტივისტი, ზურა თუ მიშა. შეგიძლია სხვა ნებისმიერი ლიბერტარიანელი დაასახელო. თუ ფრჩხილებში ჩასმული წინადადების კონტექსტს დავუფიქრდები, მგონი ვხვდები რასაც გულისხმობ: თავისუფალი ბაზრის მომხრეები სიმდიდრის გამო ვართ. გაუნათლებელი „ბირჟავიკების“ ცარიელი საფულეების პრობლემას ლიბერტარიანელებს ნუ დააბრალებ.

ნამდვილად გაუგებარია ლიბერტარიანელებისა და პრეზიდენტის ასე მჭიდროდ დაკავშირება. ეს შეცდომა მთელ ტექსტს გასდევს ფონად. ცდები, თუკი თვლი, რომ სააკაშვილი ლიბერტარიანელია. ამის საწინააღმდეგოდ მინიმუმ 20 არგუმენტი შემიძლია დაგისახელო ფაქტებით. ან სულაც ეს წაიკითხე http://www.tabula.ge/article-1794.html

თომას დე ვაალის აზრი - ლოლ. დებატის თეორიაში არგუმენტის ტიპს, რომელსაც „კომპეტენტური პირის ნათქვამი“ ეწოდება, აქვს ორი სუსტი წერტილი. 1, - ეჭვი შევიტანოთ მის კომპეტენტურობაში (ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ - ვინ ჩემი... დე ვაალი) და 2, - ვიფიქროთ, რომ აღნიშნულ პირს ასეთი განცხადების გაკეთება ხელს აძლევს. თავადაც მოგეხსენება, რომ ორივე წერტილში ერთდროულად შემიძლია დაგარტყა.

არ აქვს აზრი ტექსტის აბზაც აბზაც განხილვას. ამაზე პრეზიდენტი გიპასუხებს. ლიბერტარიანული თეორია კი აბსოლუტურად სხვა რამ არის, ვიდრე სააკაშვილის პოლიტიკა და ტაბულას სვეტში სწორედ თეორიებზე იყო საუბარი და არა კონკრეტულ ფაქტებზე.

ვერცერთი არგუმენტი გაამართლებს შემდეგ აქსიომას: თუკი ხელოვნურად რამეს აკეთებ, რათა  ეს იდიოტი ხალხი შიმშილით დახოცვას გადაარჩინო, აკეთებ სხვა რამის ხარჯზე, ანუ აფუჭებ მეორეს ან რამდენიმეს ერთად. ახლა ადგები და იმათ გაასწორებ ასევე ხელოვნური ჩარევით, რითაც კიდე უფრო მეტს გააფუჭებ და ა.შ. გეომეტრიულად ამ აქსიომას წვერზე მდგარი პირამიდის ფორმა აქვს. უფრო დეტალურად გასაგებად იხილე ეს სტატია: http://clubofliberty.blogspot.com/2011/07/blog-post.html

ნებისმიერს შეუძლია გააკრიტიკოს მემარჯვენე თეორიები, რასაც ინტერესით წავიკითხავ და სიამოვნებით ვუპასუხებ. ნაც.მოძრაობის კრიტიკა და სულელი ევროპის იდეალად გამოყვანა კი აქ უადგილოა.

და ბოლოს, მარცხენით ყველაზე კარგი იმ ერთი საქმის კეთებაა, განმარტოებას და უხვ ფანტაზიას რომ მოითხოვს.

(c)აჩო ხაჩიძე

1 comment:

  1. რა ითხოვს კაცო განმარტოებას, საიდან მოიტანე ახლა ეს? :)

    ReplyDelete