Friday, February 24, 2012

უფასო

მრავალი ადამიანი თანხმდება, რომ ამ ქვეყანაზე უფასო არაფერია. საწინააღმდეგო აზრი მხოლოდ იმათ აქვთ, ვისაც წარმოდგენა არ აქვთ რა არის ფული, ეკონომიკა, განათლება, მთავრობა, კერძო სექტორი და სხვა ხშირადხმარებადი სიტყვები.

ნებისმიერ ქმედებას გააჩნია თავისი დანახარჯი. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სწავლების საფასურის გადახდა, პომიდვრის ყიდვა ბაზარში თუ საყიდლებიდან სახლში დაბრუნება. რაიმეს მისაღებად, აუცილებელია მსხვერპლის გაღება. თუნდაც სუნთქვას ფილტვების მუშაობა ჭირდება. რა თქმა უნდა არავინ იტყვის დღეს იმდენი ვისუნთქე, რომ დავიღალეო თუმცა ფაქტი ფაქტია - ესეც დაკავშირებულია, შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ მაინც დანახარჯებთან.

როგორი უნდა იყოს მთავრობის როლი ეკონომიკაში? ამ კითხვაზე უამრავი განსხვავებული პასუხია. პირველი აქსიომა რაც ყველამ უნდა გაითავისოს არის ის, რომ რაც უფრო დიდია მთავრობის როლი ეკონომიკაში, მით უფრო მცირეა კერძო სექტორის შესაძლებლობები. კერძო სექტორი შედგება ნებისმიერი ადამიანისგან ვინც არ არის მთავრობის შემადგენლობაში ანუ ვინც უშუალოდ არ მუშაობს საჯარო სტრუქტურებში. ეს კი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს. ერთის გაზრდა მეორის დაპატარავებას იწვევს და პირიქით.

იმისთვის, რომ გაიზომოს მთავრობის სიდიდე, ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტი მის მიერ დახარჯული ფულია. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ხელფასი 100 ლარი და საშემოსავლო გადასახადი არის 20%, მთავრობის ბიუჯეტში მიდის 20 ლარი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს ისეთ რამეზე, რაზეც თქვენ ნამდვილად არ გემეტებათ იგივე თანხა. მთავრობის როლი იზრდება მაშინ, როდესაც 20 ლარის ნაცვლად 21, 22, 30, 40 ან სულაც 60 ლარს გართმევენ გადასახადის სახით. შესაბამისად, როდესაც ვინმე მთავრობას სთხოვს რაღაცაში ფული დახარჯოს, ავტომატურად ნიშნავს, რომ იგი ითხოვს რაც შეიძლება მეტი ფული გამოართვან გადასახადის გადამხდელებს ამ ხარჯების გასაღებად.

კითხვაზე, უნდა აფინანსებდეს თუ არა მთავრობა სწვლებას სრულიად, ადამიანების ნაწილი ცალსახად დადებით პასუხს გასცემდა. ეს თემა ძალიან სენსიტიურია თითოეული ჩვენთაგანისთვის. საქმე ახალგაზრდებს ეხება, მათ განათლებას, მომავალს და ა.შ. თუმცა, ნებისმიერ საკითხს უკეთესია თუ ცივი გონებით მივუდგებით. მეც მინდა, თანაც ძალიან, მქონდეს წითელი ფერარი და ამას ჩემს ფუნდამენტურ უფლებად ვთვლიდე, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მე მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით ვსაუბრობ, როდესაც წითელი ფერარის ყოლაზე პრეტენზიას ვაცხადებ და მეტიც, ვიღაცა სხვისგან ამას სრულიად უფასოდ ვითხოვ. უმაღლესი განათლება ისევე როგორც წითელი ფერარი ეს პრივილეგიაა და არა ადამიანის ფუნდამენტური უფლება. რა თქმა უნდა თუ სოციალისტურ სწავლებას არ მივდევთ. ამ სწავლებას ვინც მისდია როგორ დაასრულა ან როგორ ასრულებს ბევრი მკითხაობა არ უნდა. ნურც იმით ეცდებიან ადამიანების ტვინის გამოლაყებას, რომ ეს ნამდვილი სოციალიზმი არ იყო და დაამახინჯეს. ყველაფერზე ჯობს შედეგით ვიმსჯელოთ. იდეალურ სამყაროზე ოცნება ცუდი არ არის, თუმცა დამახინჯებული რწმენის და ცნობიერების გადმოტანა პრაქტიკაში და ამით ადამიანების ცხოვრების მოწამვლას ყოველთვის წინ უნდა აღუდგეს საღად მოაზროვნე საზოგადოება.

მაშ ასე, რატომ არ უნდა იყოს სწავლება უფასო საქონელი? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - უფასოს არაფერს უარსებია, არ არსებობს და არც იარსებებს. თუ ვინმე ითხოვს უფასო სწავლებას, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ითხოვს ვიღაცამ გასწიოს ამისთვის დანახარჯები. მოდი უნამუსოები ნუ იქნებით და ნუ იტყვით, რომ მთავრობისგან ითხოვთ. ეს მთავრობა არ არის. ეს ხალხია. ეს გადასახადის გადამხდელები არიან, ვისგანაც ამ ყველაფრის უზრუნველყოფას მოითხოვთ. აქვე ვაწყდებით მორალის საკითხსაც. რამდენად მზად ვართ სხვის ჯიბესა და ცხოვრებაში ჩავყოთ ხელი და ცხვირი. გადავუწყვიტოთ თუ რა არის უკეთესი. რა უფრო მორალურია - დაეხმარო ერთ ადამიანს მეორეს გაძარცვით თუ არავინ არ გაძარცვო და მისცე ყველას საშუალება თავისით წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები?

საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 25-30 ათასი აბიტურიენტია. სწავლა საშუალოდ 4 წლისგან შედგება. დღეს გადასახადი 2250 ლარია. იმისთვის, რომ სრულიად დაფინანსდეს თუნდაც 25 000 სტუდენტი წელიწადში საჭიროა საქართველოს ბიუჯეტიდან მოხდეს 225 მილიონი ლარის გამოყოფა. ეს მხოლოდ სტუდენტების საფასური. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების სრული უმრავლესობა მუშაობს წაგებაზე და სახელმწიფოს მისი შენახვის ხარჯები ისედაც კისერზე აწევს. სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით საქართველოს ბიუჯეტი 5,4 მილიარდი ლარია. უფასო განათლება კი ხარჯების თითქმის 5%-ით გაზრდას გულისხმობს. ხარჯების 5%-ით გაზრდა კი ნიშნავს საშემოსავლო გადასახადის მინიმუმ 4%-ით ზრდას.

პირველი პრობლემა რაც ამ საკითხს უკავშირდება ეს საკუთრების უფლებების არაღიარებაა. მე პატივს ვცემ ჩემი მეზობლის საკუთრების უფლებას და თუ იგი საკუთარი შრომით შეძენილ ხიზილალას მიირთმევს, ამ უკანასკნელის გაზიარებას ძალისმიერი მეთოდით არ მოვითხოვ. ეს მე არ დამიმსახურებია.



ნუ გვექნება პრეტენზია იმაზე, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის და უაზრო ქუჩაში დგომას და „ყველაფერი უფასოს“ ძახილს ჯობს საქმე გავაკეთოთ, რადგან თითოეულის დრო ეს დანახარჯებთანაა დაკავშირებული და ამ დროში სარგებლის მიღებაც შეიძლება, რომელსაც ისევ ჩვენი შრომით მივიღებთ.



(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2012 წ.


No comments:

Post a Comment