Wednesday, February 9, 2011

მარჯვნივ წახვალ მოკვდები, მარცხნივ წახვალ – ისევ სიკვდილი ჯობს

“არ მინდოდა მეთქვა ძმაო, მაგრამ შენ, ჩემო გოგი, და ყველამ, ეგ მილიონები უნდა დაყაჭოთ და დაალაგოთ.”  – ეს ყველასათვის ცნობილი ფრაზა ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის და მისი პარლამენტში გამოსვლის ამონარიდი ერთ-ერთ პოლიტიკურ რეკლამაში გამოიყენეს. ეს ფრაზა შეიძლება ისეა მოჭრილი, რომ შევარდნაძის მთლიანი გამოსვლის აზრი იკარგება და უბრალოდ ამ ამონაჭერი სიტყვებით მანიპულირებაა, თუმცა ვფიქრობ ამ წერილის დასაწყისად გამოდგება.
ზემოთმოყვანილი ფრაზით მინდა ხაზი გავუსვა იმ შედეგს, რომელიც არასწორმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მემკვიდრეობამ მოიტანა. ანუ აღვნიშნო საბჭოთა კავშირის სიყალბე და მისი არასწორი მოწყობა. CCCP-ის საწინააღმდეგოდ მრავალი არგუმენტის მოყვანა შეიძლება (მის დასაცავადაც შეიძლება მოყვანა არგუმენტების, რომელიც მხოლოდ გრძნობებზე თამაშია და მცდარ ლოგიკას ექვემდებარება), თუმცა ამ წერილით მინდა შევჩერდე მხოლოდ დღეს არსებულ სიტუაციაზე და განვითარების პერსპექტივებზე.
ყველა საზოგადოება, სადაც არსებობდა კომუნისტური რეჟიმი, გარკვეულწილად ცოცხლობდა და ინახავდა თავის თავს (თუ ამას შენახვა ქვია), საზოგადოების ერთი ნაწილი ბედნიერი იყო მეორის ხარჯზე (რა ნაცნობი ფრაზაა, სწორედ ამ ფრაზას იყენებენ ადამიანის ექსპლუატირების თეორიის მომხრეები), მეორის ხარჯზე ვგულისხმობ იმას, რომ ის ვინც თავდაუზოგავად მუშაობდა უზრუნველყოფდა ზარმაცებსაც, დიახ ბატონო, “ვინც არ მუშაობს არ ჭამს”-ო უთქვამს სოციალიზმის “კრონოსს”. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ოდნავ განსხვავებული სიტუაცია გვქონდა?! უფრო სწორად - ქონდათ. ვერაფერსაც ვერ ვუზამთ საუბედუროდ. კიდევ ერთი მაგალითი ერთი ფენის გამო მეორე ფენის დაჩაგვრაზე, ეს იყო უამრავი გადასახლება, დახვრეტა და სხვა საშუალებები “მტრებთან” გასასწორებლად, რომლებიც აღარ იყვნენ მთავრობის სარჩენი და მათთვის განკუთვნილი რესურსები შეეძლოთ “სისტემის სიამაყეებისთვის” მოეხმარათ.
დღეს მაშინდელი კომუნიზმი ძველ თაობაში კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღარ მოვიყვან “37 მანეთად ტუდა-ობრატნის” და “დენი 6 კაპიკი ღირდა”-ს მაგალითებს, ეს ყველასათვის ცნობილი ფაქტია. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ… – არა არც ისე ძნელი წარმოსადგენია, რომ სოციალიზმის იდეა ახალგაზრდულ თაობებში მეტად პოპულარულია. რათქმაუნდა უარყოფილია საბჭოთა კავშირის სისტემა, რადგან ის ნამდვილი ჯიგრული სოციალიზმი არ იყო ის და მხოლოდ და მხოლოდ დამახინჯებული ფორმა იყო, რომელსაც დიქტატორები უძღვებოდნენ. აბა საბჭოთა კავშირის მხარის დაჭერა ცოტა ძნელია, რადგან უფრო მძიმე არგუმენტების გაბათილება გახდებოდა საჭირო. ამიტომ საუბარი გვაქვს ე.წ. “PURE SOCIALISM”-თან. რატომაა კარგი სოციალიზმი? დაბალი ინფლაცია, სრული დასაქმება.  მოდი და როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, აგერ გაქვთ მეგობრებო კუბა და შეგიძლიათ წახვიდეთ, თქვენც დაისვენებთ და ჩვენც.
დღეს საზოგადოებაში, მით უმეტეს საქართველოში, სოციალიზმზე გადაწყობას ერთ ყველასათვის ცნობილ ანეკდოტს შევადარებდი:
“ტურისტი ადის სვანეთში და ხედავს ოქროს თევზი თიბავს. ტურისტი: – თევზო რას შვები კაცო არ გრცხვენია?! თევზი იგივე თევზო: – ეეჰ სვანებს რომ ფანტაზიას ანდობ.”
ვისაც არ გაგეცინათ ამ ანეკდოტზე მინდა გითხრათ, რომ კარგია, ესე იგი კავშირები დაიჭირეთ. (ან უბრალოდ ბანძი ანეკდოტია, თუმცა აქ კავშირი უფრო მთავარი იყო, ვიდრე იუმორი)
რატომაა ცუდი ოქროს თევზი თიბავდეს, საქმე ხომ კეთდება? იკითხავს ვიღაცა ანდა არც არავინ არ იკითხავს. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: საქართველოში გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი, წყალი უფასოა, 90% დასაქმებულია (ანუ გაორმებულია დასაქმებულად, თორემ რამდენად აკეთებს რამეს ეგ კიდევ საკითხავია), უფასოა განათლება, სტომატოლოგია, ჯანდაცვა. განვიხილოთ მედლის მეორე მხარე: ადამიანის შემოსავალი იბეგრება 70-80%-მდე, არ შეუძლია არცერთ ბიზნესს დაეპატრონოს და მართოს (ბავშვობაში “ბიზმესმენობა” ვისაც უნდოდა ჯობს ისევ კოსმონავტობა აირჩიოს), კონკურენციის არ არსებობის გამო ბაზარზე მხოლოდ 2 მარკის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთებია, კოკა-კოლის ნაციონალიზება საქართველომ წარმატებით მოახდინა, მალე მაიქროსოფთსაც დაეპატრონება, აკრძალულია გარკვეული რაოდენობის ქონებაზე მეტის ფლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში “ნეოგაკულაკება” არ აგცდება, არის დეფიციტი და რიგში დგომა გიწევს, რაც უკვე კორუფციული გარიგებების წინაპირობაა…… ეს ყველაფერი შეიძლება მცდარი (რაც მეეჭვება), თუმცა ჩემეული ხედვაა თუ რა ხდება სოციალიზმის დროს.
მთელი წერილის განმავლობაში ვწერდი, რომ ცუდია დამახინიჯებული სოციალიზმი ანუ საბჭოთა კავშირისეული კომუნიზმი და ნამდვილი ჯიგრული სოციალიზმი. შეჯამების სახით კი ვიტყვი, თუ რატომაა თავისუფალი ქვეყანა უფრო კარგი, ვიდრე “თავისუფალი ბრჭყალებში”. ქვეყანაში ყველას აქვს უფლება აწარმოოს ის, რაც უნდა, რა რაოდდენობითაც უნდა და რა ფასადაც უნდა. ამავე დროს ყველას აქვს უფლება შეიძინოს ის რაც უნდა, რა რაოდენობითაც უნდა და რა ფასადაც უნდა. ამ ორი პოლუსის ერთმანეთთან დაკავშირებას მივყავართ ბაზრის ეფექტიანობამდე, ოპტიმალურ წერტილამდე – რაოდენობამდე და ფასამდე. ყველას აქვს უფლება იქონიოს იმდენი, რამდენიც უნდა. იყიდოს რა მარკის ავტომობილიც უნდა, ჭამოს ხიზილალა და არა ბრინჯი, იფრინოს ბიზნეს კლასით, მიაღწიოს წარმატებას თვითგანვითარების და თვითრეალიზაციის გზით, იყოს კანონის უზენაესობა და რაც შეიძლება ნაკლები სტიმული და ცდუნება იმისკენ, რომ დადო კორუფციული გარიგება და დაარღვიო კანონი, რაც სისტემის დანგრევის ერთ-ერთი წინაპირობაა.
ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება (მთლად უსასრულოდ არა, მაგრამ კაი გრძელი სია გამოვა), ამიტომ ყველას მიზანია რაც შეიძლება მეტ ინორმაციას გაეცნოს, ტვინი გაანძრიოს და მიხვდეს, რომ სხვა მის მაგივრად არ იმუშავებს და მისი წარმატების წინაპირობა ისევ თვითონვე უნდა იყოს და არა ძია ჰამლეტი.

(c) ზვიად ხორგუაშვილი, 2011 წ.

No comments:

Post a Comment