Tuesday, March 1, 2011

გურული ტაქსისტი

თავისუფალ უნივერსიტეტში, სტუდენტებმა თავისუფლების კლუბი შევქმენით. კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია - საგანმანათლებლოა. ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა მეტი იცოდნენ, რათა უკეთესად შეეძლოთ თვითგამოხატვა და სხვადასხვა სირთულის საკითხების გაგება. ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ.შედეგად სტატია დავწერე ერთ, უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე. უფროს მეგობარს წავაკითხე და ვთხოვე შენიშვნები გამოეთქვა. მან მითხრა, რომ შინაარსთან დაკავშირებით, შენიშვნები არ ჰქონდა, მაგრამ მიმითითა - აქედან ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. დავფიქრდი და მივხვდი, რომ შენიშვნა სამართლიანი გახლდათ.
მაგალითისთვის, როდესაც ინფლაციაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობ, ადამიანებს ჯერ უნდა გააგებინო რა არის ინფლაცია, წარმოდგენა უნდა შეუქმნა სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე, უნდა გააგებინო რა არის ფული, რა არის მისი არსი.
ჩვენი კლუბის წევრები, როგორც ნამდვილი ლიბერალები, თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ეკონიკური პოლიტიკის ამოსავალ წერტილად მივიჩნევთ. ბევრს ვფიქრობდი, როგორ ამეხსნა თავისუფალი ბაზრის უპირატესობა სხვა მოდელებთან შედარებით ჩვეულებრივი ხალხისათვის; პასუხი კი, თვითონ ჩვეულებრივმა ადამიანმა მომცა.
ერთი მოხუცი, გურული ტაქსის მძღოლი შემხვდა და როგორც ტაქსისტებს სჩვევიათ ხოლმე, ათას სისულელეზე დამიწყო ლაპარაკი. რაღა თქმა უნდა პოლიტიკას და ისტორიასაც გადასწვდა. მითხრა, რომ ადრე ყველაფერი კარგად იყო და ეხლანდელი წყობა ნაგავია.
ჩავეკითხე - საბჭოთა წყობა რატომ გირჩევნია დღევანდელს-თქო.
რავიცი ბაბუ, ხალხს სამსახური ჰქონდა, ყველგან დოვლათი იყო, ესე გაჭირებულ მდგომარეობაში არ ვიყავითო.
ამ დროს გამახსენდა, ორი კვირის წინათ, ჩემი მეზობელი როგორ წუწუნებდა, როცა ელექტრო ენერგიის ოც ლარიანი ვაუჩერი გადასცეს - სამსახური მქონდეს, თქვენს დახმარება რა თავში სახლელად მინდაო.
ადამიანებს პატიოსანი შრომა უნდათ. სავსებით ჩვეულებრივ ადამიანებს, შრომა და მეტი შემოსავალი ურჩევნიათ, სახელმწიფოს მიერ მოგდებულ მიზერულ დახმარებას. ამის თქმა უნდოდა ჩემს გურულ მძღოლს, და როგორც თვითონ აღნიშნა, საბჭოთა დროს სამსახურს ადვილად იშოვიდი, წარმოუდგენელია უმუშევარი ყოფილიყავიო.
შევეკითხე - ძველ დროს, ოცნება თუ გქონდა რამე-თქო. კი, როგორ არა, ახალგაზრდობაში მინდოდა მანქანების ქარხანა მქონოდაო. მერე რატომ ვერ გააკეთე, რატომ ვერ გამოგივიდა-თქო? ეგრე ჩემს ნებაზე ვინ მიმიშვებდა, უბრალო ინჟინერს მანქანების ქარხანას ვინ გამაკეთებინებდაო.
მერე ბაბუს ვკითხე, შვილიშვილები თუ გყავს-თქო; კი, როგორ არაო - მიპასუხა. მერე ვუთხარი, აბა ეხლა წარმოიდგინე და ისე მიპასუხე, შენი ასარჩევი რომ იყოს, შენ შთამომავლობას როგორ ქვეყანას დაუტოვებდი; ისეთს, სადაც შესაძლებლობები ექნებოდა, საკუთარი მომავალი თვითონ განესაზღვრა, პატიოსნად ეცხოვრა, ემუშავა და თავისი მიზნებისთვის მიეღწია თუ ისეთს სადაც უბრალოდ სამუშაო ექნებოდა და სხვების დაკრულზე იცეკვებდა თქო? ცოტა ხანი იფიქრა და მიპასუხა - რა თქმა უნდა პირველსო.
 ხოდა თავისუფალი ბაზრის პრინციპები ის მონაპოვარია, რომელზე დაფუძნებული სახელმწიფოც, პირველი ქვეყნის მსგავსი იქნებოდა, ხოლო მეორე ქვეყანა ზუსტად ისაა, შენ და შენი თაობა რო ცხოვრობდა თქო.
კაი ხანი ხმა არ ამოუღია, მარა მერე მომიბრუნდა, ეჭვის თვალით შემომხედა და მკითხა - კი მარა, თუ ეგეთი კარგია ეგ თქვენი თავისუფალი ბაზარი, მაშინ რატომ ვართ დღეს ესე გაჭირვებულ მდგომარეობაშიო?!
პასუხზე ბევრი არ მიფიქრია, იმ წამსვე მივუგე - ეხლა თავისუფალი ბაზრის პრინციპებით არ ვცხოვრობთ მეთქი.
ნათელია რომ როცა ადამიანის წინაშე რამდენიმე ალტერნატივაა, ის ყველაზე საუკეთესოს ირჩევს. პრობლემა იმაშია, რომ დღეს, ჩვენთან ადამიანებს ალტერნატივების შედარება არ შეუძლიათ, ის ცოდნა არა აქვთ, რომელიც მათ ამის საშუალებას მისცემდა. ამიტომაც, პირველ ეტაპზე, საჭიროა ალტერნატივები კარგად დავუხასიათოთ და მათი სწორი შეფასების უნარი გამოვუმუშავოთ.
ჩემს ტაქსისტს კი, სანამ სახლამდე არ მიმიყვანა, ხმა არ ამოუღია. ალბათ მთელი სიმძლავრით შემოუტია წარსულის ოცნებებმა და მის გონებაში მოგონებათა ტალღები წარმოშვა. გურული ბაბუ მოიღუშა და დანაღვლიანდა. ფულს ცოცხალი თავით არ მართმევდა - ბოლოს მარჯვენა სავარძელზე დავუტოვე და გადმოვედი.
სახლში შევედი, ვისადილე და სიგარეტის მოსაწევად გარეთ გამოვედი.
ჩემი ბაბუ ისევ იქ იდგა და ფიქრობდა.


(c) საბა ჯაჯანიძე, 2011 წ. 

2 comments:

  1. როგორც ჩანს ტაქსისტმა ყველაფერი გაიგო ;) არც არის გასაკვირი, ის ხომ კერძო სექტორიდანაა.

    ReplyDelete