Monday, March 5, 2012

ფუნდამენტური უფლებები და წესები

სამყაროს, რომელშიც ადამიანები არსებობენ, ახასიათებს საკუთარი წესრიგი, რომელიც გარკვეულ კანონებს ემორჩილება. ამ სამყაროში, ადამიანები სიცოცხლის ყველა ნაცნობ ფორმაზე აღმატებულად თვლიან თავს. ეს სამყარო მრავალფეროვანი და განსხვავებულია, თუმცა არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც, რაიმე ფაქტორის გამო, მის ნებისმიერ ელემენტს სხვა დანარჩენზე აღმატებულად გამოარჩევდა. მიუხედავად ამისა, ადამიანებმა, საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მოიფიქრეს სუბიექტური კრიტერიუმი და მას უფლება დაარქვეს.
ნებისმიერი უფლება, ჩემი აზრით, ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:
  1. უფლებას უნდა ჰყავდეს გამცემი ანუ უფლების მიმნიჭებელი
  2. უფლებას უნდა ჰყავდეს მიმღები ანუ უფლების მფლობელი
უფლება, მისი არსიდან გამომდინარე, სხვა არაფერია თუ არა რთული ევოლუციური მექანიზმი, რომელიც ყველაზე ფუნდამენტურ ინსტინქტს - თვითგადარჩენას ემსახურება. ევოლუციის პროცესი კი ხელს უწყობს ნებისმიერ ფაქტორს, რომელიც თვითგადარჩენას და გარე სამყაროსთან ურთიერთობას აიოლებს; ადამიანთა უფლება, იბატონოს ცხოველებზე, მომდინარეობს ადამიანთა აღმატებულებიდან და ამ უფლების ფარგლებში მათ შეუძლიათ ნებისმიერი ქმედება და უმოქმედობა განახორციელონ. ძალზედ მნიშვნელოვანია უფლებანი, რომლებიც უშუალოდ ადამიანთა შორის არსებობენ; ასეთები კი, დიდი ხანია არსებობენ და ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად იხვეწებიან.

საზოგადოებაში, ანუ ადამიანთა ერთობაში, არსებული უფლებები მეტად საინტერესოა. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს სურთ იყვნენ საკუთარ უფლებათა საწყისები ანუ თავის-უფალნი, ნებისმიერი ორი ან მეტი ადამიანისგან შემდგარი ერთობა, ჩვენი განსხვავებულობიდან გამომდინარე, თავის თავში მოიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილების სიმრავლეს. ამიტომაც, თუ ჰარმონიული არსებობა გვსურს, უნდა დავაკვირდეთ ერთმანეთს და ისეთი ზნეობრივი კანონები მოვიფიქროთ, რომლებიც ამ ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილებს საუკეთესოდ შეუხამებს ერმანეთს; რაც უფრო მეტ უფლებებს მივცემთ ერთმანეთს, მით მეტი პრობლემები შეგვექმნება ერთმანეთთან თანაცხოვრებისას - ახალი წესის დამატება, ავტომატურად ნიშნავს გაზრდილ წესების სიმრავლეს; ცხადია ამ წესთა,ნებისმიერი ქმედების თუ უმოქმედობის შედეგად, დარღვევის ალბათობა მეტია, ვიდრე ახალი წესის დამატებამდე იყო. ამიტომაც, თუ ჩვენი მიზანი მშვიდობიანი თანაცხოვრებაა, უნდა დავთანხმდეთ ისეთ წესებს, რომლებიც ადამიანებს მიანიჭებენ ისეთ უფლებებს, რომელთა ფარგლებში მოქმედება ან უმოქმედობა გავლენას მხოლოდ ამავე უფლების მფლობელზე მოახდენს. სხვა შემთხვევებში ანუ იმ დროს, როდესაც ერთ პიროვნებას, დადგენილი წესების მიხედვით, მინიჭებული აქვს უფლება სხვის უფლებათა საზღვრებში შეიჭრას, ვიღებთ მდგომარეობას, რომელიც დასაწყისშივე კონფლიქტურია, რაც, თავისმხრივ, ჩვენს მიზანს - მშვიდობიან თანაცხოვრებას უქმნის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მინიმალური უფლებანი, რომლებიც ჩვენს ფუნდამენტურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებენ.

სიცოცხლე პიროვნებაში იწყება და პიროვნებაშივე მთავრდება. სიცოცხლის უფლების საწყისიც და მფლობელიც თავად ადამიანია, ანუ მას შეუძლია ამ უფლების ფარგლებში, საკუთარი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა განახორციელოს. სიცოცხლე დროში გაწელილი პროცესია, რომელიც მიმართულია პიროვნების არსებობის გაგრძელებისკენ ანუ მე-ს შენარჩუნებისკენ. იქიდან გამომდინარე, რომ მე კონცეფცია საკუთარი თავის ფლობა ანუ თავის-უფლებაა - სიცოცხლის უფლება საკუთარი თავის ფლობის ანუ მე-ზე საკუთრების უფლებაა. 

მოსაზრება, რომ ჩვენივე თავების მფლობელნი ვართ, მივიღოთ წინაპირობის გარეშე და შევთანხმდეთ რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“. რაც შეეხება პრეტენზიას ჩვენი არსების გარეთ არსებულ გარემოში საგნების ფლობაზე - მას უნდა მოვუძებნოთ ფლობის საფუძველი, რაც მასზე დასაკუთრების უფლებას მოგვცემდა. ასეთ ფლობის საწყისი შრომა გახლავთ, ენერგია რომელიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია და რომლის გახარჯვის შემდეგ მიღებული შედეგიც ჩვენი ხდება. ეს ჩემია - რადგან მე ეს შევქმენი, მასზე ენერგია დავხარჯე, გახლავთ ზნეობრივი ბაზისი საგნებზე საკუთრების უფლებისა.

რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ რომ ვფლობთ საგნებს, რომელთა მოპოვებაზეც გავისარჯეთ ან შევქმენით ისინი? დავუშვათ, რომ ვფლობთ ერთ კილო სიმინდს. ჩვენ შეგვიძლია ეს სიმინდი დავფქვათ, მისგან რაიმე გამოვაცხოთ, მეგობრებს ვუწილადოთ, საერთოდ არ გამოვიყენოთ, გავყიდოთ, გადავცვალოთ ან ყანის დამუშავებისთვის ვინმეს ჯამაგირად მივცეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენივე საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი რესურსის განმკარგავნი თავად ვართ ანუ თავისუფლები ვართ მის განაწილებაში. ჩვენი საკუთრების განაწილების უფლებაში ჩარევა, პირდაპირ ნიშნავს საკუთრების უფლების დარღვევას; როდესაც შრომის ნაყოფების, თუნდაც ნაწილობრივ, მითვისებას  რეგულარული ხასიათი (მაგალითად: მაღალი გადასახადების საშუალებით) ეძლევა, ადამიანები ვკარგავთ ინტერესს შრომისადმი, რადგან მისი შედეგები, რომლებიც სრულიად სამართლიანად გვეკუთვნის, სხვის საკუთრებაში გადადის. 

მსჯელობიდან გამომდინარე, ადამიანის ფუნდამენტური უფლება საკუთარ თავზე საკუთრების უფლებაა, რომელიც გახარჯული ენერგიის შედეგად მიღებულ ნაყოფსაც მოიცავს. შესაბამისად, მაქსიმალური ზღვარი საკუთარი თავისუფლებისა, რომელიც წესის სახით უნდა მივიღოთ, სხვა ადამიანის საკუთრების უფლება ანუ თავისუფლება გახლავთ. საკუთრების სურვილისამებრ განკარგვა, საკუთრების უფლების განუყოფელი ნაწილია ე.ი. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემდეგ მიღებული შედეგი , რომელიც ერთი ან მეტი ადამიანის საკუთრების უფლებას, ნებაყოფლობით, ერთ ან მეტ ადამიანს გადასცემს, ტოლფასია საკუთარი შრომის ნაცვლად მიღებული შედეგებისა.
ცხადია, რომ ჩვენი მიზნის - მშვიდობიანი თანაცხოვრების მისაღწევად ეს პრინციპი საუკეთესოა. თუკი ჩავუღრმავდებით, მივხვდებით რომ საკითხის ასეთი ხედვა დღევანდელობაში არსებულ ბევრ პრობლემას აგვარებს, მაგალითად: 

  1. ყბადაღებულ უფასო განათლების პრობლემას, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანთა საკუთრების უფლებაში შეჭრას, რადგან უფასო განათლების მიღების უფლება, სხვათა ხარჯზე უფასოდ სწავლას ნიშნავს. განათლების მიღების უფლება კი, თვისობრივად სხვა შინაარსის მატარებელია; იგი გულისხმობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განათლება მიიღოს (საკუთარი ძალისხმევით მიიღოს ან არ მიიღოს და სხვისგან ნებაყოფლობით მიიღოს ან არ მიიღოს) იმ მაქსიმალური საზღვრის ფარგლებში, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ. 
  2.  ე.წ. უმცირესობათა უფლებების პრობლემას. ჩვენი პრინციპის მიხედვით, უმცირესობებს არ უნდა გააჩნდეთ პრივილეგირებული უფლებანი, რადგან ამ შემთხვევაში, ესეთი უფლებების არსებობა, სხვათა თავისუფლებაში შეჭრა გამოდის. 
  3. შრომის უფლების არასწორი ინტერპრეტაციის პრობლემას. ქართველ პროფკავშირელთა და მემარცხენეთა მიხედვით შრომის უფლების გაგება, პირდაპირ ნიშნავს საკუთრების განკარგვის უფლებაში ჩარევას (მაგალითად: მინიმალური ხელფასის კონცეფცია).
(c) საბა ჯაჯანიძე 2012 წ.

    11 comments:

    1. საბა, ძალიან საინტერესო სტატიაა. დამაფიქრა ბევრ რამეზე, დიდი მადლობა მართლა... თავს უფლებას მივცემ ჩემი შეხედულება გამოვთქვა ერთი საკითხის შესახებ – ისევ და ისევ მეცნიერების განვითარების სურვილით...
      ანუ, როგორც ვიცით წარმოებისთვის საჭიროა 3 ფაქტორის ერთობლიობა: LAND (ამ ეკონომიკურ ტერმინში იგულისხმება არა მარტო მიწა, არამედ ზოგადად ბუნებრივი რესურსები, ანუ ყველაფერი რაც ბუნებამ შექმნა და არა ადამიანმა), LABOUR (ადამიანური შრომითი რესურსი), CAPITAL (ეს ბევრს მარტო ფული ჰგონია, მაგრამ ეს ეკონომიკური ტერმინი უფრო ფართოა და მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ წარმოების საშუალებებს, ანუ შენობებს, ჩარხებს და ფულსაც). თუ დავუკვირდებით კარგად, LAND და CAPITAL ფუნდამენტალური საკითხია და ტერმინებს თუ არ ავურევთ, მივხვდებით რომ ადამიანი ქმნის შენობას და არა ბუნებრივ რესურსს ანუ მიწას. და შესაბამისად სტატიის ლოგიკაც ესაა, რომ ადამიანს სრული უფლება აქვს მის საკუთრებად ჩათვალოს, ან მოითხოვოს რომ მის საკუთრებად აღიარონ ის შენობა რაც მან შექმნა. მაგრამ მიწა არავის შეუქმნია ბუნების გარდა და ამიტომ მასზე საკუთრების უფლება მთელ საზოგადოებას შეიძლება ქონდეს, და უნდა ქონდეს კიდევაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზის გამო: მიწის და ბუნებრივი რესურსის "ღირებულებას" ქმნის მთელი საზოგადოება ერთიანად, და არა ცალკეული ადამიანი... ასე რომ საბა, აბრაამ ლინკოლნის და ჰენრი ჯორჯის არგუმენტი ეს იყო სწორედ – რომ მთელი საზოგადოება უნდა ფლობდეს მიწას და ბუნებრივ რესურსებს (და სწორედ ყველა ერთად უნდა ირებდეს ეკონომიკურ ქირას RENT ამ რესურსებისგან), ხოლო წარმოების საშუალებები რომლებიც ადამიანის მიერ შექმნილია, უნდა იყოს იმ ადამიანის თუ სახელმწიფოს საკუთრებაში ვინც შექმნა ის (და მფლობელს აქვს უფლება ქირა გადაახდევინოს სხვებს ამ საკუთრებით სარგებლობისთვის!). ანუ თუ საგზაო ინფრასტრუქტურას თუ სახელმქიფო აშენებს, სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს, თუ კერძო ინდივიდი (როგორც მალაიზიაშია მაგალითად), მაშინ ეს ინდივიდი უნდა ფლობდეს გზას, და ახდევინებდეს რენტას მომხმარებელს...
      დაბოლოს – ის ვინც სწორად გაიაზრებს ამ არგუმენტებს, ის ალბათ დამეთანხმება, რომ ყველაზე სამარტლიანი პოლიტიკურ ეკონომიკური წყობაა "კაპიტალიზმის და კომუნიზმის ჰიბრიდი", როდესაც ბუნებრივ რესურსებს უნდა ფლობდეს მთელი ერი, ხოლო წარმოების საშუალებებს ის ვინც მათ ქმნის... და ეს არის "ლინკოლნის მოდელი", და მის გარკვეულ ვარიაციას ცდილობს ახლა ჩინეთი, თუ საკითხს ძალიან განვაზოგადებთ...
      პ.ს. (ალბათ მიხვდი ვინც წერს ამ კომენტებს, ანონიმურად რომ ვუთითებ ეს პროფილის ბრალია :)

      ReplyDelete
    2. და კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას. ვინც მიცნობს იცის რომ რამდენიმე წელი ვცხოვრობდი შვედეთში და რამდენიმე წელი ინგლისში, როგორც მეცნიერი ვიკვლევდი ურბანული დაგეგმარების საკითხებს და მიწის და სახლების ღირებულების ცვლილებებს ლონდონსა და სტოკჰოლმში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით შეცვლილს: მეტროს ახალი ხაზის აშენებით (ლონდონში) და წრიული საგზაო მაგისტრალის აშენებით (სტოკჰოლმში). აი ამ კვლევების შედეგებმა ჩემთვის იმ დროისათვის გასაოცარ დასკვნებამდე მიმიყვანა, ანუ 5 წლით ადრე სანამ წავიკითხავდი ჰენრი ჯორჯის შესახებ, და 10 წლით ადრე სანამ მოვიხიბლებოდი აბრაამ ლინკოლნის განვითარების მოდელით... ეს ფაქტი ერთ რამეზე მეტყველებს ჩემი აზრით: ანუ იმ ორი გენიალური მოაზროვნის დასკვნები ლოგიკურია და სამართლიანობას ეყრდნობა საფუძვლად, ისევე როგორც ჩემი კვლევის მიზანი იყო (დამოუკიდებელი ექსპერტი ვიყავი და არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ სხვა ძალა არ მიფინანსებდა ჩემს დამოუკიდებელ კვლევას, ანუ შანსი მქონდა ობიექტური ვყოფილიყავი)...
      შვედეთში ბინების 90%–ს ადამიანები ქირაობდნენ, ინგლისში დაახლოებით ამდენივე პროცენტი მოსახლეობისა თვითონ ფლობდა იმ ბინას სადაც ცხოვრობდა (ეს იყო შედეგი რეიგან–ტეტჩერის მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებისა, რომ ასე გამხდარიყო)...
      შვედების ეს ერთი შეხედვით უცნაური სისტემა შემდეგ ლოგიკას ემყარებოდა: კანონმდებლობა უპრეცედენტო უფლებას ანიჭებდა იმ ადამიანს ვინც ქირაობდა, ანუ მას ქონდა როგორც უწოდებდნენ "Rent security". შვედები ასაბუთებდნენ, რომ თუ ადამიანს ეს უსაფრთხოების განცდა ექნებოდა, მას აღარც კი მოუნდებოდა ბინის ყიდვა, რადგან ქირაობა უფრო იაფიც გამოდიოდა და ბევრად უფრო ურისკოც. ამან დამაფიქრა მაშინ და გირჩევთ თქვენც დაფიქრდეთ...
      GDP–ს მიხედვით შვედეთი და ბრიტანეთი დიდად არ განსხვავდებიან, ორივე საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა. განსხვავება იდეოლოგიაშია. ორივე ქვეყანაში მოსახლეობა ყოვეთვე იხდის ფულს მაინც: შვედეთში ამას "ქირა" ქვია და მიდის იმ ბინის მესაკუთრის ჯიბეში ვინც ბინა ააშენა და ფლობს (ანუ სახელმწიფო, ან კერძო კომპანია). ხოლო ინგლისში ამას ქვია "იპოტეკური სესხის მომსახურება", რაც მიდის ბანკთან...
      შედეგი კი ერთი შეხედვით ასეთია: შვედეთში ბინების ფასები გაცილებით სტაბილურია, მინიმალურია სპეკულაცია უძრავი ქონების ფასებზე, და ფასები იზრდება საშუალოდ 2–4%–ით წელიწადში... ინგლისის (და ამერიკის) უძრავი ქონების ბაზარი კი კლასიკური მაგალითია BOOM + BUST ციკლებისა. ზოგი მფლობელი ძალიან ბევრს იგებს ამის გამო. მაგრამ ყველაზე მეტად იჩაგრება ბინის ეგრეთ წოდებული "პირველი მყიდველი", როგორ წესი ახალგაზრობა, რადგან ფასები ბინებია ბევრად უფრო მაღალია ვიდრე რეალური ხელფასები.
      რომელი სისტემა ჯობია???
      მე პირადად შვედური სისტემა უფრო მომწონს როგორც მეცნიერს (მიუხედავად იმისა რომ სამშენებლო ბიზნესი მაქვს).

      ReplyDelete
    3. 1) ბესო, ჩემი აზრით, ფუნდამენტურად არასწორ დაშვებას აკეთებ. როდესაც ვამბობ - ჩვენი არსების გარეთ არსებულ გარემოში საგნებს ფლობის საფუძველი შრომა და დახარჯული ენერგიაა, ცხადია ვგულისხმობ მიწასაც. დამისახელე მატერიალური საგანი ჩვენს რეალობაში, რომელიც არაფრიდანაა შექმნილი - ცხადია ნებისმიერი მატერიალური არტეფაქტი, ბუნებაში არსებული რესურსებიდან იქმნება; ასე რომ, შენი ლოგიკა, თითქოს მიწა და ბუნებრივი რესურსები, იმის გამო, რომ ბუნების ქმნილებანი არიან, საზოგადო საკუთრებაში უნდა იყვნენ - არასწორია.
      2)რაც შეეხება კომუნიზმისა და კაპიტალიზმის ჰიბრიდს, ეს უტოპიაა - ამის კარგი ანალოგია იქნება ცეცხლი და წყალი, რომელთაც ერთ სივრცეში ერთდროული არსებობა არ შეუძლიათ.
      3) სახლის ფასებზეც არ გეთანხმები. შენეული ინტერპრეტაცია ფასისა, თვისობრივად განსხვავდება მისი ბუნებისგან. ფასი - ეს არაა მუდმივა, რომელიც არასდროს იცვლება; არავის შეუძლია თქვას რა არის სამართლიანი ფასი ყველასთვის რაიმე საქონელზე - ფასი ინდივიდებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული და არა ვიღაც აბსოლუტურ გონზე. ანუ ფასი მუდმივად ცვლადი სიდიდეა.

      ReplyDelete
    4. საბა ისე მტკიცედ ხარ დარწმუნებული შენს სიმართლეში, რომ ძნელია გადაგარწმუნო... ფასი სხვადასხვანაირად იქმნება და იცვლება სხვადასხვა ტიპის ბაზარზე. იმედია ამაზე მაინც არ შემედავები, რომ მონოპოლიზირებულ ბაზარზე მყიდველს არანაირი არჩევანი არა აქვს ფასისა, ასე რომ შენი ეს არგუმენტი მცდარია. თავისუფალ ბაზარზეც კი, უძრავი ქონების ფასს განსაზღვრავს სულ ცოტა რამდენიმე ფაქტორი: კრედიტის სიიაფე და ხელმისაწვდომობა, გასაყიდი ქონების მდებარეობა, არსებული ინფრასტრუქტურების სიახლოვე და ხარისხი, ყიდვის სხვა მსურველებისგან მოთხოვნა, სხვა მიმწოდებლებისგან ალტერნატიული შეთავაზებები...
      ბუნებრივი რესურსები რაც ადამიანის მიერ არაა შექმნილიკონკრეტულად არავისია, ანუ ყველასია და არავისი, და მისით სარგებლობის უფლება ყველას უნდა ჰკონდეს, უბრალოდ იჯარას ანუ რენტას უნდა იხდიდეს ყველა მომხმარებელი. ხოლო ეს რენტა უნდა მიდიოდეს ქვეყნის ბიუჯეტში, და გამოთვლილია რომ შესაძლებელია ამ დაფინანსებით ჩანაცვლდეს, ანუ გაუქმდეს ყველანაირი სხვა გადასახადები რომლებიც აფერხებს წარმოებას: დღგ, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, სოციალური დაზღვევის გადასახადი...
      ჰიბრიდული მოდელი რამდენად უტოპიურია, ამის მაგალითები საბედნიეროდ არსებობს ისტორიაში. და წყალი და ცეცხლი მხოლოდ ლამაზი არგუმენტია, მაგრამ აბსოლუტურად მცდარი.

      ReplyDelete
    5. ჩემი შენ გითხარიო :D

      მონოპოლიის შემთხვევაზეც შეგედავები: არჩევანი არსებობს - ადამიანებს შეუძლიათ უბრალოდ უარი თქვან საქონელზე :)

      "ფასს განსაზღვრავს სულ ცოტა რამდენიმე ფაქტორი: კრედიტის სიიაფე და ხელმისაწვდომობა, გასაყიდი ქონების მდებარეობა, არსებული ინფრასტრუქტურების სიახლოვე და ხარისხი, ყიდვის სხვა მსურველებისგან მოთხოვნა, სხვა მიმწოდებლებისგან ალტერნატიული შეთავაზებები..." - აი აქ ვცდებით ერთმანეთს: ეს ყველაფერი ინდივიდუალურ შეფასებებზე მოქმედებს, მაგრამ გარიგების განმსაზღვრელნი არ არიან :) გარიგება შედგება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, ტიპი როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს :)

      "კონკრეტულად არავისით" შექმნილი საგანი ვისი უნდა იყოს? მაგალითად: "კონკრეტულად არავისისგან" აღმოცენებული კარტოფილი ან პომიდორი?

      ჰიბრიდული მოდელი ცხადია უტოპიურია: არ შეიძლება თავისუფლება შეზღუდო და ამავე დროს არ შეზღუდო.

      ReplyDelete
    6. მართალი ხარ საბა, სხვადასხვა პოზიციებზე ვდგავართ :) ბაზალეთზე რამდენიმე ადამიანი სრული სერიოზულობით მიმტკიცებდა რომ დღდ–ს გადასახადის გაუქმების შემთხვევაში ფასი პურზე თურმე არ შეიცვლება, და რომ თურმე ოქრო ფულია... პიროვნული სიმპატიების და პატივისცემის მიუხედავად ვერასოდეს დავეთანხმები ამგვარ აბსურდულ მოსაზრებას, ძმაკაცისგანაც კი :(( როგორც არისტოტელემ თქვა მისი მასწავლებლის და მეგობრის პლატონის მიმართ: "პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარიაო".
      ისე მიწების და სახლების ფასების დადგენა როგორ ხდება მართლა მეეწვება ვინმემ ჩემზე უკეთ იცოდეს, ჯერ ერთი 12 წელი ვსცავლობ ამ საკითხს მეცნიერულად, მერე 7 წელია უზრავი ქონების დეველოპერული ბიზნესი მაქვს და ამით ვჭამ პურს როგორც იტყვიან. თან რამდენიმე ბიზნეს–გეგმაც მაქვს დაწერილი სამსჰენებლო პროექტებზე... თუ მე არ ვიცი ეს ბაზარი, მაშინ ვის იცის? :)

      ReplyDelete
    7. რას ნიშნავს ფასის დადგენა? ვინ ადგენს ფასს - აი ამაზე მიპასუხე :D

      ჭეშმარიტება ჩემი მეგობარია :D

      ReplyDelete
    8. მოკლედ გიპასუხო თუ გრძლად? ;)

      ReplyDelete
    9. მოკლედ, მოკლედ :D

      ReplyDelete
    10. მოკლედ დავწერ მაგრამ ვერ გაიგებ. კარგი, არ დავიზარებ და ვცდი და ყურადღებით მომისმინე. ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ სხვადასხვა ნივთის ფასი სხვადასხვა ფაქტორებით დგინდება: ბაზარი თავისუფალია თუ მონოპოლიური, ნივთზე მოთხოვნა ელასტიურია თუ არა, ამ ნივთის ყიდვის გარეშე შეგვიძლია ვიარსებოთ თუ არა...
      1) ავტომობილის ფასის დასადგენი ფაქტორები ალბათ ყველაზე ადვილია: მარკის პრესტიჟი, გამოშვების წელი, გარბენი, ძრავის სიმძლავრე, ნავაროდკები, დაზიანებების სიდიდე... ეს კლასიკაა და ყველამ ვიცით. თანაც მანქანებს ბევრი კომპანია აწარმოებს, კონკურენცია დიდია და ბაზარი ასე თუ ისე თავისუფალი. და რაც მთავარია მისი ყიდვის გარეშე გავძლებთ მომხმარებლების უმრავლესობა. ასე რომ ეს ის მაგალითია, როდესაც მე და შენ ერთმანეთს ვეთანხმებით, ანუ შენებური განსაზღვრება ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია :))

      2) ახლა ცოტა გავართულოთ მსჯელობა, ანუ პურის მაგალითი: ფასი შედარებით მარტივად დგება თითქოს: იმპორტირებული ხორბლის საბაზრო ფასი, დაფქვის და გამოცხობის ხარჯები (ცვლადი ხარჯები), საწარმოოდ ზედნადები, დღდ, სხვა გადასახადები, ფასში მინიმალური მოგების პროცენტის ჩადება – და მივიღეთ მწარმოებლისთვის მისაღები მინიმალური გასაყიდი ფასი, ვთქვათ 1 ლარი. ბაზარზე ბევრი თავისუფალი მწარმოებელია და ბევრზე ბევრი მომხმარებელი. მაგრამ პურის გარეშე უფრო ძნელია გაძლება, ვიდრე ავტომობილის გარეშე. ანუ ფასი უფრო არაელასტიურია პურზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი 80 თეთრი იქნება, 90 თუ 50 მოსახლეობა მაინც იძულებულია იყიდოს. და ეს ნიშნავს იმას, რომ ორი მხარის თანხმობის შენეული განმარტება აქ მხოლოდ ნაწილობრივ მართლდება. როგორც მომხმარებელს, მირჩევნია გადავიხადო მხოლოდ 50 თეთრი, მაგრამ 1 ლარსაც გადავიხდი, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს უბრალოდ. დაბოლოს, ტრაგედია ისაა, რომ პურის მწარმოებლებიც კი იმ 1 ლარიდან უკეთეს შემთხვევაში 10–20 თეთრს იღებენ, და დაახლოებით 40–70 თეთრი მიდის სულ სხვა ხალხის ჯიბეში: სახელმწიფოს, ხორბლის იმპორტიორების, ბანკის და მიწის მფლობელის (თუ რატომ ეს დამატებით ანალიზს საჭიროებს, და სხვა დროს იყოს ამაზე, მით უმეტეს პურის არანორმალურად სიძვირის პრობლემების სათავეც და მოგვარების გზებიც სწორედ ამ კომპონენტების შემცირებასა და ამოგდებაშია).

      ReplyDelete
    11. 3) სრული სარგებელი რომ მიიღო ამ მსჯელობისგან, ახლა ბარემ გავარჩიოთ ყველაზე რთული მაგალითიც: წარმოვიდგინოთ სახლის ფასი, რომელიც ბუნებრივია მიწის ნაკვეთზე დგას. სახლის ფასი ხან სწრაფად იზრდება (ეკონომიკური ბუმის დროს), ხან კი მკვეთრად მცირდება (ეკონომიკური კრიზისის დროს). რატომ??
      ეს უცნაური მოვლენაა, რადგან წესით სახლის ფასი უნდა მცირდებოდეს რემონტის დამთავრების პირველი დღიდან, ისე როგორც მაგალითად ახალ მანქანას პირველივე დღიდან აკლდება ფასი... მაგრამ სხვაგვარად ხდება და მიზეზს მხოლოდ მაშინ გავიგებთ, თუ მივხვდებით, რომ სახლის ფასი, სინამდვილეში ორი კომპონენტისგან შედგება, ანუ ორი ბუნებით და ეკონომიკური არსით რადიკალურად განსხვავებული რამის ფასის ჯამია: 1)შენობის და 2) მიწის ნაკვეთის რომელზეც ეს სახლი დგას. შენობის ფასი გამუდმებით მცირდება როგორც მანქანის (ცვეთის გამო). მიწის ფასი კი მასზე სპეკულაციის გამო იზრდება (ბუმის დროს), ან მცირდება (კრიზისის დროს). მდიდარი ქვეყნის დიდი ქალაქის ცენტრში მდებარე სახლის ფასის 70%–დან 95% მდე მოდის მიწის კომპონენტზე. ხოლო სოფლად პირიქითაც კი შეიძლება იყოს, ანუ მიწა ფაქტიურად უფასოც კი შეიძლება გამოდიოდეს და თითქმის მთლიანად სახლის აშენების ფასი იყოს, გასაყიდი ფასიც. (შეიძლება ვინმე თვითგირებულებაზე იაფადაც კი ყიდიდეს სახლს, მაგრამ ეს შემთხვევა სიმარტივის მიზნით გამოვრიცხოთ ახლა).
      დასკვნა: მიწის ფასს და მის მკვეთრ ცვალებადობებს ძირითადად განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, რომლებზეც მყიდველს კონტროლი თითქმის არა აქვს: ესაა ფულის მასის კონტროლის გაიოლება ან შეზღუდვა სახელმწიფოს ან საბანკო სექტორის მიერ (როგორც წესი ერთად). როდესაც ფული არ გაქვს, ანუ იპოთეკურ სესხს ხელოვნურად არ გაძლევს ბანკი ან პირიქით ბევრს გაძლევს და იაფად, მაშინ იზრდება ან მცირდება სახლების ფასებიც პირდაპირ–პროპორციულად თითქმის.... ასეთია რეალობა, წმინდა ფაქტები. და მაინტერესებს სად არის აქ მყიდველის არჩევანის თავისუფლება? არ მინდა მსჯელობა გავართულო, თორემ უფრო ღრმად რომ აგიხსნა, მიხვდები, რომ არც მშენებელს აქვს ფაქტიურად კონტროლი ამ პროცესზე. და საერთოდაც, მშენებლებიც და მყიდველებიც ორივე ძალიან ზარალდებიან ფასების არასტაბილური და რაც მთავარია ხელოვნური ცვლილებების გამო. – აი აქაც ჩვენი გძები ისევ შეერთდა საბა, ანუ ორივეს გვინდა რომ ლიბერტარიანულმა იდეოლოგიამ გაიმარჯვოს და მხოლოდ გამყიდველი და მყიდველი აკონტროლებდეს ბაზარზე ფასს. ახლა დარწმუნდები რომ "ორივე ერთ ნავში ვზივართ", და რომ სულაც არ ვარ არც სოციალისტი და არც მონოპოლიის მომხრე...
      უბრალოდ იმ მიზეზების აღმოფხვრა, რაც ამახინჯებს თავისუფალ ბაზრებს, მინდა თუ არ მინდა მაშორებს 100%–იან ლიბერტარიანულ იდეოლოგიას. და თუ რატომ, ეს ძალიან გრძელი და საინტერესო საუბრების თემაა :))

      ReplyDelete