Sunday, March 6, 2011

ქართველი ქურთი

იმ დღეს, სამარშუტო ტაქსები გაიფიცნენ და მთელს ქალაქში, მგონი, მარტო რუსთავი-თბილისის „მარშუტკები“ მოძრაობდნენ. სხვა გზა არ იყო და თბილისის მეტროთი სარგებლობა გადავწყვიტე. საერთოდ, ვერიდები ხოლმე მეტროში ჩასვლას - ჩემზე ცუდად მოქმედებს ამდენი დაღდასმული სახე, ამდენი უსიცოცხლო თვალი, ამდენი მათხოვარი. მაგრამ რა მექნა, სტუდენტურ ბარათზე ბოლოსწინა ლარიანი უკვე ჩატვირთულიყო და მეც მეტროპოლიტენის მეორე ხაზის რომელიღაც სადგურის სიღრმეში მიმავალ გვირაბს ჩავუყევი.
სადგურზე ჩავედი და გავჩერდი ისე, როგორც საერთოდ ჩადიან და ჩერდებიან ხოლმე. უაზროდ მივაშტერდებოდი ხან დამონტაჟებულ მონიტორებს, ხან კედლებზე დაკიდებულ რეკლამებს, ხანაც ნერვიულად მოძრავ ადამიანებს. ამასობაში მატარებელიც მოვიდა, როგორც საერთოდ მოდის ხოლმე ისე.
ვაგონში შევედი და ისევ უაზროდ მივაშტერდი აქა-იქ ჩამოკონწიალებულ რეკლამებს. დიქტორმა შემდეგი სადგური გამოაცხადა და მატარებელიც დაიძრა. არ მახსოვს რას ვაკეთებდი ან რაზე ვფიქრობდი შემდეგ სადგურამდე, ის კი მახსოვს, რამაც გამომაფხიზლა.
ის იყო, ფიქრთა მორევში ბოლომდე უნდა ჩავძირულიყავი და ბოლო გაჩერებამდე გასუსულს მეფიქრა, რომ  ჩემი ყურადღება ვაგონის ბოლოდან  წამოსულმა გამყინავმა ხმამ მიიპყრო. პატარა, ბინძური და ალაგ-ალაგ მთელტანსაცმლიანი ბავში სასოწარკვეთით ითხოვდა მოწყალებას. რა თქმა უნდა ყველა მიხვდა, რომ ბავში ეთნიკური ქართველი არ გახლდათ - გამომეტყველება, კანის ფერი, ჰაბიტუსი თუ უცნაური კილო, ამაზე ნათლად მიუთითებნენ.
            ბავშვი მოწყალებას ითხოვდა და თითქმის ყველა წმინდანის სახელი ჩამოთვალა, რაც კი შეიძლება მატარებელში შეკრებილ საზოგადოებას სცოდნოდა. ამან რო არ გაჭრა, იესოს სახელიც მოიხმარა და იქ მყოფები დაგვლოცა. სულ ტყუილად - ნახევარი ვაგონი ისე გამოიარა, წარბიც არავის შეუხრია.
            ჩემთან მოახლოება რომ დაიწყო, ჯიბეში ბოლო ლარიანთან ერთად, ობლად მიგდებულმა ოცთეთრიანმა ცქმუტვა დაიწყო. მეც დავემორჩილე ჩემს ხურდას და საწყალ ბავშვს ერთჯერად ჭიქაში ჩავუგდე. კარები გაიღო, ბავშმა მადლობა მითხრა და შემდეგ ვაგონში იგივე რიტუალების ჩასატარებლად გაიქცა.
            უცებ, ჩემს გვერდით მდგარი საშუალო ხნის, მელოტი და ბუშტივით ცხვირის მქონე  მამაკაცი თავის თანამგზავრს ეუბნება, რომ ერთ დღეს უნდა ამოწყვიტო ყველა ქურთი, რომ ეგენი ადამიანები არ არიან და რომ არასოდეს დაეხმარება ამ საზიზღრებს. ისე ლაპარაკობდა, გეგონებოდა შხამიან გველზე ან საზარელი შესახედაობის, რომელიმე ობობაზე ლაპარაკობსო.
            რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს, გულდაწყვეტილი გამოვედი ვაგონიდან და პირველ ხაზზე გადასაჯდომად, მთავარი ბაქნისაკენ გავემართე.
            თბილისის მეტრო - მოწყალების მათხოვართა ადგილია. პირველ ხაზზეც ვერ ავცდი გამკივან ხმას. ოღონდ ამჯერად, ხმა ქართველი მანდილოსნისა გახლდათ. ეგრევე ვიცანი - ადრე თითქმის ყოველდღე მეტროთი დავდიოდი ხოლმე და მახსოვს. ეს არის ქალი, დაახლოებით 50-55 წლის, წითლად შეღებლი თმებით, ოდანვ შეპუტკუნებული, სანდომიანი სახით. დაახლოებით 6-7 წელია შვილი საავადმყოფოში ჰყავს და წამლის ფულს აგროვებს, დამაჯერებელი სახით მოთქვამს რომ პურის ფულიც კი აღარ აქვს და რაღა თქმა უნდა გვისურვებს - ღმერთმა დაგლოცოთ ყველაო. საკმაოდ კარგად აცვია - თბილ, შალის მოსასხამში გამოწკეპილა და ფეხზეც  ჩათბილული ჩექმები წამოუცვამს.
შემთხვევით ჩემი ნაცნობი, მელოტიც კვლავ ჩემს გვერდით აღმოვაჩინე. ისევე ვაგონის ბოლოში ვიდექით და სანამ ქალი ჩვენამდე მოაღწევდა, დიდი დრო დასჭირდებოდა; ერთი რომ ნელა, საცოდავად მობობღავდა და მეორე, რომ ხალხი ფეთიანივით იქექავდა ჯიბეებს და ხურდებიც ღვთიური მანანასავით ცვიოდა გამოწვდილ ხელში. მელოტმაც ჯიბეების ქექვა დაიწყო, ამაყად ჩაუგდო რკინის ლარიანი და თვალებზე ცრემლი მოადგა, შეეტყო, რომ  მასში ქართველობამ გაიღვიძა.
მათხოვარმა, ოთხივე ვაგონი ჩამოიარა, სანამ მე ჩემს სადგურამდე მივიდოდი და აცრემლებული თვალებითა და მოფანცქალე გულით მეტროს ტერიტორია დატოვა. ჩემში ბიზნეს სკოლის სტუდენტმა გამოიღვიძა და გამოვთვალე - დაახლოებით 6 ლარამდე უნდა ეშოვნა. ერთ თვეში მის მიერ გამომუშავებული შემოსავალი, დაახლოებით 600-700 ლარი ანუ საქართველოს პირობებში, საშუალოზე ოდნავ მაღალი ხელფასის ტოლი თანხა. (გამოცდილებით ვიცი, როგორც წესი კვირაში ორი დღე, და დღეში დაახლოებით სამი საათი მუშაობდა )
სანამ სახლამდე ავიდოდი ვფიქრობდი, რომ ეს უსამართლობაა და რომ ეს ფაქტი, საზოგადოების უკუღმართობაზე მიუთითებს თქო; იმიტომ რომ, ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე ქალს ( ლოყებზე ეტყობოდა და მბობღავსაც საკმაოდ კარგად თამაშობდა ) ვეხმარებით, გვეცოდება და დღეში სამ საათიანი ვოიაჟისთვის ხელფასსაც ვუხდით.
კი მაგრამ, ჩემო კარგებო, რა დააშავა ბავშმა?!
განა მისი ბრალია რომ:
·         არაქართველად დაიბადა
·         მშობელი არ ჰყავს ( თუ მშობელი ჰყავს - სამათხოვროდ უშვებს )
·         არ აქვს ტანსაცმელი და შესაბამისად ჭუჭყიანია
·         არ აქვს თავშესაფარი და ცხოველივით ცხოვრობს
·         აღზრდა აკლია და ხანდახან თავხედურად იქცევა
არ ვიცი, არ ვიცი... მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, ქურთული სახელმწიფო რომ არსებობდეს და იქ ვმათხოვრობდე, მეც ესე ხო არ მომექცევიან თქო?
უცებ წარმოვიდგინე საქურთეთი, ქურთების დედაქალაქში არსებული მეტრო და ჩემი შვილი, რომელსაც სამათხოვროდ აქვს საქმე, არ აქვს სახლი,აცვია ძონძები, არ იცის არაფერი და აქა-იქ გაგონილი ფრაზებით, უცნური ქართული აქცენტით, მოწყალებას ითხოვს და თან ქურთ წმინდანების სახელებს იშველიებს.
ხალხი ხედავს და ამრეზით ამბობს:
„საზიზღარი ქართველები, ვირთხებივით არიან“
„ესენი ხო ვერ მოვიშორეთ, ზუნტლიანები და სუნიანები“
„ამ არსებას როგორ მივცე ფული! რომც მივცე, წაეთრევა და სიგარეტს ან წებოს იყიდის,  ან რამეს წაიმაიმუნებს!“
ბავშვს უპატრონო ბავშვთა სახლშიც არ იღებენ, არავის არ სურს მისი აყვანა და აღზრდა. ბოლოსკენ  ჩემს შვილს მოშივდება და რამეს მოიპარავს ან ვინმეს გაძარცვავს. საქურთეთის სახელმწიფოს პოლიცია დააკავებს მას და არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩასვამს. საზოგადოება ბედნიერი იქნება - ისინი მოიშორებენ ხორცმეტს, ნაგავს რომელიც მათ კეთილდღეობასა და  საერთო იდილიას ხელს უშლიდა; მოიცილებენ სუნიან, ზუნტლიან ხორცის გროვას, რომელიც მათ კეთილშობილ, გაბუშტულ ცხვირებს ასე მომაბეზრებლად აწუხებდა. ხალხი ბედნიერია, ჩემი ბავშვისთვის კი ცხოვრება დასრულებულია.
ამ წარმოდგენებში ვიყავი, როცა მამაკაცების ხმამაღალმა შეძახილმა გამომაფხიზლა - ოთხი ქართველი ქართველების სადღეგრძელოს სვამდა.

(c) საბა ჯაჯანიძე, 2011 წ. 

17 comments:

  1. kargi statiaa.tumca eg matxovrebi etnikurad boshebi arian umetesoba.

    ReplyDelete
  2. საბა ჯაჯანიძეMarch 6, 2011 at 9:16 PM

    ერთი ეგაა რომ ჩვენ ქურთებს ვეძახით. ეთნიკურ წარმომავლობას ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს - განსხვავებულებს ვერ ვეგუებით სამწუხაროდ.

    ReplyDelete
  3. xo magram me mgoni bevri adamiani ar fikrobs imaze ra etnikuri carmomavlobisaa adamiani roca mis daxmarebaze fikrobs ?!

    ReplyDelete
  4. საბა ჯაჯანიძეMarch 7, 2011 at 7:21 AM

    პრობლემა იმაშია, რომ ეთნიკური წარმომავლობა, უმეტეს შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დროს მთავარი ფაქტორია.

    ReplyDelete
  5. didi madloba am statiistvis,yvelam ertad unda vecadot sxvadasxva organizaciebtan ertad , rom es problema tu ar mogvardeba sagrdznoblad mainc shemcirdes

    ReplyDelete
  6. ზვიად ხორგუაშვილიMarch 7, 2011 at 12:07 PM

    ყველა თუ შევეცდებით ორგანიზაციები აღარ იქნება საჭირო :)))

    ReplyDelete
  7. ივანე კოპაძეMarch 7, 2011 at 11:27 PM

    ძალიან სუსტი პოსტია. რატომღაც ვფიქრობ, რომ ეს პოსტი ჟრნალ ლიბერალს უფრო მოუხდებოდა თავის თანდართული ქვეტექსტით დამპალო კაპიტალისტებო დაყაჭეთ ფული და სოციალური დახმარებები გაზარდეთო.

    დაახლოებით ისეთი პათოსი დავინახე ზუსტად ლიბერალის სტატიებს რომ გასდევს ხოლმე, ანუ ავტორი რომ ფიქრობს ვითომ ძლიერი ემოციით დავწერე პოსტი და არგუმენტაცია მოკლებულ აზრებს მხოლოდ გასაკრალიზებულ მორალურ ემოციებით რომ აგებს.

    ზიკო, საბა, პირდაპირ გეტყვით - ვფიქრობ, ამ დონის ბლოგს ასეთ სტატია არ ეკადრებოდა

    ReplyDelete
  8. საბა ჯაჯანიძეMarch 8, 2011 at 1:11 AM

    ვანო:

    პოსტის მიზანია მკითხველი დააფიქროს - რაც პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია.

    თუ მკითხველში ემოციას გამოვიწვევთ - ეს კარგია, ესე იგი დავაინტერესებთ და პრობლემაზე ჩავაფიქრებთ.

    არგუმენტაცია მოკლებულ აზრებში რა იგულისხმე? მართლა მაინტერესებს.


    ( არა რა ეს იურისტები მაგარი ტიპები ხართ რა :* )

    ReplyDelete
  9. საბა ჯაჯანიძეMarch 8, 2011 at 1:13 AM

    კაპიტალისტებო დაყაჭეთ ფული და დაეხმარეთ - ამის თქმა არ მინდოდა,შევეცადე დამეხასიათებინა საზოგადოების არატოლერანტული მიდგომა სხვა ეთნოსის წარმომადგენლების მიმართ. სოციალიზმი აქ არაფერ შუაშია.

    ReplyDelete
  10. ზვიად ხორგუაშვილიMarch 8, 2011 at 4:10 AM

    აქ მათხოვრების დახმარება კიარა მათ მიმართ ცუდი დამოკიდებულებაა გამოხატული. ანუ სოციალურ პრობლემაზეა გამახვილებული ყურადღება და არა ეკონომიკური "უსამართლობის" აღდგენაზე, რაზეც Free Market-მა უნდა იზრუნოს :)

    ისე მადლობა გულახდილი კომენტარისთვის :)

    ReplyDelete
  11. მარტივად ვიტყვი დიდი გავრცობის გარეშე.

    ქურთი მათხოვარი რომელიც საბამ ნახა განვიხილოთ არა როგორც ერთი ინდივიდი, ერთი რიგითი მათხოვარი, არამედ ამას შევხედოთ ცოტა გლობალურად. აქვე ვიტყვი რომ მე მეეჭვება ის ბიჭ ქურთი ყოფილიყო, ქურთებშ ერთადერთი მრიდების კასტაა ღარიბების კასტა, თუმცა ისინიც საკმაო ღირსებით გამოირჩევიან საიმისოდ რომ სამათხოვროდ გავიდნენ. მე ვფიქრობ ის ბოშა იყო (ე.წ. ციგანი).

    მაშ ასე, ბოშები - რა უცნაური ფენომენია ეს ბოშური ფენომენი. ამასწინად საქართველოში მოქმედი ერთადერთი ბოშური არასამთავრობოს ხელმძღვანელთან ჩაწერილ ინტერვიუს ვკითხულობდი სადაც ხელმძღვანელთან ერთად კიდევ ერთი (ალბათ ცოტა უფრო ჭკვიანი) ბოშა საუბრობდა. ერთ უცნაურ რამეს ამბობდა. ამბობდა, რომ მათხოვრობა მათი ცხოვრების წესია, ამბობდა რომ მათ არ შეუძლიათ შებოჭილ გარემოში ყოფნა და ერთ ადგილას მუშაობა, მათ ხელფასს ქუჩებში სიარული და წვრილმანის ყიდვა გაყიდვა ერჩივნათ (აქვე ისიც ვთქვათ რომ ამ ყიდვა გაყიდვაში იგულისხმება როგორც წესი მოპარულის გაყიდვა). ანუ მე იმას ვამბობ რომ მათთვის მათხოვრობა ცხოვრების წესია, ისინი შვილებს აჩენენ იმისთვის რომ ბავშვ აკიდებულებმა მეტი სიბრალულის გრძნობა გაუჩინონ მოქალაქეს. შემდეგ ეს თოთო ბავშვიც გაუყენონ მათხოვრობის დიდ გზას, მერე ამ ყოფილმა ბავშვებმა გააჩინონ შვილები, იმათაც მათხოვრებად დაზარდონ და ასე უსასრულოდ.
    ნუ გიკვირთ რომ საზოგადოებას მათ მიმართ არ აქვს კარგი დამოკიდებულება, ეს მათი გამოწვეულია და არა საზოგადოების. მათ არ სურთ სრულფასოვან მოქალაქეებად ცხოვრება, მათ არ სურთ თავიანთი დავის სასამართლოებში გარჩევა, მათ არ სურთ მოქალაქეობის მიღება, მათ არ სურთ საზოგადოების ნაწილად ყოფნა და შემდეგ ნუღა სწყინთ რომ საზოგადოება მათ არ იღებს.

    რაც შეეხება იმ ქალბატონს, ზოგი მასეთი ბებო მეც შემხვედრია რომლებმაც ხსენებული ბოშების მსგავსად ცხოვრების წესად აქციეს მათხოვრობა, თუმცა ისინი არიან იშვიათი ეგზემპლარები, და არა მთლიანად რაიმე სახის ჯგუფი რომელბმაც თავიანთ შთამომავლობას წესად უქციეს იმათხოვრეთ და ისე იცხოვრეთო

    ReplyDelete
  12. ზვიად ხორგუაშვილიMarch 8, 2011 at 8:04 AM

    ხო გეთანხმები ვანო შენ რაც დაწერე ყველაფერი მართალია, მაგრამ აქ სოციალური პრობლემა დაისვა, რასაც მართლა ვერ უარვყობთ. ის სხვა საქმეა სულ მათხოვრები არიან და ცხოვრების წესად აქვთ ქცეული, მაგრამ აქ არის შემდეგი რამ - საზოგადოებას არ უნდა განიხილოს ბოშები ამავე საზოგადოების ნაწილად, როცა ამ ბებოს თავისუფლად განიხილავენ. არც იმაზეა აქ საუბარი, რომ ვინმემ უნდა აიძულოს საზოგადოებას რამე ქნასო, უბრალოდ პრობლემაა და განკუთვნილია მკითხველისთვის, რომელსაც მართლა დააფიქრებს და შეეცდება "ის ბინძური და საზიზღარი ბოშა, რომელსაც ცხოვრების წესად აქვს ქცეული მათხოვრობა" იმ ბებოს სოციალურ სტატუსს გაუთანაბროს და არა როგორც ცხოველებს უყუროს, არამედ როგორც ადამიანებს, თუნდაც ბინძურებს, ქურდებს და მოსასპობებს :)))

    ReplyDelete
  13. საბა ჯაჯანიძეMarch 8, 2011 at 8:15 AM

    ვანო, ტყუილად არ დავწერე ზემოთ, ეს იურისტები მაგარი ტიპები ხართ თქო :)) ყველაფერში ზუსტ ფორმულირებებსა და განსაზღვრებებს ეძებთ :))

    ზიკომ სწორად აღნიშნა - პოსტში იყო პრობლემის აღნიშვნის მცდელობა: მე არ მინდა სომეხს, იმის გამო რომ სომეხია, პრობლემები შეექმნას ქართულ საზოგადოებაში.

    ქურთი იმიტომ დავწერე, რომ მათ ბოშებად არავინ აღიქვამს, თითქმის ყველა ( ჩემს გარშემო ) ქურთებს ეძახის :)

    ანუ ამ პოსტის მორალი ადვილი დასანახია, თუ განზოგადება შეგვიძლია - მესმის, იურისტებისთვის ეს რთულია, მაგრამ მაინც.

    ReplyDelete
  14. რა შუაშია მათხოვრის ცხოვრების წესი? ეს კონკრეტული შემთხვევაა რომელიც ყველას ყველაზე მეტად გვხვდება თვალში , იმიტომ რომ ყოველდღიურია (ვინც მეტროთი მგზავრობს მათთვის განსაკუთრებით ). განზოგადება არ არის საჭირო , იმიტომ რომ ეს ისედაც ცხადია რაღაც გაუგებარი "ტოლერანტობა" შენი ვთქვათ ქალაქელის მიმართ ,რომელსაც შეიძლება მანამდე არ იცნობდი ,მაგრამ ბათუმელია.:)

    ReplyDelete
  15. კარგი პოსტია, ერთი ორი წლის წინ ალბათ ცრემლიც მომადგებოდა, დამპალი და შოვინისტი ქართველების უკუღმართი ქცევით აღშფოთებულს :)))))

    რა თქმა უნდა მსგავსი შეუწყნარებლობა როგორსაც ცხვირგაბუშტული მამაკაცი ამჟღავნებდა, მიუღებელია (თუმცა მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, არა ძვირფასო თავისუფლების მეხოტბეებო???) მაგრამ ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ (ვეხმარებით ქართველს და უარს ვეუბნებით არაქართველს) გასაგები და მისაღებია და ამის საფუძველი ადამიანის ევოლუციური განვითარების პროცესში უნდა ვეძებოთ, როდესაც დახმარების სურვილი და თანაგრძნობა გიჩნდება შენი 'ჯიშის' წარმომადგენელთა მიმართ.

    მეც არასოდეს ვეხმარები ბოშას ან სხვა არაქართველ მათხოვრებს, იმიტომ რომ მათ წინაშე არანაირ პასუხისმგებლობის გრძნობა არ გამაჩნია და ვეხმარები მხოლოდ ქართველებს.

    პოსტი მართლა კარგია, გაეროს დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიძღვნილ რომელიმე ღონისძიებაზე გასაგზავნად ივარგებდა და ბლომად მოიხვეჭდა მქუხარე აპოლიდისმენტებს :)

    ReplyDelete
  16. საბა ჯაჯანიძეMarch 12, 2011 at 11:22 AM

    აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს :) მე არ ვცდილობ შევუზღუდო მას ეს უნარი - მე ვცდილობ შევცვალო დამოკიდებულება, რომელიც ჩემი აზრით არასწორია :) სულ ესაა

    ReplyDelete
  17. saintereso blogia. es shovinisti xalxia mosaspobi! saertod,rom icodet ramdeni cnobili adamiania gadaketebuli gvarit,romelsac pativs vcemt,gviyvars da sinamdvileshi qurtebi arian da amas malaven.tumca zogierti qurti iseti kargi pirovnebaa,bevr qartvels jobia!

    ReplyDelete