Tuesday, August 28, 2012

პროტექციონიზმი


ბოლო დროს საქართველოში გახშირდა მოწოდებები პროტექციონიზმის სასარგებლოდ. თითქოს, უცხოური ბაზრისთვის ბარიერების შექმნა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

პროტექციონისტული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის მომხმარებლის უფლებას - აირჩიოს კონკურენტულ საქონელსა და მომსახურებას შორის მისთვის საუკეთესო. მომხმარებლის უფლება ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც სიტყვის ან რელიგიის თავისუფლება, ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯი მის შესაზღუდად ნიშნავს თითოეული მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვას.

თავდაპირველად განვსაზღვროთ თუ რა იგულისხმება ტერმინ „პროტექციონიზმის“ ქვეშ. ეს არის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვაჭრობის შეზღუდვის მიზნით.
პროტექციონიზმის რამოდენიმე ფორმა არსებობს და მათგან ყველა ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას. ყველაზე გავრცელებული ესაა ტარიფები. მაგალითად, რომელიმე ქვეყნიდან თუ ხდება პომიდორის იმპორტი, მთავრობა უწესებს გადასახადს საზღვარზე.
პროტექციონიზმი ფესვები მერკანტილისტურ პერიოდშია, XVI-XVIII საუკუნეებში. მერკანტილისტური თეორია დაფუძნებული იყო თეორიაზე, რომ ქვეყანა იგებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ახდენს საქონლის ექსპორტს სხვა ქვეყნებში. მე-19 სუკუნეში ხორბლის კანონმა (Corn Laws) დიდ ბრიტანეთში საშინელი შიმშილი და ტანჯვა მოუტანა ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას. უფრო მოგვიანებით აშშ-ში 1930 წლის სმუთ-ჰოულის ტარიფმა (The Smoot-Hawley Tariff Act of 1930) გაზარდა ტარიფები მრავალი დასახელების პროდუქციაზე, რამაც გააფუჭა საერთაშორისო ურთიერთობები ქვეყნებთან და იმპორტის შეზღუდვამ ერთ-ერთი დიდი როლი ითამაშა ამერიკის დეპრესიის ბევრად უარეს ფაზაში გადაზარდაში.

ყველაფერი მოდის იმ აზრიდან, რომ ექსპორტი კარგია და იმპორტი ცუდი. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ თითოეულ ტრანზაქციას ჰყავს მოგებული და წაგებული, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ვაჭრობისას ორივე მხარე ხეირობს, რადგან თმობს ერთ ნივთს მეორის სანაცვლოდ. იქნება ეს ფული, კარაქი, ყველი, სკამი, ფანჯარა, იურისტის მიერ დათმობილი დრო თუ რომელიმე იაფფასიან სასტუმროში ნომერი 1 საათით. სისულელეა დავსვათ კითხვა - მყიდველი უფრო კარგია თუ გამყიდველი? ეს ორი ურთიერთშემავსებელი ნაწილია და აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვით იმპორტი ჯობს ექსპორტს ან პირიქით. ეს ისეთივე კითხვაა ქალი ჯობია თუ კაცი ბავშვის გასაკეთებლად.

ხშირად პროტექციონიზმის მომხრეები ამბობენ, რომ ეს საჭიროა მომხმარებლის დასაცავად, რომ არ იყიდონ დაბალი ხარისხის საქონელი და ამავე დროს დასაქმდეს მეტი ადამიანი სოფლის მეურნეობის სექტორში. თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი ამომავალი წერტილია მოგვცეს საქონელი და მომსახურება დაბალ ფასებში, რაც კონკურენციის გარეშე ვერ მიიღწევა. ან თუ მიიღწევა ეს ძალიან ძვირად უჯდება ქვეყანას. საქართველოს არ აქვს დღეს იმის ფუფუნება, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეიძინოს ძვირი საქონელი. ქართულ „მაღალხარისხიან“ პროდუქციაზე მოთხოვნა არის და ყოველთვის იქნება. ამას ცხადყოფს ისიც, რომ მათი ყიდვა მაღაზიებშია შესაძლებელი. ხარისხს და ფასს შორის არჩევანის გაკეთება ყველას უფლებაა. მე უკეთ ვიცი რა ფასის საქონელი მჭირდება ვიდრე სხვამ. რატომ არ გვაქვს კანონი იმის შესახებ, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია დილის 7 საათზე ირბინოს ან სულაც კვირაში ერთხელ მაინც იბანავოს თორემ დაისჯება კანონით და ძალით არბენინებენ და დაბანენ? ორივე ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და კარგი იქნება მცირედ თავისუფლებას თუ დავთმობთ საყოველთაო „კეთილდღეობისთვის“.

პროტექციონიზმი ქმნის მონოპოლიის საფრთხეს, სადაც ძალიან მაღალი ფასები შეიძლება დადგინდეს. მაშინ, როდესაც უცხოელი მწარმოებლები ზრდიან ხარისხს და აკლებენ ფასს, „დაცული“ ბაზრები პირიქით მოქმედებენ. იზრდება ფასი და ეცემა ხარისხი, რადგან არ არსებობს კონკურენცია. მეტიც, ინდუსტრია მთლიანად დამოკიდებული ხდება სამთავრობო დახმარებებზე, რაც დღეს ისედაც პრობლემაა საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მორალი და ესმით ის, რომ სხვის ხარჯზე საკუთარი ცხოვრება არ უნდა ააწყონ. ამის უნდა გვჯეროდეს ყველას და მთავრობის მიერ მოცემული ფული ეს ჰაერიდან არ მოდის და ამას უარყოფითი შედეგებიც ექნება აუცილებლად აბსოლუტურად ყველასთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ პროტექციონიზმი მაღლა წევს ფასებს, შესაბამისად მცირდება ცხოვრების სტანდარტი. როდესაც მომხმარებელი ბევრს იხდის მაგალითად ნამდვილ ქართულ ლიმონში, მას ნაკლები ფული აქვს ჩაის ან სხვა მისთვის საჭირო პროდუქტის საყიდლად. შესაბამისად, მისი სიმდიდრე მცირდება. ერთი შეხედვით რამაც უნდა გაგვამდიდროს ის გვაღარიბებს.

1984 წელს, ტარიფები იაპონურ მანქანებზე აშშ-ის მომხმარებლებს 4,5 მილიარდი დოლარი დაუჯდათ და შესაბამისად საშინაო წარმოებას ეს არაფერში დახმარებია გარდა გაუარესებისა. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული სამუშაო ადგილების შენარჩუნება მოხდა, ამერიკელ მომხმარებელს თითო სამუშაო ადგილის შენახვა დაახლოებით 50,000-100,000 დოლარი დაუჯდა. ვიღაცისთვის 100,000 დოლარი შეიძლება ცოტაა, მაგრამ არა საქართველოს მოქალაქისთვის, ვისი წლიური შემოსავალიც ბევრად ნაკლებია მოცემულ რიცხვზე.

ბევრი ეკონომისტი თუ პოლიტიკოსი პროტექციონიზმს ამართლებს იმით, რომ ქვეყანა ხდება დამოუკიდებელი და ეს მისი თავდაცვისთვის კარგია. თუმცა, ნებისმიერი სახის კარჩაკეტილობა ვერანაირად იქნება კარგი საზოგადოებისთვის. როდესაც ვაჭრობა გახსნილია მომხმარებლები თითოეულ ქვეყანაში ხეირობენ და მათ შორის მეგობრობა და ნდობა იზრდება. ქვეყნებს შორის სავაჭრო დამოკიდებულება დაბლა სწევს ომის რისკებსაც. „თუ პროდუქცია არ კვეთს საზღვრებს, არმია გადაკვეთს“. ვაჭრომის გამო ომის მრავალი მაგალითიც არსებობს. 


(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2012 წ.

3 comments:

  1. ეს (პროტექციონიზმი) არის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვაჭრობის შეზღუდვის მიზნით... ამის შემდეგ წესით აღარ უნდა წამეკითხა//// :/

    ReplyDelete
  2. ბრავო ზ, მაგრამ სტატიას შენი გამოსვლა და ხელებით ლაპარაკი მირჩევნია :
    **

    ReplyDelete
  3. "ეს ისეთივე კითხვაა ქალი ჯობია თუ კაცი ბავშვის გასაკეთებლად." ეგ კარგი მაგრამ ისმის მეორე კითხვა რომელიც ერთად ერთი სიტყვით განსხვავდება
    ქალი ჯობია იყო თუ კაცი ბავშვის გასაკეთებლად? ;)

    ReplyDelete