მოცემულ სტატიაში შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ, ავღწერო ლუდვიგ ფონ მაიზესის მიერ ჩამოყალიბებული ორი კომპლექსი, რომლებიც ერთი ადამიანის მეორესადმი დამოკიდებულებას აღწერენ.
მას თავის წიგნში - "ლიბერალიზმი" - დახასიათებული აქვს ფსიქოლოგიური შინაარსის ორი კომპლექსი, რომლებიც, არცთუ უსაფუძვლოდ, შეიძლება მივიჩნიოთ ანტილიბერალისტური მუხტის წარმომშობებად.
პირველ მათგანს, ჰერ ლუდვიგი შურიანობის კომპლექსს უწოდებს.
სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ორი ფენომენი - „Actual self“ -რეალური მე: ის რაც ხარ - წარმოდგენებისა და დამოკიდებებულებების ერთობლიობა, რომლებითაც საკუთარი თავისთვის ხასიათდები; Ideal self - იდეალური მე: ის რაც გინდა იყო - წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლებითაც წარმოგვიდგენია საკუთარი თავი მომავალში ანუ იდეალური სურათი საკუთარი პიროვნებისა.
ჩვენ მიდრეკილნი ვართ მოგვწონდეს ისინი, ვისშიაც რეალურ მე-სთან მსგავსებებს აღმოვაჩენთ და ანტიპატიურად განვეწყოთ მათ მიმართ, ვინც ჩვენს წარმოდგენაში არსებულ იდეალურ მე-ს გავს.
ზემოაღწერილი ფენომენიდან გამომდინარე, ნათელია რომ ჩვენზე უფრო წარმატებულ ადამიანებს, უფრო მეტი საერთო ექნებათ იდეალურ მე-სთან, ვიდრე ნაკლებად წარმატებულებსა თუ ხელმოცარულებს - აქედან გამომდინარე, უფრო მეტი საფუძველი გვაქვს გვძულდეს ჩვენზე აღმატებულნი (მდგომარეობით, სტატუსით, შესაძლებლობებით) , ვიდრე ჩვენს დონეზე ან უფრო დაბლა მყოფნი.
ახლა, როცა ასე თუ ისე შევეხეთ სხვა ადამიანების მიმართ ანტიპატიის არსებობის მიზეზს, დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად თემას.
მაიზესის მიხედვით, „შურიანი“ ადამიანის კომპლექსს ვხვდებით მაშინ როდესაც ადამიანს ისე სძულს მეორე, ამ უკანასკნელის აღმატებული მდგომარეობის გამო, რომ მზადაა შეგნებულად ჩაიდინოს თავისთვის საზიანო რამ, თუკი ეს ქმედება მისი სიძულვილის ობიექტსაც დააზარალებს.
ამასწინათ ტრენინგი ჩაგვიტარეს - კონფლიქტებსა და მოლაპარაკებებში; ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს, ოთხ ჯგუფად დაგვყვეს და თამაშის წესები აგვიხსნეს. თამაშის აღწერა რომ არ გამომივიდეს, უბრალოდ ვიტყვი რომ თამაშის დასრულების შემდგომ ოთხივე გუნდი წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა; როდესაც ჯგუფების წარმომადგენლებს კითხეს თუ რატომ არ შეცვალეს სტრატეგია, მათ მიუგეს რომ სტრატეგიის შეცვლის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, სხვა გუნდი უფრო მეტად ისარგებლებდა. ამ შემთხვევაში კი არცერთ გუნდს სხვაზე მეტი სარგებელი არ მიუღია, ყველამ წააგო. თვალსაჩინოებისათვის - გუნდებმა ორი ალტერნატივიდან უარესი აირჩიეს. ერთი ალტერნატივა გახლდათ ყველასათვის წამგებიანი პოზიცია ( პირობითად - ზარალი ), ხოლო მეორე ყველასათვის მომგებიანი, ოღონდ სხვადასხვა დოზით მომგებიანი ( პირობითად - ხეირი ).
დაახლოებით მსგავსი სიტუაცია გვაქვს ანტილიბერალების შემთხვევაშიც - მათ იციან, რომ ნებისმიერ ანტილიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკური სისტემის მოქმედების დროს, საერთო ხეირი ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ლიბერალური კონცეპტების მიხედვით მოწყობილი ეკონომიკის დროს; და მაინც, მიუხედავად ამ გააზრებული ცოდნისა, ისინი მაინც მხარს უჭერენ რეფორმებს, მაგ: სოციალიზმს, რადგან იმედოვნებენ რომ ამ სისტემის მოქმედების დროს დაიჩაგრებიან ისინიც, ვინც მათ სძულთ.
ასეთ დროს, საკმარისია შევძლოთ სიტუაციის აღქმა და გავაგებინოთ სხვებს, რომ მნიშვნელოვანია მხოლოდ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა და არა სხვათა უპირატესი მდგომარეობის გაუარესების მცდელობა.
მეორე კომპლექსს, ჰერ ლუდვიგი, ფრანგი სოციალისტის, ფრანსუა მარი შარლზ ფურიეს "პატივსაცემად" ფურიეს კომპლექსს უწოდებს.
ფურიეს კომპლექსი, ფსიქოლოგიის კვლევის საგანს უფრო წარმოადგენს, ვიდრე პოლიტიკური მეცნიერებისას, თუმცა აუცილებელია მასზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა.
ფურიეს კომპლექსი ნევრული სისტემის დარღვევაა, რომელსაც ზემოთნახსენები იდეალური მე-ს კონცეფციით ავხსნი; ესაა დისონანსი დასახულ მიზნებსა და რეალობას, ოცნებებსა და სინამდვილეს შორის.
ადამიანები მიდრეკილნი ვართ საკუთარი თავისადმი მიკერძოებისკენ და ჩვენი გონება ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ მას შეუძლია ჩვენი წარუმატებლობის გასამართლებლად ათასი მიზეზი წარმოგვადგენინოს. ნათელია, რომ საკუთარი თავის მოტყუება და ბრალის სხვაზე გადატანა ერთოდ სასიამოვნო პროცესია.
ალბათ ამიტომაცაა, რომ წარუმატებელი ადამიანისგან ხშირად მოისმენთ საზოგადოებრივი წყობის ნაკლოვანებების შესახებ „მოხსენებებს“. არადა, იმ ენერგიის საკუთარ პრობლემებზე კონცენტრირების შემთხვევაში, რომელიც მას ანტილიბერალური შეხედულებების ჩამოყალიბებაში აქვს დახარჯული, ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევა შეიძლება, პირველ რიგში, თვითონ მისთვის.
ალბათ თვალსაჩინოა, რომ კაპიტალისტური წყობის არსებობის შემთხვევაში დაიჩაგრებიან მხოლოდ ზარმაცები, ანუ ისეთები, რომლებსაც შრომის უნარი აქვთ, მაგრამ არ ირჯებიან. სოციალისტი კი გეტყოდათ, რომ ასეთი ადამიანების უქნარობა სისტემის ბრალია და ეს უკანასკნელი არ უზრუნველყოფს მათ ცხოვრებისთვის აუცილებელი საშუალებებით.
დასკვნები თქვენზეა - ყველამ წავაგოთ, იმიტომ რომ სხვისი წარმატების ცქერა არ შეგვიძლია, თუ საერთო ჯამში, ყველამ მოვიგოთ და ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს იმდენი, რამდენსაც იმსახურებს?
გამოყენებული ლიტერატურა:
Mastering Social Psychology
Robert A. Baron,
Donn R. Byrne,
Nyla R. Branscombe.
Nyla R. Branscombe.
Liberalism In The Classical Tradition
Ludwig von Mises.
(c) საბა ჯაჯანიძე, 2011 წ.
No comments:
Post a Comment