Friday, April 29, 2011

ტოტალური განათლება: 2010-2015

საქართველოს განათლების სისტემა ერთი დიდი, ფულის მჭამელი მანქანაა, უსარგებლო და არაეფექტიანი. ბევრი ადამიანი, ბავშვებს სკოლაში ატარებს მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლები საშუალო განათლების დამადასტურებელ ატესტატს იძლევიან, რომლის გარეშეც ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში სწავლაზე ვერც კი იოცნებებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2010-2015 წლების რეფორმების სტრატეგიაში ვკითხულობთ:
"ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის, განსაკუთრებით მესამე საფეხურის, მოსწავლეები გაკვეთილებს არ ესწრებიან და რეპეტიტორებთან ოთხ საგანში ემზადებიან. ეს მიუღებელია. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სასკოლო ატესტატს, რომელიც მოსწავლეს ძირითად საგნებში მინიმალური კომპეტენციის დადასტურების შედეგად მიეცემა. მოსწავლე, რომელიც სკოლას დაამთავრებს, ავტომატურად მიიღებს სკოლის დამთავრების დამადასტურებელ საბუთს ( სერთიფიკატს ), რომლითაც ის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას ან მუშაობის დაწყებას შეძლებს. თუმცა, თუ მოსწავლეს სურვილი ექნება, მიიღოს ატესტატი და სწავლა უმაღლეს  სასწავლებელში განაგრძოს, მას საგამოცდო ცენტრებში მოუწევს მინიმალური კომპეტენციის  ზღვარის გადალახვა შემდეგ საგნებში:  ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია."
მშობლები ფიქრობენ, რომ საჯარო სკოლის მიერ წარმოებული პროდუქტი უვარგისია და რეპეტიტორებთან დაჰყავთ თავიანთი შვილები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ესეთი სკოლები ღირებულ განათლებას უბრალოდ არ იძლევიან - წინააღდეგ შემთხვევაში, მშობლები, დამატებით, საკმაოდ სოლიდურ თანხას აღარ გადაიხდიდნენ რეპეტიტორების დაქირავებაში. გასაგებია, რომ სამინისტრო ამას ებრძვის, მაგრამ 2003-2010 წლებში, ამ მხრივ, ძირეული არაფერი შეცვლილა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სამინისტროს ხელმძღვანელობამ ეს ხუთ წელიწადში შეძლოს. ( ეჭვი მაქვს, სამინისტროში ისევ იგივე ხალხია, ვინც აქამდე იყო - ამ პერიოდში, მხოლოდ მინისტრები და მოადგილეები იცვლებოდნენ )
საინტერესოა რად გვინდა ეროვნული გამოცდები, თუკი სკოლაში საატესტატო გამოცდებს ვატარებთ - ორივე შემთხვევაში ძირითად საგნებში მინიმალური კომპეტენცია მოწმდება. სასკოლო გამოცდებში, ბავშვებს ცხრა საგანში უწევთ გამოცდების ჩაბარება, ხოლო ეროვნულებზე სამი ან ოთხი საგნის მინიმალური კომპეტენციას ვამოწმებთ - ჩემი აზრით, სასკოლო გამოცდები, რომელსაც უნარ-ჩვევების გამოცდაც მიემატება, მოიცავს ეროვნულ გამოცდებს და ზუსტად იმავე მიზნის შესრულება წარმატებით შეუძლია.
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ სკოლის გამოცდების ორგანიზება და მოწყობა დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რომლებსაც გადასახადების გადამხდელებს ( არგადამხდელებს ირიბად ) უსინდისოდ კისერზე გვადებენ.
რეფორმების სტრატეგიაში, კიდევ ერთი საინტერესო მითია - თურმე, სამინისტროს ერთ-ერთი მიზანი სკოლებს შორის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა - ბრენდირება ყოფილა:
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე, მოხდება სკოლების შეფასება, ე.წ. ბრენდირება, 10-ვარსკვლავიანი სისტემის მიხედვით. ვარსკვლავების მისაღებად მათ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ. კრიტერიუმებში გათვალისწინებული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა სკოლის ჩართულობა სხვადასხვა სახის პროგრამებში, ოლიმპიადებში, წარმატებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების რაოდენობა, სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა, მენტორ-მასწავლებელთა რაოდენობა და სწავლების ხარისხზე ორიენტირებული სხვა კომპონენტები."
ის რომ ქართველ ტაქსის მძოლთა უმრავლესობას, ორი უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები მართლა ფლობენ იმ ცოდნას, რაც ქაღალდზე უწერიათ. ჩვენ სინამდვილეში კი, მშობლები სერტიფიცირებულ პედაგოგებს არ ენდობიან და ზოგჯერ არასერტიფიცირებულ კერძო მასწავლებლებს ქირაობენ.
კონკურენტულ გარემოს შესაქმნელად რომ სახელმწიფოს მინიმალური ჩარევაა საჭირო, ეს არაახალია - კონკურენცია გულისხმობს შეჯიბრს საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაგრამ ხელოვნურად მოფიქრებული კრიტერიუმი, მაგალითად უსაფრთხოების დონე, რომელიც მანდატურების რიცხვით იზომება, კერძო სკოლას დამატებით თავისტკივილს უჩენს. ასეთი სკოლის მფლობელი, იძულებულია გადაუხადოს ხელფასი მანდატურებს იმაში, რაც ისედაც ჰქონდა და შეამციროს დაფინანსება მათემატიკის პროგრამის დახვეწაზე ან საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაზე.
სამაგიეროდ სიახლე ისაა, რომ სამინისტროს მოხელეებს შეუძლიათ ისეთი მახვილგონივრული კრიტერიუმების მოფიქრება, რომლის საშუალებითაც საუკეთესო სკოლებს გამოვავლენთ. ერთადერთი ობიექტური კრიტერიუმი, კი თავისუფალი ბაზრის მექანიზმია, რომელიც საოცარი ეფექტურობით ავლენს საუკეთესოებს - ვინც კონკურენციას ვერ უძლებს, უბრალოდ ბაზრიდან გადის, ხოლო საუკეთესოები მომხმარებლისგან უყურადღებობას არ უჩივიან.
ყველაფრისდა მიუხედავად, კონტროლი უფრო მკაცრდება:
"2010 წლის 1 აპრილიდან შეიქმნება და ამოქმედდება სკოლების მონიტორინგის კომისიები, რომელშიც შევლენ სამინისტროს ადმინისტრაციის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და სამართლებლივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლები. კომისია გააკონტროლებს: მოსწავლეთა დასწრებას, მასწავლებელთა გამოცხადებას, გაკვეთილის მიმდინარეობისას დასწრებას, ჟურნალების წარმოებას, სკოლების საქმის წარმოებას, მატერიალური ბაზის მდგომარეობას, დისციპლინას და სხვა."
მოსწავლეთა დასწრება და გაკვეთილის მიმდინარეობისას დასწრება სხვადასხვა რამე ყოფილა! სხვა-ში ალბათ სასკოლო ბუფეტში საკვების უსაფრთხოებას, საპირფარეშოების სისუფთავეს ან სპორტის მასწავლებლის უნარების შემოწმებას გულისხმობენ.
სამინისტრო მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის ყველა ეტაპის გაკონტროლებას, რაც უტოპიაა, რადგან ამდენ სკოლაში ასეთი დონის კონტროლს, სულ მცირე, კგბ-ს დონის ინსტიტუტი სჭირდება. სახალისო წარმოსადგენია, სამინისტროს ადმინისტრაციის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლები ჟურნალების წარმოების ან დისციპლინის დონის შემოწმებისას. ცხადია, რომ ეს თვალის მოსატყუებელი მანევრია, რომელიც იმ ხარჯების გასამართლებლად კეთდება, რომელიც ამ დეპარტამენტებზე იხარჯება.
რეფორმების სტრატეგიის კიდევ ერთი საოცრება, იმაში მდგომარეობს, რომ ეს გეგმა კერძო სკოლების წახალისებასა და სამინისტროსგან მათზე კონტროლის  გაზრდას (!)  ისახავს მიზნად:
"2011 წლიდან ყველა კერძო სკოლამ საჯარო სკოლის ტერიტორია უნდა დატოვოს და ცალკე შენობაში განთავსდეს.
კერძო სკოლების მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრო შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის ორგანოებს მათთვის, შენობებისა თუ მიწის ფართობების კანონით დადგენილ წესითა და ფორმით გადაცემისას, შეღავათების გაწევასთან დაკავშირებით. ამასთანავე სამინისტრო უზრუნველყოფს კერძო სკოლების სასწავლო გეგმის ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანას"
შესანიშნავია - კერძო სკოლა, რომელიც აქამდე ფიზიკა-მათემატიკური მიმართულებით მუშაობდა, ეხლა ერთიან ეროვნულ გეგმას უნდა მიყვეს, რაც გულისხმობს რომ მათ მიერ აქამდე დადგენილი კვოტები ფიზიკასა და მათემატიკაზე უნდა შემცირდეს.
არადა, კერძო სკოლების უპირატესობა საჯარო სკოლებთან მიმართებაში აშკარაა. ამის მიუხედავად, სამინისტროს პრიორიტეტი კერძო სკოლების საჯარო სკოლებთან დაახლოებაა, სხვაგვარად ვერ აიხსნება ეროვნული სასწავლო გეგმის საყოველთაოობა.
განათლების სისტემის მესვეურებს, იმდენად კარგად ესმით თანამედროვე სამყაროს გამოწვევები, რომ პრეტენზიას აცხადებენ ჰქონდეთ ეროვნული გეგმა, რომელიც ამ გამოწვევებს საუკეთესოდ უპასუხებს.
სამინისტროს მისიაში ვკითხულობთ:
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს ადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები."
როგორც ჩანს, ჩვენს განათლების მუშაკებს არჩევანის თავისუფლება, ისევე როგორც სამართლიანი კონკურენცია, სხვანაირად ესმით. სამართლიანი კონკურენცია და არჩევანის თავისუფლება, ისეთ ტოტალურ კონტროლის პირობებში, რაც 2010-2015 წლების რეფორმების სტრატეგიაშია გათვალისწინებული - წარმოუდგენელი და მიუღწევადია.
წელს, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ერთი მარგალიტი აღმოვაჩინე, რომელმაც ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა და სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა. საუბარია - "აია-ჯეს"-ზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ ყველა კრიტერიუმს, რომლებიც ამ რეფორმების სტრატეგიაშია გაწერილი. მიუხედავად ამისა, ეს სკოლა მაინც ვერ აცდება მანდატურებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მონიტორინგის კომისიებს.
სკოლის შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ მათ ინტერნეტ მისამართზე მოიძიოთ - http://www.aia-gess.ge/index.php და დარწმუნდეთ, რომ არ ვაჭარბებ.
სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს ესეთ სკოლებს დაუდგინოს წესები და განუსაზღვროს სამომავლო გეგმები, მაშინ როდესაც, ამ სკოლის მენეჯმენტი სამინისტროს რეკომენდაციების გარეშეც ეფექტურად მართავდა სასწავლო პროცესს, მშვენივრად განსაზღვრავდა საკუთარ პრიორიტეტებს და მათზე დაფუძნებულ სამომავლო გეგმებს.

(c) საბა ჯაჯანიძე 2011 წ. 

9 comments:

  1. საბა ძალიან კარგი სტატიაა, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ნებისმიერ ქართულ სოლიდურ გამოცემას დაამშვენებდა :)

    ახლა შინაარს რაც შეეხება. გასაგებია, რომ შენ, ზიკო და თქვენ თანამოაზრეები დარწმუნებული ხართ კერძო სკოლების უპირატესობაში და ამას ეჭვქვეშ არ აყენებთ, მაგრამ ამის დასამტკიცებლად ეფექტური არგუმენტაცია გჭირდებათ. მოიძიეთ სტატისტიკა, მოიყვანეთ მაგალითები, შეადარეთ სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას რომ ეს უპირატესობა რიგითი მკითხველისთვის თვალსაჩინო გახდეს.

    ReplyDelete
  2. ზვიად ხორგუაშვილიApril 29, 2011 at 7:40 AM

    მადლობა ლევან, მართალი ხარ, მაგრამ ეს უბრალოდ სტატიაა და შემდეგ, ოდნავ რომ განვითარდებით აუცილებლად გავაკეთებთ რეფორთებს მაგის შესახებ. :) შენი დახმარებითაც :)

    ReplyDelete
  3. ივანე კოპაძეApril 29, 2011 at 9:52 AM

    ძალიან კარგი სტატიაა საბა, შეიძლება ითქვას რომ საუკეთსოა შენს აქამდე დაწერილ სტატიებში.

    ლევანს დავეთანხმები და მეც გირჩევ რომ საქმისთვის აჯობებს თუ უკეთესად იქნები ინფორმირებული და კიდევ უფრო უკეთესი არგუმენტაცია იქნება მოყვანილი (ეს არ ნიშნავს რომ რაც აქაა მოყვანილი კარგი არაა).

    მოკლედ, ასე გაარძელე :)

    ReplyDelete
  4. სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გამკაცრება იმით არის გამოწვეული, რომ კერძო სკოლებს სახელმწიფო ზუსტად ისევე აფინანსებს, როგორც საჯარო სკოლებს.

    კერძოს სტატუსი აქამდე საქართველოში რეალურად ნიშნავდა მხოლოდ ზედმეტი ფულის გამორთმევის უფლებას ბავშვის მშობლისგან.

    მაგრამ ამ ბოლო დროს ”პადვალში” გახსნილი სკოლები რომ გამრავლდა, რომლებიც უბრალოდ ჩარიცხული ბავშვების ხარჯზე ფულს ტეხავენ, მაგიტომ ცდილობს შაშკინი იმის კონტროლს, თუ სად მიდის მის მიერ გადარიცხული სახსრები.

    ReplyDelete
  5. ფულს ტეხავენ რას ნიშნავს ? :) ვიხაცამ მიიყვანა იმ "პადვალში" გახსნილ სკოლაში და ასწავლის თავის ბავშვს ? მიღებულ ფულს რასაც უნდა იმას უზავს მეპატრონე.
    რა სახელმწიფოს საქმეა კერძო სკოლა სად წაიღებს ფულს და რაში დახარჯავს.

    ReplyDelete
  6. არც ფული მისცეს და არც აკონტროლოს :))) ადვილია

    "კერძოს სტატუსი აქამდე საქართველოში რეალურად ნიშნავდა მხოლოდ ზედმეტი ფულის გამორთმევის უფლებას ბავშვის მშობლისგან." - კერძო სტატუსი ნიშნავდა კარგი განათლების მიღების საშუალებას.

    მადლობა ბიჭებო :)

    ReplyDelete
  7. მართალი ხარ, საბა, არ მისცეს ფული, მაგრამ ეგ უკვე სხვა გადაწყვეტილებაა. მე არსებული სტატუს-კვოს ფარგლებში ვლაპარაკობ, როდესაც ყველა ბავშვზე, სადაც არ უნდა მივიდეს ის (თუნდაც 10 000$ სკოლაში) მიბმულია 250 ლარიანი ვაუჩერი (ზუსტად არ ვიცი რამდენიანი).

    დურუ, ამ შემთხვევაში მომსახურებას ღირებულებას მშობელთან ერთად იხდის სახემწიფო. წარმოიდგინე სახელმწიფო, როგორც ცალკე X პიროვნება, რომელიც უხდის ადამიანს სწავლის ფულს და უნდა გარკვეული სტანდრტს დამაკმაყოფილებელი განათლება.

    ვინც ფულს იხდის, ისისც უკვეთავს მუსიკას. ამიტომ მას სრული უფლება აქვს კონტროლიო გაუწიოს იმას, თუ სად მიდის მისი ჩარიცხული ფული.

    მიხვდი რა სახელმწიფოს საქმეა ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

    ”პადვალში” გახსნილი სკოლა კიდევ ნიშნავს, რომ გავაფორმო 50 ბავშვი და განათლების სამინისტრომ მიხადოს თვეში თითო ბავშვზე 250 ლარი. ბავშვებზე, რომლებიც შესაძლოა არც არსებობენ :)

    ReplyDelete
  8. ზვიად ხორგუაშვილიMay 1, 2011 at 6:46 PM

    პირველ რიგში ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი მშობელი ეცდება თავისი შვილისთვის კარგი არჩევანი გააკეთოს და პადვალში არ მიიყვანოს. პადვალს კი არც არავინ გახსნის მომხმარებელი არ ეყოლება. ფანტაზიის უნარი ნებისმიერ სისტემას დაანგრევს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკული მაგალითებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეგ უკვე რაღაცა სახით დისკრიმინაციია სახელმწიფოს მხრიდან როდესაც ამბობს, რომ ჩემთან ისწავლე. პირიქით, თუ მშობელს არჩევანი ექნება ამ ვაუჩერით სადაც უნდა იქ მიიყვანოს, ლოგიკურად გაიზრდება კერძო სკოლებზე მოთხოვნა (რადგან უკეთესი ხარისხია მათ უმრავლესობაში), კერძო სკოლებზე მოთხოვნა გაზრდის ამ ბაზრის ათვისებას და გაფართოებას. ეს კარგი ინსტრუმენტია სამთავრობო კლანჭებიდან კერძო სექტორში გადავიდეს რაიმე დარგი.

    ReplyDelete
  9. რეიტინგულ კვლევებს სამინისტრო კი არა, დამოუკიდებელი ორგანიზაციები უნდა ატარებდნენ. ყველა ნორნმალურ ქვეყანაში ასე ხდება. ამ პირობის გარეშე, რეიტინგით მიღებული ”ვარსკვლავები” ვერ იციმციმებენ.

    ReplyDelete