Wednesday, July 3, 2013

ტოლერანტობის პრობლემები საქართველოში. (მცირე მიმოხილვა)

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რელიგიურმა ექსტრემიზმმა ახალი მწვერვალები დაიპყრო, რამაც რელიგიური, სექსუალური თუ სხვა უმცირესობების ჩაგვრა გაახშირა ყოველდღიურ პრობლემად წარმოგვიჩინა.
ფაქტია, ამის დასაბამი გახდა ნიგვზიანი, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც 17 მაისის ცნობილი მოვლენები გახდა. არსებობს პრობლემები ქვეყნის რეგიონებშიც, სადაც ლოცვისა და რელიგიური თავისუფლების უფლება ხშირად ირღვევა. ბოლო ფაქტი 4 დღის წინ სამთაწყაროში მოხდა.
ლოგიკურად, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მიმართ დაუსჯელობისა და უყურადღებობის ორი მთავარი მიზეზი უნდა არსებობდეს.
1 – მთავრობა ერიდება პოლიტიკურად ნაკლებად მომგებიან დაკავებებს და მხოლოდ აღვირახსნილ პოპულიზმზე ფიქრობს.
2 – მათ ეს არც აწუხებთ.
რელიგიური ექსტრემიზმი და რელიგიური შუღლის ასეთი სწრაფი გაღვივება სხვა არაფერია, თუ თეოკრატიულ სისტემად ჩამოყალიბებისკენ კიდევ ერთი გადადგმული დიდი და სწრაფი ნაბიჯი.
თეოკრატიაც თავისთავად არის სისტემა, სადაც რელიგიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი სრულად ან მაქსიმალურად არის წაშლილი. საქართველოს შემთხვევაში თეოკრატიული საწყისების ნიშნები რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინაშე ლმობიერებას და სახელმწიფოს უპირველესი ფუნქციის (დაიცვას თავისი მოქალაქეები ძალადობისგან) ატროფირებას ნიშნავს.
თეოკრატიულ სისტემებში ძალაუფლების ყველაზე მაღალი წერტილი რელიგიურია, განსხვავებით დემოკრატიულისა, სადაც იბადება და ვითარდება პლურალისტური განწყობები და საზოგადოებრივი ჯგუფები, რაც დღეს,  ქართულ რეალობას ჰაერივით ჭირდება.  მოკლედ და უტრირებულად რომ ვთქვა, თეოკრატიულია ქვეყანა, სადაც ყველა კაცი არის გიორგი გაბედავა, ხოლო ქალი ნანა კაკაბაძე.
რელიგიური ექსტრემიზმის ამგვარი განვითარებისა და ნეგატიური ასპექტების მიუხედავად, ქართულ რეალობას განვითარების პოზიტიური შესაძლებლობაც აქვს(სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში). ეს შეიძლება ითქვას 17-ს მოვლენებზე. 17-ში დაიწყო პოზიციების კრისტალიზება. ეს ერთის მხრივ ნიშნავს ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეების უფრო დემოკრატიულ საწყისებზე გადართვას, ძალადობრივი ინსტიტუტების მიმართ მეტი კრიტიკულობის გაჩენას და თეოკრატიული ფეტიშის მქონე მოძალადეთა ბოლომდე მარგინალიზებასა და რიცხობრივ, ასევე ხარისხობრივ შემცირებას. მეორეს მხრივ 17-ს მოვლენები ქართული საზოგადოებისთვისა და სახელმწიფოებრიობის ნამდვილი გამოწვევაა, ჩვენ ან გავყვებით დინებას და ვტრანსფორმირდებით თეირანად, ან მივიღებთ რეალურ სეკულარიზმს ან მასთან მიახლოვებულ სისტემას, თუმცა ეს მოხდება ნელა და საკმაოდ პრობლემურად.
სამწუხაროდ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისგან ყოველდღიურად ვხედავთ ძალადობისა და დანაშაულის ინფლაციას, განსაკუთრებით რელიგიური ნიშნით ჩადენლი  დანაშაულის მიმართ, რაც ახალისებს ჰომოფობიას, რელიგიურ შუღლს და არატოლერანტობას(როგორც ჩანს უკვე არაქართულ მოვლენას), რისგან შველაც მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ყველა დანაშაულის მიმართ კანონის ჩარჩოებში ქმედება და არავითარი შერჩევითი სამართალი.
ბოლოს, ჩემი მოკრძალებული სურვილია, თეირანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა გახდეს ბრძოლა რელიგიისთვის, ჭეშმარიტი ქრისტიანობისთვის და არა მის წინააღმდეგ.

No comments:

Post a Comment