“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.“
სალამი,
მე ილია ჭავჭავაძე ვარ, წმინდანად შერაცხული, საქართველოს დიდ მამულიშვილად წოდებული, შეუცდომელი, ქართული ენის, მამულისა და სარწმუნოების დამცველი, ქართველობის ქომაგი.
მე ვარ ის გმირი, რომელსაც ყოველთვის, ყველა ეპოქაში ასე დაფეთებით ელოდებით ქართველნი. მოვედი, ბევრი გელაპარაკეთ, დაგმოძღვრეთ, დაგანახეთ რომ უქნარები ხართ, გითხარით რომ ერთმანეთი უნდა გიყვარდეთ, შემწყნარებლები უნდა იყოთ. თქვენ კი...
კი ბატონო, წმინდანი ვარ... მაგრამ რა ჯანდაბად მინდა თქვენი მონიჭებული წმინდანობა, თუკი ჩემმა ცხოვრებამ მეტი ღირებული ვერაფერი მოგიტანათ, თქვენს დაბეჩავებულ ცხოვრებაზედ არ ჩაგაფიქრათ?! სიწმინდეს ადამიანები კი არა, ადამიანების მიერ ჩადენილი ქველი საქმენი მანიჭებენ.
არ გინდათ! არ ილოცოთ ჩემზე! კეთილი საქმე ჩაიდინეთ ჩემს სახელზე - მე ხომ ვამბობდი ამას, მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვამბობდი.
მე თუ ესეთი კარგი და მისაბაძი ვარ, ესეთი საამაყო ჩემი ერისთვის, ჩემს სახელზე ვედრება კი არ დაიწყოთ - არიქა ბიჭო, მაქედან შეგვეწიეო! - არამედ შეეცადეთ სწორედ იცხოვროთ. ჩემნაირად კი არა! მე რა, განა შეცდომები არ დამიშვია?!
რა თავში ვიხლი ამ წმინდანობას. ჩემსა და დანარჩენებს შორის ამ წმინდანობის გამო, იმხელა დისტანცია შეიქმნა, ვინმეს რო მოუნდეს ჩემი დაწყებული საქმე გააგრძელოს, ვერ შეძლებს! ეს დაბრალებული წმინდანობა შეუშლის ხელს და იმიტომ. ვერ დაეწევა, ვერ გაუძლებს ამ მონიჭებული სტატუსის მთელ სიმძიმეს. გამანებეთ თავი! არ მჭირდება თვენი დიდება! ჩემთვის დითირამბების მოძღვნას, საკუთარ აწეწილ ცხოვრებას მიხედეთ, მე ესე მირჩევნია, მე ესე მგონია საჭირო.
თუკი მართლა გგონიათ, რომ დიდებული ქართველი ვიყავი - ჩემი ანდერძი შეასრულეთ, გიყვარდეთ სამშობლო, დაიცავით ენა, მოუფრთხილდით ერთმანეთ, განადიდეთ ღმერთი და არა ადამიანები.
ტირილსა და გოდებას არ მოჰყვეთ, არაფერი გვეშველებაო და არც ახალ გმირს ელოდოთ, რომელიც აგაშენებთ! თქვენ თვითონ მიხედეთ საქმეს, ხელები გაანძრიეთ, ტვინი აამუშავეთ!
მიიღეთ განათლება. აბა მე სულელი კი არ ვიყავი, რუსეთში რომ განათლების მისაღებად წავედი. სხვა რა მექნა - თბილისს არ გავცილებოდი და გაზეთებში მეწერა? მყარი საფუძველი ხომ უნდა მქონოდა, რომ მერე ჩემს სამშობლოს გამოვდგომოდი.
ჩემს დროს ბევრი რამე უნდა გცოდნოდა, რომ გარემომცველი სამყაროს ბუნება გაგეგო, დღეს კი - უფრო მეტი გჭირდებათ, უფრო მეტს ითხოვენ გარემოებანი თქვენგან. მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა საკმარისი არაა, ეს უკანასკნელი იარაღია უფრო მეტის გასაგებად, მეტის შესაცნობად. მაშ რატომ გეზარებათ? რატომ არ ცდილობთ და რატომ მელოდებით?
აკი ვამბობდი:
„შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“
ცოდნისა და ხერხის ეპოქაში ცხოვრობთ და მაინც კუნთებზე იყურებით, სხვანი კი ამ დროს სწავლობენ, ეცნობიან, იგონებენ...
ჩვენსავე ნაკლოვანებებზე თვალების დახუჭვა გვჩვევია და ვეღარ ვხედავთ ჩვენს სნეულებათა გამომწვევ მიზეზებს. ვინმე სიმართლეს იტყვის და მყისვე ერის მოღალატეებად აცხადებთ! თუკი მე წმინდანი ვარ, გამოდის ყველამხრივ სწორად მიცხოვრია და რაც კი მითქვამს - სწორად მითქვამს. მაშ რატომ არ გჯერათ ჩემი? მაშ რატომ ერჩით მათ, ვინც თქვენზე ზრუნავს, მიგითითებთ რა თქვენსავე ნაკლოვანებებზე? რატომ სდუმხართ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე? რატომ არ აღიმაღლებთ ხმას საზოგადოებაში არსებულ ანომალიებზე? რატომ ხართ შემწყნარებლები ლოთების მიმართ და რატომაა თქვენთვის მისაღები უსაქმურობა? ნამუსს მოუხმეთ, თქვენს გულებში ჩაიხედეთ და ჰკითხეთ - რა მჭირს, რას არ ვაკეთებ ისე, როგორც საჭიროაო. იყავით თვითკრიტიკულნი და აღმოაჩინეთ შეცდომები, რადგან თუ არ დაფიქრდით, ვერც ვერაფერს გაიგებთ და მითუმეტეს ვერ გამოასწორებთ. შეცდომასა და ანომალიას, პირველ რიგში, აღმოჩენა და დანახვა სჭირდება, მხოლოდ შემდეგ კი - მკურნალობა. განა მე არ გითხარით:
„სინანულიც კაი საქმეა, კაი საქონელია, თუ მართლა საგონებელში რაშიმე ჩავგაგდო და ნამუსი და სინდისი თავისის უტყუარის სასწორით ხელში კარზე მოგვაყენა ჩვენდა განსაკითხავად. განკითხვა თავისის თავისა ბევრს მიზეზს დაგვანახვებდა ჩვენის უბედურებისას“
იმას კი არ ვამბობ, რაც მითქვამს ყველაფერი იწამეთ და განუსჯელად მიიღეთ თქო - პირიქით! შენიშვნები დაწერეთ, შეასწორეთ, ახალი მოიფიქრეთ რამე!
თქვენი დაბნევა კი არ მინდა, მსურს რომ საგონებელში ჩავარდეთ და თუ მართლა მნიშვნელოვანია თქვენთვის ჩემი საქმენი, კიდევ ერთხელ გადახედეთ მათ და მერე, როგორც საჭიროდ ჩათვლით, ისე მოიქეცით. მე წმინდანი კი არა, ერთი უბრალო ქართველი ვიყავი, რომელიც სამშობლოზე და თანამემამულეებზე მართლა ფიქრობდა.
ქართველები უნიკალური ერი ვართ, მუდამ დამარცხებულები, მაგრამ მუდამ ამაყები. თითქოსდა ვალი ქონდეს სამყაროს ჩვენს წინაშე ისე მოგვაქვს თავი და ისე ვიქცევით...
საოცარია, საიდან გვაქვს ესოდენ საზიზღარი განდიდების მანია და სხვების დაკნინების სრულყოფილებამდე მიყვანილი, უზადო უნარი.
უბედურებაა ის, რომ დღემდე ივერიის გაბრწყინების გვჯერა. არა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს მამაცხონებული ივერია თავისით გაბრწყინდება? ალბათ არა.
და რას ვაკეთებთ ყოველივე ამისათვის? არც არაფერს. დავმსხდარვართ და არხეინად წამოკოტრიალებულები ველოდებით აგრერიგად სანატრელ გაბრწყინებას. რატომ არ გავბრწყინდით აქამდე? ამას ხომ ბევრი მიზეზი აქვს - მონღოლებიდან დაწყებული, თურქ-სელჯუკების ბატონობით გაგრძელებული, რუსეთის იმპერიის დომინაციამდე.
გამართლებას ყოველთვის ვპოულობთ. რა ქნას ქართველმა, მაშინ როდესაც გარეშე ფაქტორები საშუალებას არ აძლევენ მას განვითარდეს?
აბა ერთი შევხედოთ, როგორ გამითვალისწინებთ, როგორ შეასრულებთ ჩემს თხოვნას...
ბრმად დაჯერება და მიყოლა, ყველაზე საშინელი სენია, რაც კი ქართველებს არსებობის მანძილზე შეგვყრია. დაბნეულ ცხვრის ფარასავით, ხან ერთ მხარეს გავფლატუნდებით, ხან მეორე მხარეს მივიქცევთ პირს, სანამ ცხვარზე უფრო იდიოტი თხა არ გამოჩნდება და იმ მწვანე მდელოსკენ არ წაგვიყვანს, სადაც მგლების ხროვაა დაბანაკებული.
დღემდე ის ცხვრები ვართ, რომლებიც მგლების ხროვისკენ მივემართებით იდიოტი თხის წყალობით და ამ თხას დღემდე მოწიწებითა და უდიდესი პატივისცემით, ერთხმად ვადიდებთ: "Ave Imperator, morituri te salutant"
No comments:
Post a Comment