Friday, November 18, 2011

„ამითა სძლევ“

მემარცხენეთა ლეგიონები პლანეტის მასშტაბით ბობოქრობენ. უფრო სწორად, იმ ადგილებში სადაც „მჩაგვრელი და ექსპლუატატორი“ კაპიტალისტური ელიტა ამის საშუალებას აძლევს „უსაქმურების, ქურდების, მოძალადეებისა და კანონდამრღვევთა ამორფულ მასას, რომელსაც ვუდსტოკის ნოსტალგია კვებავს და საკუთარ ყალბ სიმართლეშია დარწმუნებული“ (ზუსტი შეფასებისთვის მადლობა ფრენკ მილერს). თავი გავანებოთ იმას, რომ „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობის წევრები პროდუქტიულ საქმიანობაში მხოლოდ მაშინ ჩაებნენ, როდესაც პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნების უგულებელსაყოფად ფიწლებისა და კომბლების დამზადება დასჭირდათ და მათი მოთხოვნები აბსურდულობის, როგორც სიტყვის მნიშვნელობას აფერმკრთალებს. მთავარი პრობლემა მემარცხენეობის, როგორც იდეოლოგიის გამძლეობა და სიცოცხლისუნარიანობაა. შესაბამისად, საკითხავია რა განაპირობებს ამ ერთი შეხედვით ადამიანური ბუნების წინააღმდეგ მიმართული მოძღვრების გადარჩენასა და მოძლიერებას რომლის კრახი დაახლოებით 2 ათწლეულის წინ ეჭვს არ იწვევდა - დღევანდელ მსოფლიოში არსებული კრიზისული სიტუაცია, თუ მედიაშია, აკადემიასა და პოლიტიკურ ელიტაში დამკვიდრებულ კულტურულ მარქსისტთა (რომელიც სულაც არ არის ნორვეგიელი ანდერს ბერინგ ბრეივიკის მიერ მოგონილი ტერმინი) ძალისხმევა, და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ იდეოლოგიის ადეპტებთან დაპირისპირებისას.
საქართველო, ისევე როგორც გარესამყაროსთან მეტნაკლებად ინტეგრირებული სხვა ნებისმიერი ქვეყანა მის საზღვრებს გარეთ მომხდარი მოვლენების მიმართ იმუნური სულაც არ არის. მოსაზრება, რომ საბჭოთა ტყვეობიდან თავდახსნილ ქვეყანაში მემარცხენე ფილოსოფია საუკუნოდ იქნება დისკრედიტირებული, სახიფათო ილუზიაა. ამის ნათელი დადასტურება, ამერიკელი „ოკუპანტებისთვის“ მათი ქართველი ამხანაგების (არავითარი ორაზროვნება) მიერ გამოცხადებული მხარდაჭერაა, რომელთაც არანაირი მორალური უხერხულობა არ უგრძვნიათ, სანახევროდ მართლაც ოკუპირებულ ქვეყანაში, ამჯერად უკვე დედაქალაქის ოკუპაცია ზულუს ტომის აღტყინებით მოეთხოვათ. სამწუხაროდ, მემარცხენეთა მორალური სტანდარტები არასოდეს იწვევდა აღფრთოვანებას და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ოკუპანტების“ დიდ ნაწილს ის სტუდენტები შეადგენენ, რომელთაც ერთი უცხო ენის სწავლას, უგემოვნოდ მორთული ბანერებით პროტესტი და მემარცხენე მანიაკთა ფრაზების დაზეპირება ურჩევნიათ, შეგვიძლიათ გული დავიმშვიდოთ, რომ არც აკადემიური სტანდარტების მიხედვით ბრწყინავენ.

თუმცა, არაადეკვატური წინააღმდეგობის შემთხვევაში, რომელიც ხშირად მემარჯვენეთა მიერ სიტყვის თავისუფლების პატივისცემით და მემარცხენეთა ავადმყოფური ინფანტილიზმის დროთა განმავლობაში გაქრობის იმედითაა გამოწვეული, ხალხს რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ებრძვის პიროვნული პასუხისმგებლობის იდეას სულ უფრო მეტი მიმდევარი უჩნდება. ახალგაზრდათა გონება ყოველთვის გახსნილია რევოლუციური აზრების მიმართ და იმ ლეგიტიმურ მისწრაფებას, იყვნენ უკეთესნი ვიდრე მამების თაობა, მემარცხენე პროპაგანდა მარტივად გარდაქმნის წინა თაობის უსარგებლო სიძულვილში და არაფრისმომცემი, დესტრუქციული ამბოხის სურვილში, რაც ხშირად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შემაკავშირებელი პრინციპებისა თუ მორალური ნორმების ხელაღებით უარყოფაში გამოიხატება. ამის დასამტკიცებლად ის ზიანიც იკმარებს, რომელიც ამერიკის სამხედრო ოპერაციას ვიეტნამში ჰო-ში-მინის ბილიკებზე მეტად, ბერკლისა და კენტის უნივერსიტეტების დერეფნებმა მიაყენეს. ამის გარდა, მემარცხენეებს მათი იდეოლოგიურ პოზიციასთან თანხვედრაში არმყოფი ჯგუფების სუსტი წერტილების იდენტიფიცირების ბრწყინვალე უნარიც გააჩნიათ და მუსლიმების მსგავსად, რომლებიც ვერასოდეს ვერ შეურიგდებიან ერთ დროს „დარ-ალ-ისლამს“ მიკუთვნებულ ისრაელის ტერიტორიაზე  დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოს არსებობას, საკუთარი ნებით არასოდეს დათმობენ მოწინააღმდეგეთა გულუბრყვილობით, საზოგადოების გახსნილობით თუ სხვა გზებით მიღებულ მონაპოვარს.

იმის მიუხედავად, რომ მემარცხენე იდეოლოგიის ნებისმიერი განშტოების სიმტკიცის დასამსხვრევად სულ მცირე ძალისხმევაა საჭირო, მოსახლეობის დიდ რაოდენობას სამწუხაროდ არ აქვს სურვილი და მზაობა თუნდაც ამ მცირედის გასაღებად, რის გამოც მემარცხენეთა ფანტასტიკის ზღვარს მიღმა მყოფი ლოზუნგები თუ მოწოდებები არასოდეს გადის მათი უარყოფისთვის საჭირო ინტელექტუალურ სკრუტინიზაციას. ამასთან გასათვალისწინებელია ადამიანურობის ფაქტორიც, სადაც უზრუნველი ცხოვრების უტოპიური პერსპექტივა ხშირად ჯაბნის რაციონალურ გათვლებს და ინდივიდს „მსუყე“ შემოთავაზებების მიღებისკენ განაწყობს. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა, საკუთარ გაჭირვებაში ვინმე სხვას (მთავრობას, ბიზნესს, ავისმოსურნე მეზობელს და ა.შ.) ადანაშაულებს და მემარცხენეთა პირადი პასუხისმგებლობისგან დაცლილი მოძღვრება, სწორედ მათზეა გათვლილი (თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ სკოლაში დაბალი ნიშნის მიღებისას რამდენჯერ დაგიდანაშაულებიათ საკუთარი თავი და რამდენჯერ „ბოროტი“ მასწავლებელი). მემარცხენეები ცდილობენ საკუთარი პოზიციების გამაგრებას უნივერსიტეტებში, მედიაში, კულტურისა და ხელოვნების სფეროში. მოსახლეობის ნებისმიერ ფენასთან მათი წვდომის ხარისხი მეტად მაღალია. ჩვენი პასუხი უნდა იყოს არანაკლებ მოქნილი და შესაბამისი.

გენერალი კრეიტონ აბრამსი ცინიკურად ეკიდებოდა „გულისა და გონების მოგების“ კონცეფციას. მისი თქმით, თუკი მოწინააღმდეგეს კვერცხებში წაავლებდი ხელს, გულიც და გონებაც უმალ მოჰყვებოდა. ამ შემთხვევაში მსგავსი მიდგომა გაუმართლებელია. პასუხი საფუძველშივე უნდა გამორიცხავდეს ძალადობას,  რაიმე სახის დისკრიმინაციას ან ნებისმიერი ფორმის უკანონობას.  მემარცხენე იდეების დამარცხება უნდა მოხდეს სამიზნე აუდიტორიის გონებასა და გულში. მოხდეს წესების სრული დაცვით და ეფექტურად. ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდიდან, ზოგიერთი ფართოდ გამოიყენება საზღვარგარეთაც, ზოგიერთი კი ალბათ საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული სახეცვლილებით მხოლოდ აქ გამოდგება. აღსანიშნავია ისიც, ისევ და ისევ საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სასტარტო პირობები მეტნაკლებად ნორმალურია.

  1. პირველი წესი, რომელიც მხედველობაშია მისაღები, არის მემარჯვენე დისკურსის გამარტივება. მემარცხენეებს აშკარა უპირატესობა აქვთ საკუთარი სათქმელის ხალხთან მარტივად მიტანის კუთხით, ისინი მარტივად ქმნიან მტრის ხატს, ახდენენ მხარდამჭერთა მობილიზებას და იყენებენ პოპულიზმის იარაღს. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი მემარჯვენე კონსერვატორების დისკუსიას ბოლოს მხოლოდ მისი მონაწილენი თუ შემორჩებიან ხოლმე, რადგან ხშირად აბსტრაქტულ თემებზე საუბარს, სჯობია მკაფიო, კონკრეტული და მიმზიდველი იდეების წამოწევა, როგორიცაა ჰერმან კაინის სამი ცხრიანის გეგმა.
  2. აუცილებელია მაქსიმალური თავის შეკავება ოპონენტთან ცინიკური ან დამამცირებელი მოპყრობისგან (მხედველობაშია არა ჩამოყალიბებული მემარცხენე, რომლის ყველა აზრის დისკრიდიტირება უნდა მოხდეს, არამედ რიგითი ინდივიდი) რადგან ჩვენთვის მთავარი ოპონენტის განადგურება კი არა მისი გადარწმუნებაა. შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით კიდევ უფრო გავაღრმავებთ მის ანტაგონიზმსა და ხელს შევუწყობთ მის რადიკალიზებას.
  3. საჭიროა მოხდეს მემარცხენეთა ნეგატივზე ორიენტირებული დისკურსის განეიტრალება. თუკი ისინი აქცენტს აკეთებენ ჩაგვრაზე, ძარცვაზე, ექსპლუატაციაზე, სიხარბესა და უთანასწორობაზე, საჭიროა მოხდეს აქცენტირება პოზიტივზე, ანუ იმ მატერიალურ თუ არამატერიალურ სიკეთეებზე, რაც თავისუფალი ბაზრის მქონე საზოგადოებას მოაქვს. თუკი შევძლებთ ობიექტურად წარმოვაჩინოთ ყველა ის მავნე ეფექტი, რაც მემარცხენე იდეების ცხოვრებაში გატარებას სდევს თან  (კეთილდღეობის სახელმწიფოს ნაკლოვანებები, ბიზნესის შევიწროვება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესება, საზოგადოებაში არსებული ფასეულობების დისკრედიტაცია, მოსახლეობის გაზარმაცება, ეკონომიკური ზრდის შეჩერება, საბიუჯეტო დეფიციტი და ა.შ.) ამ მიმართულებით ჩვენი უპირატესობა აშკარაა და მისი გამოყენება სრულად უნდა მოხერხდეს.
  4. მთავარი პრიორიტეტი, მოსახლეობასთან ურთიერთობა და მისი მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვება უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იარსებებს საფრთხე იმისა, რომ მოხდეს უკვე მიღწეულის გაუქმება. ლარისა ბურაკოვას წიგნში „Почему у Грузии получилосьნახსენები ქართველი რეფორმატორები, რეფორმების დამუხრუჭების და ზოგიერთ სფეროში მწვავე დაპირისპირების მთავარ მიზეზად მოსახლეობამდე და სამოქალაქო საზოგადოებამდე მათი იდეების სრულად და გასაგებად ვერ მიტანას ასახელებენ. ადამიანები არ იბადებიან ტვინში ჩაბეჭდილი იმ აზრით, რომ საბაზრო ეკონომიკის შექმნისკენ მიმართული რეფორმები უალტერნატივოა. ამისთვის ხარისხიანი და შედეგზე მიმართული საგანმანათლებლო ღონისძიებებია საჭირო, რისთვისაც ღირს გარკვეული ხარჯის გაწევა.
  5. შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, თითქმის შეუძლებელია კონსერვატიულად მოაზროვნეთა ბირთვის ჩამოყალიბება საქართველოს ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკისა და ფილოსოფიის სწავლების კურსები, ხოლო იქ სადაც ამის საშუალება ნაკლებადაა, უნდა შევძლოთ იმის უზრუნველყოფა, რომ სტუდენტები სულ მცირე ისმენენ განსხვავებულ აზრს და მეინსტრიმული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ არ ექცევიან.
  6. არ არის აუცილებელი ლიბერთარიანელ მოაზროვნეთა ყველა იმ შეხედულების სასწრაფო წესით დანერგვა, რომელიც სოციალური ლიბერალიზმის საკითხებს ეხება. პრიორიტეტული უნდა იყოს საბაზრო - პოლიტიკური გარდაქმნა და სოციალური პროგრამების მინიმუმამდე დაყვანა. მთავარი რესურსი სწორედ მის ადვოკატირებაზე უნდა დაიხარჯოს. ასეთ დროს შეუძლებელია ყველასთვის მოსაწონი დარჩე, თუმცა ალტერნატივა მემარცხენეთა გამარჯვებაა.
  7. ფაქტია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ინდოქტრინაციას შორის ხშირად ტოლობის ნიშანი ისმება. კულტურული ინდოქტრინაციის საკვანძო ელემენტი პოლიტკორქტულობა - მემარცხენეთა მაჟინოს ხაზია. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი იმათ, ვინც საკუთარ სათქმელს დაუფარავად იტყვის და საზოგადოებიდან ოსტრაკიზებისა და მარგინალიზების შიში არ ექნება. შესაბამისად, მსხვილი ბიზნესის მხრიდან საჭიროა ხელი შეეწყოს მემარჯვენე იდეების წახალისებას, შეიქმნას სახელობითი სტიპენდიები და დაფინანსდეს ის კვლევითი ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დამქირავებლის სურვილის თანახმად ობიექტურსა და რეალურ სურათს შესთავაზებს ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს.  უნდა გაძლიერდეს ის მედიასაშუალებები, რომლებიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ მემარცხენე პროპაგანდას. უნდა გაშუქდეს ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მემარცხენეთა კონტროლქვეშ მყოფი მედია არასოდეს გააკეთებდა. ღიაობა, გამჭვირვალობა და თავისუფალი გარემო ეს ჩვენი მოედანია, სადაც მემარცხენე იდეებს გამარჯვების შანსი არ აქვთ.
რა თქმა უნდა ყველა ეს მეთოდი გამარჯვების უნივერსალური რეცეპტის ინგრედიენტი არ არის და დროთა განმავლობაში დახვეწა, განახლება და შევსება სჭირდებათ, ხშირ შემთხვევაში კი კიდევ უფრო გავრცობა და დეტალურად ჩამოყალიბება. შესაძლოა ისინი ბევრს ზედმეტად მკაცრი ან საქართველოს ამჟამინდელი სიტუაციისთვის არარელევანტური ეჩვენოს, მაგრამ დემოკრატიული და პლურალისტული სამოქალაქო საზოგადოება სწორედ აზრთა ჭიდილში, შეხედულებათა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლაში, კონკურენციაში ყალიბდება, აღნიშნულ პოსტში კი ჩემი აზრით ასეთი ჭიდილის წარმართვის აუცილებლობა და მასში გამარჯვების გზებია მოცემული. ამგვარი ინტელექტუალური დაპირისპირების საშუალება მემარცხენეთა გამარჯვების შემთხვევაში აღარ იქნება, რადგან განსხვავებულ აზრი ან იატაკქვეშ გადაინაცვლებს, ანაც პოლიტკორექტულობის გადაულახავი კედლის ქვეშ დაიშრიტება.


(c) ლევან წკრიალაშვილი; 2011 წ.

3 comments:

  1. ივანე კოპაძეNovember 18, 2011 at 7:33 AM

    მშვენიერია!

    ReplyDelete
  2. ივანე მრისხანეNovember 18, 2011 at 9:41 AM

    წიგნები წერე ლევანა წიგნები

    ReplyDelete
  3. "მემერაცხენეების კონტრლქვეშ მყოფი მედია" მომეწონა:)
    საქართველოში, ნაციონალური მასშტაბის ელექტრონული მედია სახელმწიფოს კონტროლქვეშაა ჯერჯერობით და მოქმედ ხელისუფლებას (სახელმწიფოსთან რომ აიგივებს თავს), მოქალაქეთა ლუმპენიზაციის მეტი არაფერი უკეთებია ჯერჯერობით. სასაცილო ხალხი ხართ, მოკლედ: მემარცხენე იდების გავრცელებისთვის ნოყიერ ნიადაგს თავად ქმნით და მერე, ამ ნიადაგის პოტენციურ ამთვისებელთა მიმართ იმდენად მძაფრი, ფანტომური ხასიითის შიშები გაწუხებთ, რომ ტრაქტატებს წერთ აქ:)))))

    ReplyDelete