Thursday, September 20, 2012

ფრთხილად, სახელმწიფოა!




ამეებზე უნდა მოგიყვეთ:
  • მიუხედავად ყველაფრისა, რატომ ვართ დღეს უკეთესად (გაპრავება);
  • მიუხედავად ყველაფრისა, რატომ ჩაიჯვა საქართველოს მთავრობამ (მაინც ცუდად ვართ);
  • მიუხედავად ყველაფრისა, რა არის გამოსავალი (ყველამ თავის ტრაკს მიხედოს);
            
               თუ დაინტერესდით, გთხოვთ ბოლომდე ჩაიკითხოთ და შუაში არ გაწყვიტოთ, რადგან ამ ამბების ფონზე დასაწყისი, ალბათ, ბევრ თქვენგანს გააბრაზებს.
ეს ორი დღეა ისეთები ხდება, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. ემოციური შოკი, რაც ძალიან ბევრმა ადამიანმა იმ ცნობილი კადრების ნახვის შემდეგ მიიღო, დღესაც ისევე ბატონობს ჩვენზე, როგორც საწყის მომენტში. მე კიდე ემოცია არ მიყვარს იმ ვითარებაში, როცა საქმე ჩემთვის განსაკუთრებულ მოვლენას ეხება ან რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები. რატომ? იმიტომ რომ თვალებს მიბინდავს და რაღაცების მკაფიოდ გარჩევაში ხელს მიშლის. ჩემი მიზანი არაა ახლანდელი მთავრობის ქება-დიდება. მე მსურს ვიცოდე სად ვიყავით, სად ვართ და საით მივდივართ.
 ამიტომ მარტივ რამეს ვიტყვი - დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთ ვართ, ვიდრე ამ მთავრობამდე იყო ( უკეთ ვართ, ვიდრე მაშინ - არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ დღეს აუცილებლად კარგად ვართ). აი რატომ:
ის რაც გლდანის ციხეში მოხდა და სხვა შემთხვევებიც, რომლებიც შეიძლება სხვა ციხეებშიც ხდებოდა, ვერც რაოდენობრივად და ვერც ხარისხობრივად გადაწონის იმას, რაც მანამდე ხდებოდა. ძველ და სანატრელ დროში, სხვადასხვა სახის და ხარისხის ძალადობა, ჩვეულებრივი, ნორმალური და ყოველდღიური ხასიათის მოვლენა იყო. ეს ყოველივე, ყველა ასაკის ადამიანს თითქმის თანაბრად ეხებოდა და ძალიან ცოტა იყო ისეთი, რომელსაც ძველი სიბნელე არ შეხებია.
ამ ყველაფრის მიზეზი კი მანკიერი და მამაძაღლური ქურდული მენტალიტეტი იყო, რომელიც ისე ღრმად იყო ფესვგადგმული ჩვენში, რომ ლამის მეექვსე კლასიდან ბიჭები ქურდობას და გოგოები ქურდის ცოლობას ნატრობდნენ. ჩვენში პოპულარული ქურდები და საძულველი მთავრობა, ერთად და შეხმატკბილებულად ძალადობნენ ყველაზე და ყველაფერზე. ამ ამბავმა, ზოგიერთს ეს ბნელი ეპოქა მოანატრა და მათში დაახლოებით ასეთი გრძნობა გააღვიძა: აფსუს! რა ქვეყანა დაგვინგრიესო.
ემოციები რომ გამოვრთოთ და კალკულატორით ან ექსელით ვცადოთ ადრინდელი და ეხლანდელი სიტუაციის შედარება, ცხადია დღეს უკეთესად ვართ. დავარქვათ ძალადობის გამოვლინენებს X და დავითვალოთ, საშუალოდ რამდენი X ხდებოდა ადრე ერთ დღეში და საშუალოდ რამდენი X ხდება ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ. თუ გნებავთ, X-ში არ შევიყვანოთ „მსუბუქი ძალადობები“, შედეგი მაინც ასეთი იქნება - დღეს უკეთ ვართ.
კიდევ ერთხელ, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, რომ ჯანდაბას რაც მოხდა, მაინც კარგად ვართ თქო. შემზარავი და დასაგმობია ის, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ.
 ისიც მართალია, რომ ათ და მეტ კაცს, მოძალადის უკვე აღარ ეშინია. ეგაა, მარტო რომ რჩები მაშინ ხვდები, რომ არაფერი განაღვლებს საკუთარი თავის გარდა. ჰო, ადრე ეგრე იყო. რამდენი მინახავს ძირს გაგდებული, ათი და მეტი ჩვეულებრივი მოზარდი, ფეხებს რომ ურტყავდა და სილამაზისთვის, ქვებსაც რომ იშველიებდა ვინმე პროგრესული. კიდე ბევრი რამე მინახავს - ყურმოჭრილი, თვალამოთხრილი, ხელმოცლილი, მოკლული, გაუპატიურებულიც (ამ სიტყვაზე თუ ისევ შემოგიტიათ ამ დღეების ემოციამ, აქვე გათიშეთ). საინტერესო ისაა, რომ უმეტეს შემთხვევებში, ძალადობის წინააღმდეგ ხმა არ ამომიღია, იმიტომ რომ, არ მინდოდა ძალადობის მსხვერპლი გავმხდარიყავი. თუ სხვებიც ჩემსავით ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მიხვდებიან რას ვამბობ. წმინდანებს, თუ პირველი სიტყვის მერე არ შეწყვიტეთ კითხვა, გირჩევთ ახლა გაეშვათ.  
დღეს სხვა ვითარებაა - დღეს შეგვიძლია მარტოები არ დავრჩეთ და ერთად ვიყოთ. ერთად რომ ვართ - არ გვეშინია. მაგრამ ემოციების გამორთვა რომ გთხოვეთ, აქაც არ  დაივიწყოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა ჯგუფებში ვართ, სხვანაირად ვიქცევით. მოკლედ, როდესაც ერთად ვართ, ჩვენი ერთობა მიდრეკილია უფრო რადიკალური და ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ, ვიდრე ამას ამ ერთობის წევრები ცალ-ცალკე გააკეთებდნენ. არ ვამბობ, რომ ეს ექსტრემალური გადაწყვეტილება აუცილებლად ცუდი იქნება, მაგრამ ინდივიდუალური გადაწყვეტილებისგან განსხვავებული აუცილებლად იქნება. ამით ვამბობ, ჩვენი თავი არ დავკარგოთ-თქო.  არაა აუცილებელი ეს ერთად ყოფნა ფიზიკურ შეკრებას გულისხმობდეს - სოციალური ქსელი საინტერესო მოვლენაა და მგონი მანდაც მოხდა ის, რაზეც გიყვებით. ჯერ იყო და მწვალებლების დასჯას ითხოვდნენ, მერე მოთხოვნები თანდათან გარადიკალურდა. ვინ იცის, საბოლოოდ რა მოთხოვნებამდე მივალთ?!
ეხლა, საქართველოს მთავრობის მიერ ჩადენილი კრიმინალური ქმედებების შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ამბის დაჯერება უფრო გაიოლებულია. შესაძლოა, ნებისმიერი ჭორი, რაც არ უნდა სისულელე იყოს, უტყუარ ჭეშმარიტებად იქნას აღქმული. ფრთხილად! არაა სასურველი ნაგავს ისეთი რამ ჩავაყოლოთ, რაც გადასაგდებად არ უნდა გვემეტებოდეს!
ამ ყველაფერში დამნაშავეა ჩვენი საყვარელი - თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ! და მანამდე არაფერი გვეშველება, სანამ არ მივხვდებით, რომ ძალადობა უცილობლად ძალადობას შობს. მეოცე საუკუნის დასაწყისში იცოდა ეს რამდენიმე ქართველმა:
 „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულთ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა...“
ჩვენს დროს რომ დავუბრუნდეთ, ამ ყველაფერში დამნაშავეა მანკიერი სისტემა და ცხადია მისი შემქნელი თუ შემქმნელები. ნულოვანი ტოლერანტობა არ მინდა ნიშნავდეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას! თავისუფლების აღკვეთა საკმარისი სასჯელია მათთვის, ვინც ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებას ხელს უშლის. გამოდის რომ, საქართველოს ციხეებში არსებულ ძალადობაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ პირს ანუ პრეზიდენტს, მერე მინისტრებს და ასე სულ ბოლო რგოლამდე. პრეზიდენტიც ჩვეულებრივი ადამიანია, და იმის გათვალისწინებით რომ თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდეს, მისი ადეკვატური რეაქცია ამ ამბებზე დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა და უშუალოდ ამ ამბებში მონაწილე მინისტრების დათხოვნა იქნებოდა. მე და მგონი არავის სჯერა, რომ მთავრობაში ციხეებში შემქნილ სიტუაციაზე არ იცოდნენ. ცხადია იცოდნენ, ოღონდ მე მგონია, ბოლომდე არ იცოდნენ.
 ასეა თუ ისე, მე მგონია რომ ჯოხი არ უნდა გადატყდეს მხოლოდ შემსრულებლებზე. მათთვის შესაბამისი სასჯელი თავისუფლების აღკვეთაა, და არავითარ შემთხვევაში ის, რასაც თვითონ აკეთებდნენ. თუ ამ დაწყევლილ წრეს თავი არ დავაღწიეთ, წინ ვერასდროს წავალთ.  ამ ადამიანების დაკავების შემდეგ, უნდა დადგეს მათი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხიც - გამოძიება უნდა იყოს ღია და საჯარო. პრეზიდენტი მართალია, როცა ამბობს, რომ მაქსიმალურად ღია საჯარო ინსტიტუტში, ბიუროკრატიის მიერ დანაშაულის ჩადენის რისკი ნაკლებია. ჰოდა ვეთანხმები, ეგრეა და აგვისრულოს ბარემ.
 სასჯელაღსრულების სისტემასთან, 2003-ის მერე, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო კავშირიც კი, უნდა გახდეს საბაბი ეჭვის მიტანისა. დასამალი უკვე აღარაფერია და ვერც იმას გვეტყვის ვერავინ, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ ხმაურდება“.  რა თქმა უნდა საქართველოს საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული ყველა ადამიანის დადანაშაულება სისულელეა. გამოძიება უნდა დაინტერესდეს, მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებსაც საქმესთან უშუალო კავშირი აქვთ ან ჰქონდათ.
ეს ის მინიმუმია, რომელიც დაუყონებლივ უნდა მოვითხოვოთ. მაქსიმუმს რაც შეეხება: მე არ მაქვს ილუზია, რომ ოდესმე, ძალაუფლებას მოიპოვებს ზეციური საქართველოდან გამოგზავნილი წმინდანების პარტია. ხელისუფლებაში ისევ ადამიანები იქნებიან. ადამიანები, რომლებსაც ძალაუფლება აუცილებლად დაავადებთ. გამოსავალი სამთავრობო აპარატის თანმიმდევრული შემცირებაა - რაც უფრო მცირე ზომის იქნება ის წარმონაქმნი, რომელსაც ჩვენზე ძალადობის, ხანდახან კანონიერ(!), უფლებას ჩვენვე ვაძლევთ, მით უკეთ ვიქნებით ჩვენც და მით უკეთესი იქნება ჩვენი მომავალიც.  ეს გამოსავალია, რადგან არ შეიძლება, ერთი მხრივ - საკუთარ ტრაკზე ზრუნვა სხვას დაავალო, მეორე მხრივ იწუწუნო - ვაიმე რა მეშველებაო. 
 საბა ჯაჯანიძე (C) 2012 წ.

1 comment:

  1. აშკარად ვუგებ მე ამ კაცს :)

    ReplyDelete