Monday, February 7, 2011

ცოტა რამ თავისუფლებაზედ...

Men fight for freedom; then they begin to accumulate laws to take it away from themselves.”
ტერმინი ლიბერალიზმი წარმოდგება ლათინური სიტყვა „Liber” – იდან, რაც „თავისუფალს“ ნიშნავს. იგი მეცხრამეტე საუკუნიდან მოდის, როდესაც ესპანეთში ლიბერალების პარტია შეიქმნა, კერძოდ,  1812 წელს.
„კლასიკური ლიბერალიზმი“ ან უბრალოდ „ლიბერალიზმი“ არის დასავლეთის ცივილიზაციის პოლიტიკური ფილოსოფიის გამოხატულება. ძირითადი პრინციპები და გამოხატულებები მრავალ დიად კულტურებში შეგვიძლია ვიპოვოთ. თუმცა, ლიბერალზმის მშობელი კონტინენტი ევროპაა.
დეცენტრალიზება და ძალაუფლების გადანაწილება ევროპის ისტორიის უწყვეტ ჯაჭვს ქმნის. რომის დაცემის შემდეგ, მეთვრამეტე საუკუნის ბოლომდე, არ ყოფილა ცივილიზაცია, რომელმაც შეძლო ევროპის, როგორც კონტინენტის, დაპყრობა. გაერთიანების საპირისპიროდ, ევრობა გახდა „მოზაიკა“ კონკურენტული ერებისა და ქალაქ-სახელმწიფოებისა. თავისუფლების იდეა ვითარდებოდა და საკმაოდ კარგ შედეგებსაც აღწევდა. თუმცა, მსოფლიო ომებმა განაპირობა კლასიკური ლიბერალიზმის შესუსტება და მთავრობებმა დაიწყეს საზოგადოებაში შეზღუდვების დაწესება.
უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალიზმის იდეოლოგია ბოლომდე და ამომწურავად არცერთ საზოგადოებაში არ განხორციელებულა. ხშირად აღნიშნავენ, რომ ლიბერალიზმს და ლიბერალურ საზოგადოებას სუსტი წერტილი გააჩნია: თავისუფალ საზოგადოებაში ადვილია საპირისპირო იდეოლოგია წარმოიშვას, გასაქანი მიეცეს და დაამხოს არსებული რეჟიმი. ამ მოსაზრებას გარკვეულწილად მეც ვეთანხმებოდი, მაგრამ რამოდენიმე ხნის წინ მოვისმინე ერთი მეტად საინტერესო ადამიანის აზრი, რაც შემდეგში მდგომარეობდა: ჭეშმარიტად ლიბერალური საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ავტოკრატული და შეზღუდვებისკენ მბიძგებელი ძალის განვითარებას. „რამეს დამიშავებ დედას გიტირებ“ – ესაა ლიბერალის ერთ-ერთი მთავარი თვისებაო და ჭეშმარიტად თავისუფალი საზოგადოებაც სწორედ ასე მოიქცევაო. ვფიქრობ ამომწურავი არგუმენტია იმისა, რომ არსებობს რაიმე სისუსტე. რაც შეეხება მოცემული აბზაცის პირველ წინადადებას, იმიტომ მოვიყვანე, რომ რადგანაც არ ყოფილა თავისუფალი საზოგადოება მთელი თავისი არსით, სწორედ ამიტომ წარმოიშვა შეზღუდვის მომხრე პერსონები და მასები მთელ მსოფლიოში. თუნდაც დღეს შეერთებულ შტატებში „სოციალისტ-დემოკრატები“.
დღეს მსოფლიოში უამრავი ხალხი უწოდებს თავის თავს ლიბერალს, თუმცა მათი ლიბერალიზმი მხოლოდ სახელშია გამოხატულია და მეტში არაფერში. ერთადერთი კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენლები არიან იმ იდეოლოგიის მატარებლები, რომელსაც ნამდვილი ლიბერალიზმი მოიცავს. იგი გამოიხატება მაქსიმალურ პიროვნულ თავისუფლებაში, კერძო საკუთრებასა და შეზღუდულ მთავრობაში. ქვემოთ წარმოგიდგენთ თითოეულს განხილულს დაწვრილებით.
ადამიანის პიროვნული თავისუფლება
ეს ცნება ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებასა და მის წევრებს შორის მაქსიმალურად მისაღები ურთიერთობის დასამყარებლად. შევეცდები მოკლე წესით ჩამოვაყალბო მაქსიმალური პიროვნული თავისუფლების ჩამოყალიბება:
  • „ადამიანს აქვს უფლება აკეთოს ის რაც უნდა, თუ ეს არ არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს.“
რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, აქაც განიხილება სიცოცხლის უფლება, კერძო საკუთრება და ამ ცნებას პლუს ღირსება.
თუმცა, საქმე შეიძლება გვქონდეს გამონაკლისებთან, მაგალითად განვიხილოთ სიტუაცია: პეტრე და პავლე მეზობლები არიან, ხოლო პეტრეს ძაღლი ღამ-ღამობით იყეფება და არ აძლევს პავლეს ძილის საშუალებას. პეტრე არ არის თანახმა რამე მოიმოქმედოს, რადგან მას სრულიად აკმაყოფილებს მოცემული ვითარება. პავლეს უფლებები ირღვევა. ამ შემთხვევაში არ გვაქვს შეხება სიცოცხლის, საკუთრების ანდა ღირსების უფლებასთან, არამედ ორი ადამიანის თანაცხოვრების პრობლემაა მთავარი მიზეზი. როგორც ვხედავთ მოცემული წესი არ უზრუნველყოფს ადამიანის მშვიდობიან და ბედნიერ თანაცხოვრებას. ამიტომაც არსებობს ისეთი უწყებები, სადაც შესაძლებელია გადაჭრილი იქნას მოცემული პრობლემა. მოკლედ რომ შევაჯამოთ ზემოთ მოყვანილი პატარა მაგალითით შემდეგი რამ უნდა აღვნიშნოთ: იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვრონ მოქალაქეებმა, საკმარისი არ არის ფურცელზე გაწერილი წესი. თანაცხოვრებისათვის, საჭიროა პეტრეს და პავლეს მზადყოფნა, ერთმანეთს გაუწიონ ანგარიში, და წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე და იცხოვრონ ერთმანეთის მეზობლად ბედნიერად.
თავი რომ დავანებოთ მოცემულ მაგალითს, ისედაც შეიძლება აღინიშნოს, რომ მორალისა და ურთიერთდათმობის გარეშე ადამიანების თანაცხოვრება შეუძლებელია, იყოს ეს ლიბერალური ანდა შეზღუდული საზოგადოება. ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითიდან შეიძლება ითქვას, რომ არა ლიბერალიზმში ან ნებისმიერ იდეოლოგიაშია პრობლემა, არამედ თვითონ ადამიანებში.
არსებობს მრავალი მოსაზრება თუ რატომ არის საჭირო პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა და ადამიანის ჩარჩოებში მოქცევა. ყველაზე მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ზოგადად ადამიანები ვერ საზღვრავენ, თუ რა არის მათთვის უკეთესი და რა უნდა გააკეთონ ბედნიერი მომავლის შესაქმნელად. ამიტომ გარკვეული ადამიანთა ჯგუფები იღებენ პასუხისმგებლობას გადაწყვიტონ სხვა, „უჭკუო“, ადამიანების მაგივრად. ამის მრავალი მაგალითი არსებობს. შეგვიძლია განვიხილოთ დღევანდელ დღეს არსებული ერთ-ერთი დავის საგანი – საჭესთან ჯდომის დროს უსაფრთხოების ქამრის ხმარების აუცილებლობა. ასეთი წესის ერთადერთი და ყველაზე დიდი არგუმენტი უსაფრთხოებაა. თუ ადამიანი თვლის, რომ მისი სიცოცხლე მთავრობისთვის უფრო ღირებულია ვიდრე მისთვის, მაშინ შესაძლებელია იგი უპრობლემოდ დათანხმდეს ასეთ წესს, მაგრამ მეეჭვება ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს შეხება. თავდაპირველად, როდესაც დააკანონეს ღვედების აუცილებლობა, გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა. ამ უცნაურ მოვლენას ძალიან მარტივი ახსნა ქონდა: როდესაც მძღოლებს აიძულეს ღვედის შემოჭერა, მათ თავი უფრო უსაფრთხოდ და ნაკლები რისკის ქვეშ იგრძნეს და სიჩქარეს და სახიფათო სიარულს მოუმატეს, რასაც არც თუ ისე სახარბიელო შედეგები მოჰყვა.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს თვითონ მეტად ანაღვლებს მისი სიცოცხლე და არსებობა ვიდრე ნებისმიერ სხვას და ვერავინ ასწავლის, თუ რა არის მისთვის კარგი.
შემდეგი მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ ჯანდაცვასთან და პენსიებთან დაკავშირებით. მრავალ ქვეყანაში გავრცელებულია მიდგომა, რომელიც გულისხმობს ჯანდაცვისათვის საჭირო თანხებისა და მოხუცებულობაში პენსიის იძულებით უზრუნველყოფას მოქალაქეების მხრიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, სახელმწიფო მავალდებულებს ჩემი შემოსავლის გარკვეული ნაწილი გადავდო ბიუჯეტში, რადგან გასაჭირის ან მოხუცებულობის დროს სახელმწიფო დამაფინანსებს და არავის კმაყოფაზე არ ვიცხოვრებ. ასეთი მიდგომა არასწორია. ამ პასუხის დასაცავად რამოდენიმე არგუმენტის მოყვანაა შესაძლებელია. თავდაპრველად განვიხილოთ იძულებითი საპენსიო შენატანი:
  1. იძულებით დაზოგილი ფულით შესაძლებელია მეტი სარგებელი მენახა ან წარმატებული ინვესტიცია განმეხორციელებინა, რაც მეტი ფულის დაზოგვას გახდიდა შესაძლებელს სიბერის უზრუნველსაყოფად.
  2. სახელმწიფო ეფექტიან პროცენტს ვერ დაადგენს ხელფასიდან გადასახდელად, რადგან ზოგს მეტი დაჭირდება სიბერეში, ზოგს ნაკლები.
  3. შეიძლება ადამიანს საერთოდაც არ დაჭირდეს უზრუნველყოფა, რადგან სიბერემდე ვერც მიაღწიოს გარკვეული მიზეზების გამო და მთელი დაზოგილი ფული სახელმწიფოს დარჩეს. ამ ფულის გამოყენება კი ძალიან სასარგებლოდ შეეძლებოდა მოქალაქეს.
  4. ჩემი აზრით, ყველაზე ღირებული არგუმენტი სწორედაც შეზღუდვისადმი უკმაყოფილებაა, რადგან ჩემი საქმეა რამდენს დავზოგავ ან საერთოდ დავზოგავ თუ არა, რადგან ჩემი ცხოვრების მმართველი მე ვარ და სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს რა იქნება ჩემთვის უკეთესი.
რაც შეეხება ჯანდაცვას, აქაც მსგავსი არგუმენტების მოყვანაა შესაძლებელი:
  1. დაზოგილი ფულით სხვა სარგებელი და სხვა მომგებიან საქმეში ინვესტირება, რა დროსაც შანსია იმის, რომ ბევრად მეტი ფული ვიშოვო და უკვდავების წყალის ექსპერიმენტიც კი დავაფინანსო
  2. სახელმწიფო ვერ დაადგენს ეფექტიან შენატანის ოდენობას, რადგან მე შეიძლება მთელი ცხოვრება გრიპის ვირუსიც კი არ შემხვდეს და დაზოგილ ფულს მეეჭვება სახელმწიფო აბრუნებდეს
  3. შესაძლებელია უცებ რამე მომივიდეს და დაზოგილი ფულის გამოყენება ვერც კი მოვასწრო
  4. თავისუფლების შეზღუდვა და იმის ცოდნა, რომ შენს ჯანმრთელობაზე მთავრობა შენზე უკეთესად ვერ იზრუნებს.
ასეთი მრავალი მაგალითის მოტანაა შესაძლებელი, რაზეც მუდამ დავობს ადამიანთა ერთი ნაწილი მეორესთან, თუ რა იქნება უკეთესი საზოგადოებისათვის. მე მხოლოდ რამოდნიმე მაგალითი მოვიყვანე პიროვნული თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. არის კიდევ უამრავი პრობლემა: მსუფუქი და მძიმე ნარკოტიკების გამოყენებაზე შეზღუდვები, სიტყვის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, აბორტის დაშვება, საგზაო შეზღუდვები, უამრავი სულელური წესი, როგორიცაა მაგალითად სინგაპურში საღეჭი რეზინის აკრძალვა და ა.შ. სია შეიძლება ძალიან გაგრძელდეს და ბევრიც ვიდავოთ ამა თუ იმ საკითხებზე.
კერძო საკუთრება
ყველანაირი დანაშაული შეგვიძლია ერთი მარტივი სიტყვით დავახასიათოთ – ეს არის ქურდობა. დაწყებული მსუბუქი და დამთავრებული მძიმე დანაშაულით არის ქურდობა. სხვისი ფულის, პირადი ნივთის, მანქანის მოპარვა თავისთავად აღიქმება ქურდობად. თუმცა, მკვლელობაც კი – ეს ქურდობაა, რადგან ადამიანს ამით პარავ (ართმევ) მის საკუთრებაში მყოფ სიცოცხლეს, მომავალს. ტყუილის თქმა და თაღლითობაც ქურდობაა, რადგან ჰპარავ შესაძლებლობას, იცოდეს სიმართლე.
ზემოთ მოყვანილი აბზაცით ილუსტრაცია გავაკეთე იმისა, რომ დაუშვებელია ადამიანს მოჰპარო ის, რაზეც მას უფლება ღმერთმა და ბუნებამ მისცა. კერძო საკუთრება ყოველთვის არსებობდა, ვითარდებოდა და იზღუდებოდა. შექმნისთანავე, ადამიანს გაუჩნდა სიცოცხლის საკუთრება. დღეს პოპულარულია მოსაზრება, რომ კერძო საკუთრება კაცობრიობის დიდი მტერია, რადგან ბუნებაში არასამართლიანად ნაწილდება ესა თუ ის ნივთი, სახლი, ფული თუ მიწა. არსებობს იდეოლოგია, რომელიც ცნება „საკუთრებას“ სრულიად უარყოფს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საკუთრების გარეშე განვითარება და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია. მოცემულ წერილში არ დავიწყებ მოსაზრებების კრიტიკას, რადგას ამას მეტი ძალისხმევა ჭირდება და უბრალოდ ვეცდები კერძო საკუთრების მხარდამჭერი არგუმენტები გავამყარო.
კერძო საკუთრება, უპირველეს ყოვლისა, ეს არის უდიდესი მოტივატორი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც ადამიანმა იცის, რომ რაც მეტს გაირჯება, მით უფრო გაიზრდება მისი დოვლათი, მატერიალური თუ არამატერიალური, ის ყველანაირად ცდილობს აკეთოს ესა თუ ის საქმე ყველაზე უკეთესად. საკუთრება უბიძგებს ადამიანებს კონკურენციისკენ, რადგან ყველანაირი რესურსი სამყაროში შეზღუდულია. კონკურენცია კი განვითარების წინაპირობაა. მის გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. ადამიანი თავისი ბუნებით მიისწრაფის მეტისკენ.
გარდა მოტივაციისა და განვითარებისა, საკუთრება ქმნის გარკვეულ წესებს საზოგადოებაში. ადამიანი სხვა ადამიანთან ავლებს გარკვეულ საზღვარს, რისი გადაკვეთაც მის პირადი საკუთრების დარღვევას ნიშნავს. მოცემული საზღვარი კი ეხმარება ადამიანებს კოოპერაციაში. იმისათვის, რომ მიაღწიო პროგრესს და განვითარდე აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობა. ისტორია ცხადყოფს, რომ თანამშრომლობა ინდივიდებს შორის განვითარების მომტანია. თავდაპირველად ადამიანი თავის თავს თვითონ ემსახურებოდა, მაგალითად ნადირობდა და შემდეგ ჭამდა. ამასობაში გამოჩნდა პომიდვრის მთესავი, ხოლო მათ შორის კოოპერაციის და გაცვლის შემდეგ მოხდა ისე, რომ ცოტაოდენი ხორცი ცოტაოდენ პომიდორში გაიცვალა და ორივე მხარე უფრო ბედნიერი აღმოჩნდა ვიდრე უწინ. ეს ძალიან მარტივი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის შრომის დანაწილება.  სპეციალიზაცია ძალიან დადებითი მოვლენაა – როდესაც ყველას დანაწილებული აქვს საქმე და მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ შედეგს აღწევს.
შემდეგი არგუმენტისთვისთვის დავუშვათ საწინააღმდეგო. ჩავთვალოთ, რომ არ არსებობს კერძო საკუთრება და საზოგადოებამ ყველაფერი ერთ დიდ ბელადს და ძალიან დიდ სამთავრობო აპარატს მიაბარა. საიდან უნდა განისაზღვროს ნებისმიერი რამის ფასი, დაწყებული თევზის კონსერვით, „ნაღდი“ ჩეხური ჭაღით დამთავრებული. ამაზე პასუხი არ არსებობს, რადგან როდესაც არ არსებობს საკუთრება, ესე იგი არ არსებობს კერძო ღირებულების საზომი. მოვიპოვეთ ოქრო, როგორ უნდა განვსაზღვროთ ოქროზე ფასი? მუშაზე გადახდილი ხელფასით? კი, მაგრამ ახლა დავფიქრდეთ: ოქროს მოპოვებასაც და ალმასის მოპოვებასაც ერთნაირი დანახარჯი აქვს მომუშავეზე, ლოგიკურად თუ მივყვებით ერთიდაიგივე ფასი უნდა დავადოთ. როგორც ვხედავთ ეს არ არის სწორი მიდგომა. სწორი მიდგომა მდგომარეობს შემდეგში: როდესაც მე მაქვს რაიმე ნივთი, ამ ნივთს მე დავადებ იმ ფასს, რამდენადაც მიღირს რომ გავყიდო. თუ ჩემთვის ეს რაღაცა უფრო ღირებულია, ვიდრე ფულს მთავაზობენ, მე მას არ გავყიდი. ასე, რომ როდესაც მე მაქვს ოქრო და ალმასი, ვიცი, რომ ალმასი მეტად შეზღუდული რესურსია და ოქროზე ძვირადაც გავყიდი. მოკლედ რომ ვთქვათ, კერძო საკუთრების არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ეფექტიანობის მიღწევა და ძალიან დიდ დანაკარგებთან გვექნებოდა საქმე და როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ასეც მოხდა ნებისმიერ შემთხვევაში.
მინიმალური მთავრობა

“As government grows, freedom yields.” – Thomas Jefferson
კლასიკური ლიბერალიზმი გულისხმობს მთავრობის მინიმუმამდე დაყვანას. შევეცდები მინიმალური მთავრობის უპირატესობა გაზრდილი მთავრობის ნაკლოვანებებით დაგანახოთ. დიდ და გაბერილ მთავრობას უამრავი პრობლემები ახასიათებს. გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს პრობლემებისა, რომელსაც შემდეგ სათითაოდ შევეხები:
  • ბიუროკრატია
  • უამრავი შეზღუდვა
  • არაეფექტიანობა – რესურსების გაფლანგვა
  • მაღალი გადასახადები
  • ძალაუფლების ერთ რგოლში კონცენტრაცია
  • მოუქნელობა
დავიწყოთ ბიუროკრატიით. რაც უფრო დიდია მთავრობა, მით მეტია ბიუროკრატია. ნებისმიერი ნებართვა თუ ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილება გადის უამრავ საფეხურს, რომელიც გზადაგზა მახინჯდება და ვერ აღწევს დანიშნულების ადგილს სუფთა სახით. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ექიმის ან ადვოკატის ლიცენზია. ორივე უამრავ საფეხურთანაა დაკავშირებული და ვფიქრობ სრულიად უაზრობაა ასეთი აპარატის არსებობა. როდესაც ადამიანს სურს იყოს იურისტი ან ექიმი, მის ინტერესებშივე შედის, რომ აკმაყოფილებდეს გარკვეული სახის მოთხოვნებს. თუ იგი ამას ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ საბაზრო ფასიც შესაბამისად ნაკლები იქნება და მას ან საერთოდ არ ეყოლება კლიენტი, ან ეყოლება ისეთი კლიენტი, ვისაც უღირს ასეთი დაბალი დონის მომსახურების ყიდვა. როდესაც მთავრობა აიძულებს პიროვნებას რაიმე პირობების დაკმაყოფილებას, იგი ამით აწესებს ზღვარს, რის ქვევითაც მომხმარებლებს არ უტოვებს არჩევანს და იწვევს ეკონომიკურ არაეფექტიანობას.
მთავრობის ზრდა განაპირობებს უამრავი შეზღუდვის დაწესებას. რაც დიდი და ხალხმრავალია მთავრობა, უფრო მეტი იდეაა იმაზე, თუ როგორ შეიზღუდოს საზოგადოება და მიიღონ სხვის მაგივრად ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არავის ინტერესებში არ შედის. მოცემულ აბზაცში შეგვიძლია გავიყვანოთ ზემოთხსენებული ლიცენზიები და თუნდაც კანონი ღვედებზე. ხშირად, იმისათვის, რომ მთავრობამ დაამტკიცოს თავისი ქმედითუნარიანობა, შემოაქვს უამრავი ახალი კანონი თუ ნორმა, რომელიც ადამიანის ქცევას განსაზღვრავს.
გაბერილ მთავრობას ჭირდება უამრავი რესურსი იმისთვის, რომ იარსებოს. იგი ამ საარსებო რესურსს ისევ ხალხისგან იღებს, რადგან თითოეული მოქალაქე გადასახადის ნაწილის სახით მთავრობას უხდის ხელფასს. მთავრობა ყველაზე დიდი მფლანგველია და ამ უარყოფითი თვისების გარეშე არსებობა არ შეუძლია. ერთადერთი გამოსავალია რესურსების გაფლანგვა მინიმუმამდე დავიყვანოთ. უამრავი კვლევაა ჩატარებული და ასევე ისტორიის შესწავლა ცხადყოფს, რომ რაც ნაკლებია სამთავრობო ხარჯები, მით მეტია ეკონომიკური ზრდა. ანუ ბიუჯეტის და ეკონომიკის ზრდა უარყოფით დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. თუმცა, არსებობს გარკვეული ზღვარი, რის ქვემოთაც არ შეიძლება სამთავრობო ხარჯები ჩამოვიდეს. მაგალითად ეკონომიკა სტაბილური გარემოს გარეშე ვერ განვითარდება. სტაბილურ გარემოს კი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა განაპირობებს. მთავრობის უპირველესი და, ბევრის აზრით, ერთადერთი როლი მოქალაქეების დაცვაა გარეშე და შიდა მტრებისგან, აგრეთვე ერთმანეთისგან. ასე, რომ რაღაცა მინიმუმი აუცილებელია იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც საზოგადოება შეძლებს შეუფერხებლად განვითარებას. კიდევ ერთი ახსნა გაფლანგვასთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდმა უკეთ იცის თუ რა უნდა და სად უნდა დააბანდოს მისი კერძო საკუთრება, ხოლო როდესაც რაღაცა ნაწილს იგი მთავრობას აძლევს გადასახადის სახით, ეს უკანასკნელი ბევრად არაეფექტიანად იყენებს შეზღუდულ რესურსს.
რაც დიდია მთავრობა, მით დიდია გადასახადები. ეს ორჯერ ორია. გაბერილ მთავრობას არსებობისთვის და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბევრად მეტი რესურსი უნდა ვიდრე პატარას. ხოლო ამ რესურსების აკუმულირებას ისევ მოქალაქეების ჯიბიდან ახდენს.
საზოგადოება ყოველთვის მზად უნდა იყოს წინ აღუდგეს ძალაუფლების ერთ სეგმენტში კონცენტრირებას. მას „თოკით უნდა ყავდეს დაბმული“ მთავრობა, რადგან აკეთოს რაც მოეთხოვება ყველანაირი უფლებამოსილების გადამეტების გარეშე. ის ვინც ძალაუფლების გემოს გაიგებს, ძნელია მის გარეშე გაძლოს. ასე, რომ საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს წესები, რომლის შეცვლაც არც ისე ადვილი იქნება და რომელიც შებოჭავს მთავრობას, რომ არ გაიზარდოს ძალაუფლება და საფრთხე არ შეუქმნას საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას.
ნებისმიერი სტრუქტურა, იქნება ეს ორგანიზაცია, საწარმო თუ მთავრობა, ზრდასთან ერთად კარგავს მოქნილობას. ძალიან რთულია ყველა განშტოების კონტროლი. ყველაფერს მივყავართ უსაზღვრო ბიუროკრატიამდე და კორუფციამდე, რაც განვითარების უპირველეს მტრებად შეგვიძლია განვიხილოთ.
ღირსება
ამ საკითხზე საუბარს მოვერიდები, რადგან საკმაოდ ძნელია ღირსების განსაზღვრების ფურცელზე მოყვანა და იგი ძალზედ სუბიექტურია. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ადამიანის საქციელს განაპირობებს მორალი და მისი წესებით დადგენა შეუძლებელია, რადგან იგი ადამიანში ისედაც დევს და ყოველთვის კარნახობს მას თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. ღირსების შელახვა ისეთივე და ხშირ შემთხვევაში მეტად მძიმე დანაშაულია ვიდრე მაგალითად მკვლელობა. ამიტომაც საზოგადოებამ უნდა ეცადოს, რომ ისე მოახდინოს კოოპერაცია, რომ არ შელახოს სხვისი ღირსება და უფლებები. როგორც ზევით აღინიშნა, ღირსების შელახვაც ქურდობაა, რადგან მისი შელახვით, შენ ართმევ ადამიანს შესაძლებლობას იყოს ბედნიერი და იცხოვროს ისე, რომ მან თავი ადამიანად და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნოს.
პიროვნული თავისუფლება, კერძო საკუთრება, ღირსება. სამივე ერთად განაპირობებს ადამიანის შესაძლებლობას იყოს ბედნიერი. იმედი მაქვს, ცოტა მაინც გასაგებად ჩამოვაყალიბე მოცემული ცნებები და ლიბერალიზმის – როგორც იდეის ახსნაზე აქ შევჩერდები.

(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2011 წ.

No comments:

Post a Comment