Tuesday, March 8, 2011

90-60-90

დილის გაზეთი მომიტანეს. პირველსავე გვერდზე გამოტანილმა სკანდალურმა ცნობამ ჩემი აღშფოთება გამოიწვია. 
-ხედავთ, სტანდარტების დარღვევით აპირებდა უმაღლესი კომისრის პოსტის დაკავებას!? საშინელებაა!- წამოვიძახე და შევუერთდი კურიერის სამართლიან კრიტიკას. ბევრი ვისაუბრეთ. ამ ხმაურზე ნანული დეიდა გამოვიდა და რაღათქმაუნდა მანაც გაიზიარა ჩვენი სამართლიანი აღშფოთება. 
საქმე იმაშია, რომ ეს სუბიექტი, ერთ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ახლა კი მთავრი კომისრის შტატზე განაცხადის შეტანის დროს გამოააშკარავეს. თურმე, სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებში ვერ ჯდებოდა და საბუთი გაუყალბებია. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მასთან ერთად, სახელმწიფო კომისიის სამართლის დამდგენი ჯგუფის ხელმძღვანელი და რამოდენიმე ჩინოვნიკიც დაუკავებიათ. ჰმ! ეგონა, რადგან ერთ დროს პრეზიდენტი იყო გაუვიდოდა საერთო სახალხო მთავრობის მიერ დადგენილი წესის დარღვევა... აღმაშფოთებელია პირდაპირ. კიდევ კარგი კარგად მუშაობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მდგრადად განვითარებული საზოგადოების სამინისტრო. არა, მართლა ძლიერი მინისტრი გვყავს! ტყუილად არ მიმიცია ხმა 2013-ში. 
გადავკეცე გაზეთი და სახლში შევედი. დანარჩენს საღამოს წავიკითხავ, დღეს კი მნიშვნელოვანი დღეა. მნიშვნელოვანი გასაუბრება მელოდება ამ დღეებში სამსახურში მოსაწყობად. ეხლა სტანდარტების სახელმწიფო სამსახურში შესაბამისი შემოწმება უნდა გავიარო, საკმაოდ ადვილი ტესტირებაა ჩემის აზრით, ტყუილად ყვირის ზოგიერთი ვაი მოქალაქე, რომ არასწორი სტანდარტებია და გართულებული ტესტებიო. ესწავლათ და ასე აღარ იტყოდნენ... კეთილი ინებონ და იმუშაონ საკუთარ თავზე, მე რა, მეხალისებოდა დღეს და ღამეს რომ ვასწორებდი და სტანდარტის მისაღებად მოვემზადე?
საბუთები წინა სამსახურიდან წამოღებულ საქაღალდეში ჩავდე, გადავამოწმე კიდევ ერთხელ რომ ყველაფერი მაქვს, სახლიდან გამოსვლის დროს სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედა და საკუთარი თავით კმაყოფილი და თავდაჯერებული გამოვედი ქუჩაში. 
სტანდარტების ეროვნული ცენტრის შენობიდან დაპატარავებული გამოვედი. იმედგაცრუებული და გარშემომყოფების თვალთახედვიდან მოშორებას ვცდილობდი. ეს რა უბედურება დამემართა! რატომ მაინცდამაინც მე? ღმერთო ჩემო! ვერა, ვერ მივიღე სამსახურის დასაწყებად აუცილებელი, ეს ნანატრი დოკუმენტი. ვეღარც ვფიქრობ, საღად აზროვნების უნარი წუთით დავკარგე კიდეც, დროის შეგრძნებაც... რა მოხდა? რა დამემართა? სად დავუშვი შეცდომა? სად გამომეპარა და რა? 
შორეულ წარსულში დავბრუნდი...... წუთით ვინატრე რომ ეს სტანდარტი არ ყოფილიყო საჭირო. თან უცებ აქეთ-იქით მიმოვიხედე, თითქოს შემეშინდა, რომ ჩემი ფიქრი არავის გაეგო... რა მეშველება! ალბათ მეც სპეციალურ ზონაში გადამხიზნავენ. რა საშინელეებააა.
უცებ გამახსენდა მოდისა და თანამედროვე ჰაბიტუსის ეროვნული განვითარების სამინისტროში ახლობელი მყავს, იმისგან ვიცი რომ ადგილი აქვთ - კონსულტანტის ვაკანსია. იქ სხვა სტანდარტები არსებობს... ხო,ხო! ეს რატომ არ გამახსენდა.... გავიქეცი სახლში და არავის გავუმხილე ის სირცხვილი რომ .... არავის! არა, ამას არ ვიტყვი. სანამ საყოველთაო სტანდარტიზაციის ვადა არ ამოიწურება, მანამდე არ ვიტყვი. მერე ისედაც ყველას ეცოდინება გვარები. ღმერთოჩემო, ოღონდ ამ სიაში არ მოვხვდე. ოღონდ იმ სამარცხვინო დაფაზე ნუ იქნება ჩემი სახელი და გვარი და მზად ვარ რწმენისა და ქვეყნის გაბრწყინების უზენაეს სამინისტროში, ჩემი პირველი ხელფასი საკუთარი ინიციატივით შევიტანო.... მზად ვარ სავალდებულო საყოველთაო მარხვა ჩუმად აღარ დავარღვიო და უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, სოჭისა და ვლადიკავკაზის მიტროპოლიტის, ტაო-კლარჯეთისა და ერთმორწმუნეთა უცვლელი სულიერი მამის სახელს ვემთხვიო. მზად ვარ მოვინანიო, ის ცოდვა, შარშან სრულიად ქართველთა საყოველთაო მარხვა რომ დავაღვიე და მერე აღიარების კომიისიის წინაშეც რომ დავმალე...
მომზადებული ვარ. მგონი კარგად გამოვიყურები, თან როგორც ვიცი ასაკობრივი ზღვარი ჯერ არ გადამილახავს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ წარმატება მელის. გული კი მწყდება, ვიცი უფრო მეტი შემიძლია, მაგრამ ეხლა მთავრია რომ სტანდარტიზაციის ეროვნული დოკუმენტის დახურვამდე გავიარო ეს პროცედურა, თორე მერე 18 წელის შემდეგ მომეცემა ამის საშუალება. მანამდე სპეციალურ ზონაში მომიწევს გადასვლა. ო, ამის გაფიქრებაც არ მინდა... არადა რამდენი ჩემი ნაცნობი და მეგობარი მოხვდა იქ. არა, იმათ ბედს ვერ გავიზიარებ! 
90-60-90-ზე!
ყურებჩამოყრილი ვზივარ ეროვნულ პარკში მდგარ, სპეციალურად დაღონებული მოქალაქეებისთვის მიჩენილ უბანში განთავსებულ სკამზე.... ნუთუ ასეთი გამხდარი ვარ? მეგონა კარგად გამოვიყურებოდი... სულ 2 სანტიმეტრი დამაკლდა 90-ს. უიმედო და სასოწარკვეთილი, ცრემლიც კი გამიშრა. ისევ ის სცენა მიდგას თვალწინ - ჩემი ნაცნობი ნიშნისმოგებით მაჩვენებდა მიღებულ სერტიფიკატს... ოო რა სანატრელი იყო ეს ცისფერი ფურცელი...სახელმწიფო კომისიის ოვალური ბეჭედი, ახალი ქაღალდის სუნი.... 
ეხლაც დავპატარავდი. მოვიხარე, მოვიხარე, მოვიბუზე და სადღაც დადგენილი სიმაღლის შუაში შევჩერდი. მობუზული თვალცრემლიანი, გარშემო ჩემსავით დაპატარავებული ადამიანები იდგნენ....მათი უბედურების სუნმა შემაშინა. ბაღის ამ კუთხეში უიმედობა იდგა, ჰაერიც ამ უიმედობით სავსე, მძიმე იყო და ფილტვებს მტკივნეულად ჩხვლეტდა.
ერთადერთი რაც დამრჩენია სუპერ ბებიასა და სუპერ ბაბუას კონკურსზე გასვლა, იქ ასაკობრივი ზღვარიც არ არის; ეს ბოლო შანსია ყველასთვის ვინც სტატნდარტიზაცია ვერ გაიარა. ბევრმა ადამიანთმა თქვა უარი ამ შანსზე. მე რას ვიზამ? 
გამახსენდა, ერთი კაცი. ძალიან მიყვარდა. სიცოცხლეზე ძალიან. ეს დიდი ხნის წინ იყო. ის თავისუფლებისთვის იბრძოდა. მან სტანდარტის კომისიის წინაშე საჯაროდ თქვა უარი ამ პროცედურაზე. დიდი სკანდალი იყო. გაზეთები, ტელევიზიები, ყველა ამაზე წერდა. საზოგადოების გაკიცხვა მას არასდროს აკლდა. ახლა სპეციალურ ოლქში, სამხრეთ საქართველოში მდებარე უსაფრთხოების და მეორე ხარისხოვან მოქალაქეთა სპეციალურ ზონაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ სტანდარტებში მაინც ვერ ჩაეტეოდა, ის პრინციპის გამო მოიქცა ასე. ეხლა დავფიქრდი და მივხვდი რომ მე მას ვუღალატე. 
ეზოს კარის გასაღები მუნიციპალური განვითარების და ქონების აღრიცხვისა და ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურს ჩავაბარე. ყველაზე აუცილებელ ნივთებთან ერთად, უსარგებლო, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი რამდენიმე ნივთი მედო ლურჯ ჩემოდანში. მხარზე - ყვავილებიანი ჩანთა, ქალისთვის აუცილებელი და ნორმანული ადამიანისთვის უსარგებლო ნივთებით გამოჭედილი. თმები ქერად გადაღებილი მქონდა და მივაბიჯებდი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ და ადგილობრივი სტანდარტითვე აღიარებულ, ახლად დაგებულ ქუჩაზე. რომლის ბოლოშიც, ჩემი ადგილი მეგულებოდა. ვიცოდი, იქ იყო ადამიანი ვინც ძალიან მიყვარდა. მისმა ძველმა მეგობრებმა არ დაივიწყეს და დიდი ,,ჩალიჩის'' ფასად, სამეცნიერო მოღვაწეობის უფლება მოიპოვეს მისთვის. მართალია შეზღუდული არეალით და უფლებებით, კვლევები მხოლოდ მცენარეებზე ჩატარების უფლებით, მაგრამ ჩვენს დროში ესეც კარგია სტანდარტებში ვერჩატეული ადამიანისთვის.
მივუახლოვდი დახურული ზონის ჭიშკარს, რომელიც მაღალი, გამჭირვალე მესერითა და ეკლიანი მავთულხლართებით ძალიან საშინელი ჩანდა, მაგრამ დავინახე მწვანე მინდორი, რომელიც არანაირ სტანდარტში არ ჯდებოდა. დავინახე ჩემი მეგობარი, წინსაფრით და სამკლაურებით შემოსილი, მცენარეების უცნაურ კვლებში რომ დადიოდა. ვიდექი და ვუყურებდი გალიაში საგამოფენო ეგზემპლიარივით ჩაკეტილ მწვანე თავისუფლებას, რომელიც სტანდარტული სამყაროს ანომალია იყო.


(c) ეკა ექიზაშვილი, 2011 წ. 

1 comment:

  1. ივანე კოპაძეMarch 8, 2011 at 7:36 AM

    მშვენიერი პოსტია. ინდივიდუალიზმი - ეს არის თანამედროვე საქართველოს დეფიციტი, რომელიც უმრავლესობისგან იდევნება

    ReplyDelete