„მეოცე საუკუნის მიწურულს, ვაშინგტონში მდებარე მედია ინსტიტუტმა დაადგინა, რომ 18 წლამდე ასაკის საშუალო ტელევიზორის მაყურებელს ნანახი აქვს ბიზნესმენის მიერ მკვლელობის მცდელობა სიმდიდრის გამო 10 000-ზე მეტჯერ.“ – ეს არის ამონარიდი (რა თქმა უნდა ჩემს მიერ ნათარგმნი) ერთ-ერთი იმ მცერათაგანი სტატიიდან, რომელიც საუბრობს კინოინდუსტრიაში ბიზნესის როლზე.
კიდევ ერთი ამონარიდი სთენლი როთმანის კვლევიდან: „დაახლოებით 620 სატელევიზიო შოუში, 1955-1986 წლებში, ბიზნესმენები 3-ჯერ მეტი რაოდენობით არიან კრიმინალის როლში, ვიდრე სხვა სტატუსის მქონე საზოგადოების წევრები“. სთენლი როთმანი გახლავთ დირექტორი “Massachusetts’s Smith College” – ისა, სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების განხრით.
კალიფორნიაში მდებარე ჰოლივუდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ადგილია. კინოინდუსტრიას მოაქვს მილიარდობით თანხა არა მარტო მსახიობებისთვის, არამედ 100-ჯერ მეტი ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა დისნეი, 20th Century Fox, DreamWorks Pictures და სხვა. ჰოლივუდი მეტი არაფერია გარდა ბიზნესისა. რათქმაუნდა გარკვეულწილად ხელოვნებაცაა, მაგრამ ეს ხელოვნება სწორედ ფულს ემსახურება. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ზემოთმოყვანილი ამონარიდებით და ჩვენი გამოცდილებითაც თუ ვიმსჯელებთ ბიზნესისა და კაპიტალიზმის მიმართ, და კიდევ უფრო ბიზნესმენებისა და კაპიტალისტების მიმართ, ძალიან ცუდი დამოკიდებულება იგრძნობა ფილმების უმეტესობაში.
რა არის მიზეზი ასეთი დამოკიდებულებისა? – ერთ-ერთ მიზეზად შესაძლებელია დავასახელოთ ის, რომ უფრო და უფრო ძნელია იპოვო „ცუდი ბიჭები“ ვისაც არ ყავთ ორგანიზაციები, რომლებიც მათ დაცვასა და ლობირებას ეწევიან. აფრიკელი-ამერიკელები, ქალები, ლათინო-ამერიკელები, ჰომოსექუალები, ლესბოსელები… ყველას გააჩნია მრავალი მხარდამჭერი და ლობისტი. არსებობს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უამრავ თანხებს რიცხავენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღლა ასწიონ ზემოთხსენებული სტატუსები და ადამიანების ტიპები. ამ ყველაფერს ემატება უამრავი სამთავრობო დახმარება ისეთი, როგორიცაა პოზიტიური დისკრიმინაცია, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის დახმარების მინიჭებას ისეთი სოციალური ჯგუფისთვის, რომლებიც 100 და 200 წლის წინ ჩაგვრას განიცდიდნენ თეთრკანიანების მიერ. რაც შეეხება ბიზნესმენს, ისინი მხოლოდ საქმით არიან დაკავებულები და არ არსებობს (ან თუ არსებობს ცოტა და სუსტი) ორგანიზაცია, რომელიც მათ დაიცავთ და ხალხის თვალში ბიზნესის ბოროტების ხატად გამოყვანას გააპროტესტებს.
მეორე მიზეზი ასეთი დამოკიდებულებისა შეიძლება იყოს ადამიანებისთვის ოცნების გაადვილება. გარდა იმისა, რომ ჰოლივუდი ფულის საკეთებელი მანქანაა, იგი ემსახურება ადამიანებში ოცნებებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს განზრახ ხდება იმის მიუხედავად, რომ არც ესაა გამორიცხული, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რომ ადამიანებში გარკვეულწილად იქმნება დამოკიდებულება პერსონაჟის სტატუსს მიმართ, როგორსაც ესა თუ ის ფილმი გვთავაზობს. საქართველოს მაგალითიც შეგვიძლია ავიღოთ. ხშირად გვსმენია გამონათქვამი: „კინოებში რომ აჩვენებენ მართლა ისე კი არ არის იქ ცხოვრება“. მოცემულ წერილში არ დავიწყებ ეს წინადადება მცდარია თუ მართალი, რადგან ზოგჯერ შეიძლება მცდარი იყოს და ზოგჯერ მართალი. მაგრამ ფაქტი ერთია: საშუალო სტატისტიკური მაყურებლის ცნობიერება ყალიბდება და ცვლილებას განიცდის ნებისმიერი ფილმის ცქერისას.
ოცნებების საწარმო რასაც გვთავაზობს, ეს არის მითები. მეეჭვება ისეთი ფილმების შემქმნელები როგორიცაა „უოლ სთრითი 1,2“, „ავატარი“, „ზოროს ნიღაბი 1,2“ და ა.შ. განიცდიან ზიზღს მდიდარი ხალხის მიმართ, ვისაც ან მემკვიდრეობით ერგო ან თუნდაც თვითონ მიაღწიეს შრომით ისეთ სტატუსს როგორზეც იმყოფებიან. შესაძლებელია ზიზღს სულაც არ განიცდიან შემქმნელები, შეიძლება საერთოდ ვერ ერკვევიან ბიზნესსა და ეკონომიკაში, მაგრამ ისინი პოულობენ იმ ხალხს ვინც ერკვევა და შემდეგ სელექციას აკეთებენ. ზემოთმოყვანილ ფილმებში ნებისმიერი ბიზნესი ბოროტების წყაროდაა გამოყვანილი. მაგალითად ავატარში ბოროტი კომპანიის მენეჯერი დივიდენდების გამო ხოცავს ლურჯს, ველურ აბორიგენებს. რეჟისორი სწორედ იმას ცდილობს, რომ დაგვანახოს ეს ლურჯი აბორიგენები არ არიან ველურები, რომ ისინი ბუნებასთან შერწყმულები არიან და მას უფრთხილდებიან. ბოლოს მთავარი გმირიც კი მათთან ცხოვრებას ამჯობინებს. მე ვერ ვიტყვი ეს კარგია თუ ცუდი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ლამაზი ბუნება კარგია, მაგრამ მადლობა ღმერთს ისე განვითარდა ადამიანი, რომ შიშველი აქეთ-იქეთ სირბილი არ მიწევს და საკვების მონადირება სიცოცხლის ფასად არ მიჯდება. სწორედ ავატარიდან მარტივი ცდა შეგვიძლია ჩავატაროთ. მას ვისაც არ აქვს ნანახი კითხე იცხოვრებდი თუ არა იმ ყველაფრის გარეშე რაც ეხლა გაგაჩნია, ოღონდ ლამაზ ბუნებაში და ველურ გარემოში (იგულისხმება გარეული ცხოველები, მწერები და ათასი უბედურება). პასუხი იქნება მკაცრად არა. ახლა უცქიროს მან მოცემულ კინოფილმს და შევატყობთ, რომ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვლება. კარგი იქნება თუ ცხოვრებას არ მოინდომებს, მაგრამ დამოკიდებულება მაინც დარჩება უარყოფითი კაცობრიობის მიმართ, რომ ჩვენ იმისთვის, რომ შევქმნათ საფრენი აპარატები, მოვიპოვოთ ძვირფასი ქვები და ა.შ. ვანადგურებთ ბუნებას და ვხოცავთ ყველანაირ ცოცხალ არსებას. რათქმაუნდა ამაზე კამათი შეიძლება და მიდის კიდეც, რაზეც ვერასდროს ვერ მორიგდება კაცობრიობა.
ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ამით შევჩერდეთ. ჩემი აზრით, კიდევ ერთ საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე – ეს არის ფურიეს კომპლექსი (The Fourier complex). მოცემული ტერმინი და მისი ახსნა ეკუთვნის ლუდვიგ ფონ მისეზს (წიგნში ლიბერალიზმი, 1927 წელი). ხოლო ტერმინი გულისხმობს შემდეგს: მას ვისაც იდეოლოგია რწმენის დონეზე ყავს აყვანილი, მოცემულ შემთხვევაში – მატერიალური თანასწორობა, მზად არის დაამხოს ნებისმიერი წყობილება ან სოციალური კლასი, რათა მოახდინოს რესურსების სრული გათანაბრება ანუ „სამართლიანად“ გადანაწილება. მოცემულ სინდრომში გარკვეულ წილად შეგვიძლია გავითვალისწინოთ (და ავტორი ასეც მოიქცა) კომპლექსი, რომელიც გააჩნია ადამიანების უმეტესობას. ეს არის უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ, ვინც შენზე მეტს ფლობს. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, რატომ ეზიზღება საშუალო სტატისტურ ადამიანს (დაბალი სოციალური სტატუსის მქონეზე აღარაფერს ვამბობთ) მდიდარი ადამიანი. ზიზღს შეიძლება განაპირობებდეს უმთავრესად შური. უმრავლესობამ ეს შეიძლება პირდაპირ არ აღიაროს, მაგრამ სოციალურ წყობაზე საუბრისას მაშინვე გამოჩნდება გრძნობებზე დაყრდნობით აკეთებს დაშვებებს, თუ ლოგიკისა და გათვლების დახმარებით.
ფურიეს კომპლექსი ძალიან მძლავრი იარაღია კინოინდუსტრიის ხელში. მწარმოებლები საშუალებას აძლევენ ადამიანებს ფილმის საშუალებით „გული მოიფხანონ“. ბევრს სიამოვნებს თუ როგორ უსწორდებიან ფილმის ბოლოში „კეთილი ნაცარქექიები“ „ბოროტ სისხლისმსმელ ბიზნესმენებს“.
მაღალი შემოსავალი, რასაც კინომწარმოებლები იღებენ, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა ეს იწვევს ძალიან ცუდი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ერთი სოციალური ჯგუფის მიერ მეორეს მიმართ.
პრობლემის გადაჭრის გზებს რაც შეეხება, ერთადერთი გამოსავალი ეს არის ბიზნესმენების გააქტიურება იმისთვის, რომ დააფინანსონ „პრო-ბიზნეს ფილმები“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი ჰოლივუდი უნდა გააკეთონ. ნებისმიერი ბლოკბასტერი ისევ და ისევ ბიზნესით ფინანსდება. არსებობს რამოდენიმე „პრო-ბიზნეს“ ფილმიც, მაგრამ „ანტი-ბიზნესთან“ შედარებით ეს მემილიონედია. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს სელექცია და მეტად მომგებიანი (იდეოლოგიურად) ფილმების დაფინანსება. თუმცა ბიზნესმენების უმეტესობას არანაირი იდეოლოგია არ აინტერესებს და ამაში ვერ გაამტყუნებ. მათ უბრალოდ არ უღირთ ისეთი ფილმის დაფინანსება, რომელიც მაყურებელს გააღიზიანებს. სწორედ ამიტომ მათ ურჩევნიათ მომხმარებლებს მიაწოდონ ისევ ნარკოტიკი და არა „მახინჯი სიმართლე“.
(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2011 წ.
No comments:
Post a Comment