Tuesday, February 7, 2012

P.S.


რაღაც მინდოდა დამეწერა, დიდად ვერ ჩამოვყალიბდი და მომიტევეთ თუკი დასასრულს გული დაგწყდებათ რამოდენიმე წუთის უაზრობის კითხვაში დაკარგვაზე.


საერთოდ, მახასიათებს ყველა საკითხს იქამდე ჩავწვდე, სადამდეც ვყოფნი, გამოხმაურების სურვილიც მხოლოდ იმ თემაზე მიჩნდება, რომელიც ჩემს საჩინო სასმენელს ხვდება და არასოდეს ვწერ იმაზე, რითიც განზრახ უნდა შევიწუხო თავი, რომ მერე დავწერო. მაშ ასე - კვლავ ჯანდაცვა გაწუხებთ!


ჩემი პირველი სტატია სახელმწიფო და კერძო კლინიკებზე შედგენილი ვენის დიაგრამა იყო. მკითხველი საერთო ნიშნების ველში მხოლოდ ექიმს დაინახავდა. მაშინ საავადმყოფოების პრივატიზებისადმი მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება მალაპარაკებდა; მართალია, მაშინვე მქონდა უკმარისობის შეგრძნება, რომ ზოგადად ექიმებზე, ან მათ მცირე ჯგუფზე მაინც, არ ვწერდი, თუმცა, ასეა თუ ისე, დებიუტისთვის, მსუყე სტატიას მშრალი ვამჯობინე.


ბოლო ხანებში, ჩემს ცხოვრებაში იყო რამოდენიმე ეპიზოდი, სადაც კერძო საკუთრების, ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი - პიროვნების თავისუფლებისა და მორალის ინტერესთა თანხვედრა(?) ვიგრძენი. დავემგზავრე ერთერთი ყველაზე მსხვილი, აწ უკვე პრივატიზებული, საავადმყოფოს ყურებჩამოყრილ პერსონალს; შევესწარი ერთერთი გაყიდული უძლიერესი ინსტიტუტის წარმომადგენელი ექიმის გულახდილ საუბარს და შევხვდი პროფესიონალი ექიმების პლეადას, რომელთაც უარი თქვეს თავის დროზე ერთერთ ყველაზე ძლიერ, ამჟამად უკვე გაყიდულ კლინიკაში დარჩენაზე და ბრწყინვალე კარიერას აგრძელებენ ყბადაღებულ “როგორ შეიძლება სადაზღვევოს თავისი საავადმყოფო ჰქონდეს” –ში.


პირველ სტატიაში ჩემი თავი წარმოგიდგინეთ ექიმის ადგილზე, ეხლა გთხოვთ, საკუთარი თავი წარმოიდგინოთ _ თქვენ ხართ ექიმი! გაიყიდა საავადმყოფო, რომელშიც წლებია მუშაობთ, სადაც თქვენი სახსრებით, თქვენივე ხელით გაქვთ გარემონტებული საკუთარი სამუშაო ოთახი; საავადმყოფო, რომელიც არავითარ სტანდარტს არ შეესაბამება, მაგრამ მაინც გიყვართ, რადგან ამაგი გაქვთ. გაიყიდა, რაღა დროს თქვენი ნაწვალები შპალერი და მეტლახია, გაიყიდა! მფლობელი მიხედავს ყველაფერს, თქვენ მხოლოდ მუშაობა მოგეთხოვებათ! პირობებს, თანაც კარგ პირობებს, ის შეგიქმნით; მართალია, მას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ თქვენ ხომ უფრო მეტი ხელფასი გექნებათ? უფრო მეტი კი არა, ხელფასი გექნებათ!! (ყურებჩამოყრილ ექიმთან მგზავრობის ეპიზოდი)
ექვსი-შვიდი საათი რომ ოპერაციაზე დგახართ, მშიერ-მწყურვალი, მოუშარდავი, ბუფეტში დონატები და ყავა მაინც დაგეგულებათ; დონატები და ყავა კი არა, ბუფეტი დაგეგულებათ!! ბევრი რომ აღარ ვწერო, ინატრეთ, თქვენი საავადმყოფო გაიყიდოს! თუმცა, ჯერჯერობით, ქართულ რეალობაში ისეთი გაყიდული საავადმყოფოც შეგხვდებათ, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ სტატუსი შეეცვალა, ექიმები კი აგრძელებენ მოღვაწეობას და მოთმინებით ელოდებიან საავადმყოფოს ჭაობიდან ამოყვანის გაჭიანურებული პროცესის დასრულებას; ბოლოს და ბოლოს, ისე როგორ, მფლობელი იმდენად შორს იყოს მედიცინისგან, რომ ნათესაობაში ერთი ისეთი პროფესორი არ ჰყავდეს, ვისი პატივისცემითაც მთელი კოლექტივი უდრტვინველად აიტანს დროში გაწელილ იმედგაცრუებას. (გულახდილი საუბრის ეპიზოდი)
ჩემი აზრით, ორივე ზემოთ აღწერილი სიტუაცია დროის უკუპროპორციულია. 


მჯერა, რომ ცოტა ხანში სრულად გაიშლება კერძოს უპირატესობის სურათი, დონატებიც იქნება და უკეთესი მეტლახიც (გრანიტი თუ არა). მანამდე კი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლები სასიკეთო ცვლილებების მოლოდინში გააგრძელებენ მუშაობას. საერთოდ, ოდესმე ვინმეს უნახავს ექიმი რამეს აპროტესტებდეს? საქმე, რა თქმა უნდა, უთავმოყვარეობაში არ არის, და, მითუმეტეს, არც ჰიპოკრატეს მოუწოდებია, მოიხმარებოდეთ და მდუმარებდეთო! არის რაღაცეები, რასაც ვერ ახსნი, მათ შორის ექიმის ფენომენიც, რაზეც ძალიან ბევრის წერა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ ექიმები ყველაზე მეტად უწყობენ ხელს და აცდიან მფლობელს, თავისი კერძო საკუთრება განავითაროს.


 მესამე ეპიზოდს, სადაზღვევოში გადაბარგებული ექიმების პლეადას რაც შეეხება, ეს ის შემთხვევაა, როცა წინასწარ ნათელია, რომ ჩაძირული კლინიკის აღზევება ახალ მფლობელს არ შეუძლია, ან მთლად უარესი _ შეუძლებელია! ასეთ პირობებში, როდესაც ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი და გყავთ პაციენტების არმია, მორალური უფლება არ გაქვთ, ბოლომდე ჩაჰყვეთ განწირულ კლინიკას და მის დაბნეულ მფლობელს! თქვენ გაქვთ არჩევანის თავისუფლება, საბედნიეროდ, კარგი, უკეთესი, ან სულაც თუნდაც სადაზღვევო კომპანიების მიერ გახსნილი კლინიკები საკმაოდ გვაქვს, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ბევრად მეტია ადგილობრივი, მაღალკვალიფიცირებული კადრის რესურსი, ვიდრე უცხოელი სპეციალისტების მოწვევის საჭიროება ან თუნდაც საშუალება! თქვენ გყავთ პაციენტები, ვისთვისაც ღმერთი ხართ! ისინი მოვლენ იქ, სადაც დაგიგულებენ და ერთ დღესაც საერთოდ აღარ გაახსენდებათ იმ კლინიკის ძლევამოსილი სახელი, რომელსაც ძველად ემსახურებოდით.


 ერთი ჭკვიანი კაცი თავის წიგნს ამ ფრაზით ასრულებს: სტატ როსა პრისტინე ნომინე, ნომინა ნუდა ტენემუს (დამჭკნარი ვარდის სახელიღა რჩება, გვრჩება შიშველი სახელები). მკითხველი ვარდმა შეიძლება გაიყვანოს კიდეც იმ კლინიკაზე, რომელსაც ბოლო შემთხვევაში ვგულისხმობდი, აი პირველ ორ კლინიკას კი ვერაფრით გამოიცნობთ, სწორედ იმიტომ, რომ ჩემი მიზანი რომელიმე კონკრეტული შემთხვევის გაქილიკება ნამდვილად არ ყოფილა, არც სადაზღვევოების კლინიკებს ვექომაგები, მითუმეტეს, როცა მხოლოდ ერთი, ყველაზე გრანდიოზულის შიდა სამზარეულოს თუ ვიცნობ; მე მხოლოდ მინდოდა, ზემოთ ხსენებული სამი ეპიზოდი თქვენც გაგესიგრძეგანებინათ. მსურდა თქვენც დაგენახათ, რაც მე დავინახე, თუმცა, ამ ყველაფრიდან შეიძლება სხვადასხვაგვარ დასკვნებს ვაკეთებდეთ, ამიტომაცაა, რომ სამივე ეპიზოდი გადათეთრების გარეშე მოვიტანე თქვენამდე! გმადლობთ ყურადღებისათვის!




(c) რუსუდან გოგატიშვილი 2012 წ.

No comments:

Post a Comment