Sunday, April 3, 2011

ბორჯომი გრუზინულად

რა დროს 37 მანეთიანი ბილეთია და რაღა დროს ნატაშა... ამაზე იმდენჯერ დაწერილა და თქმულა, რომ თვალწინ მიდგას მოკოვში გადაფრენ-გადმოფრენა (მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვყოფილვარ) და ნატაშასთან გართობაც კი თითქოს ჩემი მოგონებიდან არის (მიუხედავად ჩემი სქესისა და ორიენტაციისა).

საქმე ნატაშასაც და გულავს რომ გასცდეს, კიდევ უფრო ნაცნობ , საკითხზეც დავწერ. აბა რაც არ გამიგონია და ვერც წარმოვიდგენ, რომ შეიძლება მეც ვყოფილიყავი ამ ისტორიის გმირი, იმაზე დაწერა ჩემი მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება. თუმცა... ბოლოსდაბოლოს ეს ხომ ბლოგია, ხოდა ჩემს უპასუხისმგებლობასაც აიტანთ თუ მაინცდამაინც სხვაგან გადავუხვევ.
ერთი სიტყვით დავწერ ბორჯომზე, ღვინოზე, კეპიან და ჰალსტუხიან საქმიან ქართველებზე, რომლებიც იყვნენ (ფილმებიდან მახსოვს, დაახლოებით ,,მიმინოს'' მსგავს გმირებზე და რძის ქაღალდის სამკუთხა პაკეტებზე...
კიდევ იმაზე, რომ ყველა ჩვენგანის თუ არა, მეზობლის, ნათესავის, ახლობლის ჯარის რუს გენერლის ცოლზე და შვილზე, გენერლის რომელიც რატომღაც სულ ქართველი ვაჟკაცის ჩასიძებას ცდილობდა;
სექსზე, რომელიც არ გვქონდა და მაინც გვქონდა; იმაზე რომ ჩვენი კაცები რუსეთში ,,ნაშებთან'' გარბოდნენ და ჩვენ კი ქალიშვილებად გვტოვებდნენ, სანამ ჩელიაბინსკიდან არ ჩამოვიდოდნენ და ქართული ოჯახის შექმნას არ გადაწყვეტდნენ. იქ კი ტოვებდნენ ნატაშას, რომელიც ან ბავშვით, ან უბავშვოდ, ცხარე ცრემლს ღვრიდა და თავის გრუზინ სატრფოს მორიგ გადაფრენას ელოდა (ან არც ელოდა).
თუ ვინმე მაინც, ქართველ ,,პატიოსან'' ქალიშვილს, ნატაშას სიყვარულს ამჯობინებდა, აქ უკვე ოჯახი და სანათესაო ჩაერთვებოდა საქმეში და ,,რუსის ქალს სახლში არ შემოგაშვებინებს '' პრინციპით, ხშირად გრუზინული ჯიგრული ოჯახის შექმნით სრულდებოდა ეს ამბავი.
(ეს შეიძლება სულაც არ იყოს ყველა თქვენთაგანისთვის ნაცნობი, მაგრამ ჩემს სიახლოვეს, იმდენად ახლობელი სიტუაციაა, რომ რატომღაც მგონია, ყველას ახლოს ტრიალებდა ეს სინამდვილე და თითქოს ჩვენი მაშინდელი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი, ბუნებრივი შემადგენელი კომპონენტი იყო).
რა სასიამოვნო გასახსენებელია ქართული ჭაჭით და ღვინით გაჩარხული საქმე. მერე შენი ,,ღორივით გალეშილი'' მასპინძლის ცოლთან გართობით იბლატავებდი შინ დაბრუნებული და სამხიარულო თუ სამგლოვიარო სუფრებზე ამას სადღეგრძელოების ფონადაც კი აყოლებდი. რამდენი ასეთი საქმის გაჩარხვა მსმენია და რამდენ სუფრაზე.... მოურიდებლად, ქალებსა და ბავშვბის თანდასწრებითაც კი. თითქოს ახლო წინაპართა საგმირო საქმენის მოსმენა ტრადიცია იყო. ყურდაცქვეტილი ახალგაზრდები უსმენდნენ და ალბათ ფიქრობდნენ, რომ ეს მათი ,,ოცნების სამყარო'' იყო. მამების სამყარო, რომელიც შვილებს მემკვიდრეობითაც არ ერგოთ. უსამართლობაა აბა რა?! ,,არა რა.... არ უნდა დანგრეულიყო საათივით აწყობილი ქვეყანა. ხალხი ერთმანეთს პატივს სცემდა. მაშინ კაცობას ფასი ჰქონდა... აბა ეხლაა? სულ გათახსირდა ქვეყანა''. (ხო, ის არ დაგავიწყდეთ, რომ გათახსირებული ქართველი ,,პაპიროზის'' მწეველი ქალები, აბა რა აზარტია.... გადაფრენა-გადმოფრებნას სხვა მუღამი ჰქონდა). 

და ამ დროს, ერთი, რაზეც სულ ვფიქრობდი, მთელი საბჭოთა კავშირი ჩვენს ხელში ყოფილა, ჯარში ,,სტოსიც'' ჩვენ მიგვყავდა, საქმის კეთებაში ბადალი არ გვყავდა, რადგან ხელგაშლილები და სექსგაშლილებიც ვყოფილვართ; ისედაც ხომ უნიკალური ხალხი ვართ და ჩვენზე მაგრები, არც არავინ ყოფილა იმ ხალხებს შორის. რომლებიც ამ დიად ,,სამშობლოში'' შედიოდა... რა საკვირველია, რომ ჩვენ არ მოვახდინეთ ოკუპაცია რუსეთის რაღაც ნაწილის მაინც, ან მეზობლებს მაინც არ დავერიეთ. ყველაფერი ხომ ჩვენს ხელში იყო? მაინტერესებს, ასეთი მაგრები, როგორ ვუთმობდით დედიკოებს ნატაშას ცრემლებს და ხშირად საკუთარ შვილზე ვამბობდით უარს?
ან ჯარი, რომელშიც ,,პარადი მიგვყავდა'', სადაც ჩვენს ნასკებს სხვები, ჩმორები რეცხავდნენ და კარტოფილს ჩვენს ნაცვლად თლიდნენ, რატომღაც სულ ჩვენს წინააღმდეგ როგორ არის განწყობილი?
ალბათ იმიტომ, რომ ნატაშას დედიკოები შურის საძიებლად ჩაეწერნენ რუსულ ჯარში და ვაჟკაცი გრუზინებს აბა სხვა რაღა დარჩენიათ, ქალზე ხელს ხომ არ აღმართავდნენ(აქ, მარტო ცოლების ცემა მოსულა).
მოკლედ, ეს კითხვა რომ არ მაწუხებდეს, სხვა კიდევ, ასე თუ ისე გასაგებია. ბოლოსდაბოლოს ჩვენ პურს ,,უნივერმაღში'' ცალობით ვყიდულობდით, ისინი კი ნაჭერ-ნაჭერ... ჩვენ დასალევი იმდენი გვქონდა, ბანაობა შეგვეძლო, ისინი კი საწყობიდან, ერთ ბოთლ ჭაჭაზე პოლონურ ფეხსაცმელს პირზე კოცნით გვატანდნენ. 
ჩვენ ბორჯომი გვაქვს და მაგარი მოქეიფე ხალხი ვართ, ისინი ბანძი ვანიები.
ჩვენ ბორჯომი გვაქვს და ისინი კი ლოთები არიან. 
ჩვენ სულ პახმელიაზე ვართ და თან ბორჯომი გვაქვს. 
ისინი სულ მთვრალები არიან და ბორჯომს პახმელიისთვისაც ვეღარ შოულობენ. 
ჩვენ ქალიშვილები გვყავს და თან ბორჯომიც გვაქვს, მათ ქალიშვილებიც არ ჰყავთ და თან შავგვრემანი ბავშვები დახვდათ 9 თვის მერე სახლში. 
ჩვენ ბორჯომი გვაქვს, და როცა გვინდა მაშინ ვსვამთ, მათ ბორჯომი აღარ აქვთ და უნდათ.
ჩვენ ვქეიფობთ და ისინი ლოთობენ.
ჩვენც გვინდა და მათაც არ აქვთ.

ოხ რა მაგარი იყო, გენერლის ქალიშვილი.... ვიღაცას დაენანა... ხოდა ეხლა, ევროპელი ქალის დაკმაყოფილება არ გინდა? როცა მის შესაბმელად თავდაჯერებულობა არ გაქვს, ისევ იქ, შენს საყვარელ ჩელიაბინსკში გინდა გადაფრენ-გადმოფრენა. განა ეს დანაშაულია? განა დანაშაულია ახალგაზრდობა რომ გახსენდება, ,,კრასნაია მასკვა'' და წითელი მიხაკები პაემანზე. არა რა.... საათივით აწყობილი ქვეყანა... 

ეი ბიძაჩემო! რატომ არ გინდა დაიჯერო, მატარებელმა ჩაიარა. შენი ნატაშასთვის მთელი საქართველო ისევ იქ დაბრუნებას არ აპირებს, გინდაც სიყვარულის ღმერთი გერქვას.
დამისხით ერთი გრუზინული ბორჯომი მოგვენატრა, ქალები ექსპორტზე და ,,შაშლიკი'' გენერლის სახლში. ქაღალდის პაკეტის რძეს, ქართველები არ ვსვავთ ვოვა. ჩვენ ღვინო გვაქვს და ბორჯომი.

ძილის წინ ნატაშა შვილს : - Твои папа вернётся, Владьимир Владьимирович абещал!



(c) ეკა ექიზაშვილი 2011 წ. 

10 comments:

  1. ესეთი უმიზნო და უაზრო სტატიის წერას ჯობია საერთოდ არ დაწეროთ არაფერი :) , ვერ დავინახე ვერანაირი მიზანი, პრობლემა ან რამე რამაც სტატიის ავტორი აიძულა ეს ყველაფერი დაეწერა.... გავიგეთ უკვე დიდი ხანია, რომ მამების თაობა დარჩა წარსულში და ის დრო აღარ დაბრუნდება, დაცინვაც არ იქნება ახალი და არამობეზრებული. ხოდა ასე ორმოცდაათი წლის მერე, ჩვენი შვილებიც ზუსტად ესეთ უაზრობებს დაწერენ ჩვენზე და ისეთივე სასაცილო ვიქნებით მათ თვალში, როცა ცრემლმორეული მონატრებით მიშა სააკაშვილის დროს გავიხსენებთ ცრემლმორეული მონატრებით... რეალურად კი არა მიხეილ სააკაშვილის მმართველობა და ბედნიერი სახე მოგვენატრება, არამედ ის წლები როცა ახალგაზრდები, ჯან–ღონით სავსეები , მიმზიდველები ვიყავით და ბოლოსდაბოლოს გვიდგებოდა მაინც (გვერდები)..
    ასე რომ ესე მკაცრადაც ნუ განვსჯით ამ ჩვენს მამებს, მეზობლებს და იმათ ობლად დაყრილ შვილებს მოსკოვში, რაიცი ჩვენ რაზე დაგვცინებენ აწი :)

    ReplyDelete
  2. წერილის მიზანი? რუსეთის სიყვარულის გულიდან ამოგდება და შეხსენება იმისა,რომ საბჭოეთის მიმართ ნოსტალგია სამარცხვინოა!!! შესაბამისად ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი შვილების თუნდაც დამცინავ ტექსტებში -ბანძი საბჭოეთის მოგონებით და მონობით ტკბობა აღარ იქნება ჩვენზე დაცინვის მიზეზი.

    ReplyDelete
  3. ფარსმან სპარსიApril 4, 2011 at 12:12 AM

    გული მწყდება რომ ეს ბლოგი ამ უაზრო, უმიზნო, უშინაარსო და ყოველივე ღირებულს მოკლებული სტატიით დამახინჯდა. კარგი ბლოგი იყო, მიხაროდა აქ შემოსვლა. მიუხედავად იმისა რომ სტატიის ავტორებს ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი ხოლმე, მაინც სიამოვნებით ვკითხულობდი ყველაფერს, რადგან ავტორები მართლაც რომ კარგ და ჯანსაღ ამბიციებს ავლენდნენ.

    ამ უაზრო სტატიის შემდეგ კი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ეს ბლოგი რიგით უკანალის ქანქარისთვის განკუთვნილ ბლოგად, სადაც სხედან და ნაცვლად ღრმა, თეორიული ანალიზისა, ნაცვლად სხვადასხვა მეცნიერულ მოსაზრებებზე დაყრდნობილი სტატიებისა იწერება ასეთი სისულეები.

    ყოჩაღ ბლოგის ავტორებო, თქვენ დღეიდან ამ სულელური სტატიით რიგით უსარგებლო ბლოგად შერაცხეთ თავისუფლების კლუბის ბლოგი!

    ReplyDelete
  4. სხვადასხვა ავტორია, თუ რომელიმე ავტორი არ მოგწონს არ წაიკითხო და სხვა ავტორის დადებული წაიკითხე რა პრობლემა შექმენით :))

    ReplyDelete
  5. თქვენთან ბოდიში, მაგრამ სექსუალურ ნიადაგზე დაბოღმილ და ასეთი ფორმით ქართველ მამაკაცებზე შურისმაძიებელ ქალის სტატიას უფრო ჰგავს ეს :)

    ReplyDelete
  6. არანაირი დაბოღმილი! ძალიანაც რეალური სტატიაა...როგორც ჩანს, ნატაშამონატრებულ მამრებს კუდი მოეწვათ! :)

    ReplyDelete
  7. :)ეს სტატია არ არის, ასე რომ ვერც უგემოვნო, დაბოღმილი ან კარგი სტატია ვერ იქნება :)
    მეორე, დიდი მადლობა ამ ბლოგის ავტორებს რადგან მოგეწონათ ბიჭებო და განათავსეს ჩემი ნაწერი :*
    მესამე - მიხარია თუკი გრუზინული პარტიის მიმდევრებს რბილად რომ ვთქვა -არ ესიამოვნათ მათი წარსულის თუ ნატვრის გაქილიკება :)
    რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ! ;)
    პატივისცემით - ნატაშა :)

    ReplyDelete
  8. დრო გვიჩვენებს რას ნახავენ და რას არა ქართველი კაცები, ზოგადად ეგეთი განზოგადება მეც არ მიყვარს "ქართველები ისაო და ესაო.." მაგრამ...

    როგორც თითიეული აზრის გამოხატვას წინ უსწრებს ამის მიზეზი, რომელმაც გამოიწცია ის, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ გარდა ზემოთ უკვე ნახსენებისა.. საფროიდო გასარჩევი ამოძახილია ქართველი ქალის ლიბიდოდან. კი შეიძლება სტატიის რაციონალიზაცია, მაგრამ პირველ რიგში ემოციური ფონი იგრძნობა და მერე აზროვნების შედეგი :)))

    ReplyDelete
  9. "ვსვავთ" :)

    ეს მაგრად ტეხავს. ისე, ავტორი სულის სიღრმეში ლიბერალურ ღირებულებებთან საკმაოდ მწყრალად უნდა იყოს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

    ReplyDelete
  10. "წერილის მიზანი? რუსეთის სიყვარულის გულიდან ამოგდება და შეხსენება იმისა,რომ საბჭოეთის მიმართ ნოსტალგია სამარცხვინოა!!! შესაბამისად ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი შვილების თუნდაც დამცინავ ტექსტებში -ბანძი საბჭოეთის მოგონებით და მონობით ტკბობა აღარ იქნება ჩვენზე დაცინვის მიზეზი."

    ReplyDelete