Friday, March 4, 2011

იდიოტი ინვესტორები?!

მგონი დროა, ჩვენს ტანჯულ ეკონომიკას ქვეყნის მმართველებმა სხვანაირად მიხედონ -  აშკარაა, რომ ახლანდელი ხედვებით შორს ვერ წავალთ. როდესაც ჩვენნაირი გამოუცდელი ქვეყანა ეკონომიკის მშენებლობას იწვევს, მგონი უპრიანია ისეთი ქვეყნების გამოცდილება გამოვიყენოთ, რომლებიც ამ მხრივ წარმატებულნი არიან.
200 წლის განმავლობაში თავისუფალი ბაზრის, კერძო საკუთრებისა და კანონის მმართველობის კონცეფციების პატივისცემამ და შესრულებამ, ამერიკის შეერთებული შტატები, გლობალური მასშტაბით, სუპერეკონომიკურ ძალად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაშიც კი არასოდეს განხორციელებულა ლიბერალური ოცნება - ბაზრების აბსოლუტურად გათავისუფლების შესახებ, ამ ქვეყანაში სხვებთან შედარებით, თავისუფლების მაღალი ხარისხი იყო. კერძო საკუთრების ცნებისადმი პატივისცემამ და შესაბამისმა საკანონმდებლო ბაზამ, ამერიკა მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანად აქცია.
ამ ყოველივეს საწინააღმდეგოდ,უღარიბესი ( იგულისხმება - უკიდურესად არაეფექტიანი ეკონომიკა )  ქვეყნების ხელისუფალნი თითქმის ყოველთვის წარმოაჩენენ მათ მტრულ დამოკიდებულებას თავისუფალი ბაზრების, კერძო საკუთრების ცნების და ლიბერალური კანონდმებლობის მიმართ.( მაგ: საბჭოთა კავშირი და პროპაგანდა  ამერიკული ფასეულობების წინააღმდეგ ) ამ ქვეყნებში არაა დაცული კერძო საკუთრება, შესაბამისად ეკონომიკა არაეფექტურად მოქმედებს და აქედან გამომდინარე ასეთ ქვეყნებში სიღარიბე და სიღატაკე ადვილად პროგნოზირებადია.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო საერთოდ არ ჩაერიოს ბიზნესში. მისი ფუნქცია ბიზნესთან მიმართებაში უნდა გამოიხატებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ, მედიატორის როლის შესრულებაში.
ვინაიდან და რადგანაც ბიზნეს სუბიექტები ერთმანეთთან ურთიერთობაში შედიან ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, არიან ინფორმირებულნი და ითვალისწინებენ რისკებს, რომლებიც შეიძლება შეთანხმების მოქმედების პერიოდში წარმოიშვას, ისინი თავად არიან პასუხისმგებლები თავიანთ მოქმედებებზე და იმ გართულებებზეც, რომლებიც შეიძლება მომავალში წარმოიშვას.
სახელმწიფო ერევა  ბიზნესში მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კონტრაქტორი არღვევს კონტრაქტის პირობებს ან არ შეუძლია მისი შესრულება. ე.ი. სახელმწიფოს მხოლოდ მომრიგებლის მისი აკისრია. ( ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოდავე მხარეები ალტერნატიული სამართლებრივი გზებით ვერ მორიგდნენ )
მთავრობა არ უნდა კარნახობდეს კონტრაქტის პირობებს ბიზნესს - თუმცა რეალობა სხვანაირია. რაღა თქმა უნდა ამ სახის ჩარევას ეკონომიკაზე თავისი უარყოფითი ეფექტები აქვს. მაგალითად: როდესაც სახელმწიფო აწესებს მინიმალური ხელფასის კანონს, ეს უკანასკენლი ამცირებს საქმიანი ორგანიზაციის დაქირავებით პოტენციალს ანუ თუ მმართველს მუშახელისთვის გაწერილი აქვს 10000 ლარი და სურს 20 ადამიანის დაქირავება, 800 ლარიანი მინიმალური ხელფასის კანონის მოქმედების პირობებში, მას 12 ადამიანზე მეტის დაქირავება არ შეუძლია ე.ი. ორგანიზაციის ეფექტურობა მცირდება. იმაზე არ ვფიქრობთ რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელიც 300 ლარზე იმუშავებდა და ბიზნესიც უფრო მეტს დაზოგავდა?
თავისუფლების ფუნდამენტური ცნებისადმი პატივისცემა, ის მთავარი საბრძოლო იარაღია,   ( შესაძლებელია სხვა ფაქტორებიც არსებობდეს, მაგრამ ჩემი აზრით ეს უმთავრესია ) რითაც თანამედროვე სამყაროს გიგანტმა თავისი პრივილეგირებული მდგომარეობა მოიპოვა. ჩვენს სიტუაციაში კი, როდესაც ქვეყანას ასე ესაჭიროება დამატებითი კაპიტალი, უცხოური ინვესტიციები და ზოგადად, ბიზნესის განვითარება - მეტი კეთილდღეობისთვის, ლიბერალური რეფორმების მნიშვნელობა ერთი-ორად ამაღლებულია.
ამ ბოლო წლებში ინვესტორების მოზიდვაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ მგონი ყველას მოგვბეზრდა კიდეც. თუკი ჩვენთვის უცხოური კაპიტალის შემოდინება, ესე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ რატომ არ ვუქმნით მათ შესაბამის პირობებს.
ლოგიკა იმდენად მარტივია, დაფიქრებისას შეიძლება გაგეცინოთ კიდეც.
წარმოიდგინეთ ბაზარში მიდიხართ ვაშლის საყიდლად; იქ ხვდებით ორ გამყიდველს, რომელთა პროდუქტიც, თავიანთი მახასიათებლებით აბსოლუტურად ერთნაირია; პირველი გამყიდველი ერთ კილოგრამს ორ ლარად ყიდის, მეორე ორ ლარად და ორმოცდაათ თეთრად; სხვა თანაბარ პირობებში, რომლისგან იყიდდით?
ინვესტორებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ყოველთვის საუკეთესო ( ამ შემთხვევაში - ნაკლებ ხარჯიან ) ვარიანტს ეძებენ.
თუკი ვიცით რომ ინვესტორების შემოსვლის გარეშე სწრაფად ვერ განვვითარდებით და მათ დასაინტერესებლად მიმზიდველი გარემო უნდა შეიქმნას და თუ ეს მიმზიდველი გარემო - დაბალ გადასახადებსა და არჩევანის თავისუფლებას ნიშნავს, მაშინ რატომ არ ვიქცევით ისე, როგორც უნდა მოვიქცეთ? რატომ ვთავაზობთ ინვესტორს იყიდოს ერთი კილო ვაშლი ორ ლარად და ორმოცდაათ თეთრად, მაშინ როდესაც სხვა გამყიდველი, ერთ კილო ვაშლს ორ ლარად სთავაზობს?

(c) საბა ჯაჯანიძე, 2011 წ. 

4 comments:

  1. პოლკოვნიკიMarch 4, 2011 at 8:18 AM

    ამ ბლოგის ავტორებზე უფრო პროდუქტიული მარტო ლენინი მეგულება :) ყოჩაღ(თ)!

    ReplyDelete
  2. ლიბერტო ფაშისტაშვილიMarch 4, 2011 at 9:08 AM

    კარგია თანამებრძოლებო! ჩვენ უნდა დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამოდ დამპალი სოციალისტები!!! ძირშივე უნდა აღვკვეთოთ ნებისმიერი სოციალური დახმარება! პრივატიზაციას უნდა დავუქვემდებაროთ ყველაფერი რისი გაყიდვაც კი შეიძლება ჯარის, პოლიციის, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსის თუ სახელმწიფო სასწავლებლების და სამედიცინო დაწესებულებების ჩათვლით!!!

    ReplyDelete
  3. პოლკოვნიკები და ფაშისტები უფრო არგუმენტირებულად თუ გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას, კარგი იქნება.

    ReplyDelete
  4. ზვიად ხორგუაშვილიMarch 4, 2011 at 10:01 AM

    ვეთანხმები EcoMan-ის დასკვნას :)))))

    ReplyDelete