Saturday, May 7, 2011

კაპიტალიზმი და მორალური ფასეულობანი

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიამ დაამტკიცა, რომ კაპიტალიზმი გაცილებით უფრო ეფექტური და ეკონომიკურად მისაღები წყობაა კომუნიზმთან შედარებით, მიმდინარეობს დავა მისი სამართლიანობისა და ეთიკურობის შესახებ. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ კაპიტალიზმში დასადგურებულია ეგოიზმი, პირადი კეთილდღეობისათვის ბრძოლა, რასაც ჯუნგლების კანონებამდე მივყავართ. საბაზრო ეკონომიკის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ბაზარი კლავს ადამიანობას და გზას უხსნის საზოგადოების სუსტი წევრების ჩაგვრას. თუმცა, ლინკოლნის სიტყვების არ იყოს თუ გინდა დაინახო ადამიანის ნამდვილი მხარე მიეცი მას თავისუფლება. მე სრულად ვეთანხმები ამ სიტყვებს და ვფიქრობ, რომ ადამიანის რაობა და ვინაობა სწორედ თავისუფლების პირობებში იკვეთება. მართლაც, ფაქტობრივად წარმოუდგენელია მონის ინდივიდუალურობისა და პირადი თვისებების განვითარება და წარმოჩენა. აქედან გამომდინარე, თუ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი ბაზარი ადამიანებს არაეთიკური საქციელების ჩადენაზე უბიძგებს, ესეიგი ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანები ზოგადად არაეთიკურები არიან და ამის დასაფარად მათი შეზღუდვა და ჩარჩოებში ჩასმაა აუცილებელი. თუმცა, თვით ეს საქციელი თავის მხრივ არაეთიკურია. მეტიც, რა არგუმენტების საფუძველზე ირჩევა ისეთი ადამიანების ჯგუფი, რომელიც ადგენს მთელი საზოგადოებისათვის ეთიკური ქცევის სტანდარტებს? ან ვინ არჩევს ასეთ ადამიანებს? - იგივე „ამორალური„ ადამიანები ვისზეც ვფიქრობთ, რომ თავისუფლების შემთხვევაში არიან ეგოისტები და სხვებისათვის ზიანის მიყება შეუძლიათ, წარმატებით ირჩევენ ადამიანების მცირე ჯგუფს, რომლებიც შემდგომ ყველას სახელით დაადგენენ მორალურ ნორმებს და ძალას გამოიყენებენ განსხვევებული აზრის მქონე უმცირესობების შეზღუდვისათვის.
ზოგადად რომ შევაფასოთ კაპიტალიზმი ეთიკურია თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებების გამო - ის სრულ თავისუფლებას აძლევს ყველა ინდივიდს და არ ზღუდავს მათ თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნებასა და უნარ-ჩვევების გამოყენებაში.
კაპიტალიზმის კრიტიკოსები ზრახავენ მეწარმეობის ინსტიტუტს. მიაჩნიათ, რომ ეს არაკეთილსინდისიერი სწრაფვაა მოგებისაკენ. ითვლება, რომ მუშაკის ხელფასი არის სამართლიანი ანაზღაურება მის მიერ გაწეული სამსახურისათვის. ხოლო კომპანიის მფლობელი კი ხეირობს თანამშრომლების მიერ გამომუშევებული თანხებით. ითვლება, რომ ეს არასამართლიანია, რადგან მუშაობს ერთი ხოლო იგებს სხვა. გამოდის, რომ კომპანიის მფლობელი ითვისებს სხვის ფულს. სწორედ ამის გამო კომუნისტები აქტიურად გმობენ ამ ინსტიტუტს.
ზოგადად, ჯარის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ იღებს მონაწილეობას ანაზღაურება გაცილებით უფრო მაღალია ჯარის პასიურ ნაწილთან შედარებით. ეს ყოველთვის ბუნებრივად აღიქმეოდა - ომში მონაწილეობისას ჯარისკაცი საკუთარი სიცოცხლით რისკავს და შესაძლო დანაკარგები მისთვის გაცილებით უფრო მაღალია. ერთი სიტყვით, ამ ჯარისკაცებს მაღალ ხელფასებს უნიშნავენ იმის გამო, რომ ისინი საკუთარ თავზე რისკს იღებენ. გარდა ამისა, მათ სტაჟსაც გაცილებით მეტს უთვლიან (არსებობს ასეთი გაგება 1 დღე = 2 დღეს).
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი სრულად  მისაღებად მიაჩნია ბევრ „კომუნისტს“ ისინი მაინც ზრახავენ მეწარმეს მიერ მიღებულ შემოსავალს. თუმცა ყურადღების მიღმა რჩებათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - მეწარმე რისკავს კომპანიის დაარსებისას. სრულიად რეალურია კომპანიამ იზარალოს და ფსკერზე წაიყოლოს მფლობელის მიერ ინვესტირებული თანხებიც. ზოგ შემთხვევაში კი არა მხოლოდ ინვესტირებული თანხა, არამედ მეწარმის სრული ქონება. გარდა ამისა, ისეთი კომპანიის დასაარსებლად, რომელიც მართლაც დიდ მოგებას მოუტანს მფლობელს, საჭიროა საკმაოდ დიდი თანხების ინვესტიცია. მომავალმა მოგებამ უნდა დაფაროს როგორც ჩადებული თანხა, ისე რისკი და ფულის ღირებულებაც დროში. გარდა ამისა, მან უნდა უზრუნველყოს სამსახურში სათანადო ადამიანების აყვანა, მათი მართვა, ინვესტორებთან ურთიერთობა და მთლიანად ბიზნესის კონტროლი.
ერთი სიტყვით, ადამიანი უნდა დასაჩუქრდეს გაწეული რისკისა და მოკლებული მოხმარებისთვის. აქვე სუფთა კაპიტალისტურად რომ შევხედოთ - თუ ადამიანს აქვს რაიმე იდეა ის მას განახორციელებს იმ შემთხვევაში თუ აქედან გარკვეული სარგებელი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი იდეების განხორციელების ოდენობა გაცილებით უფრო მცირე იქნებოდა, რაც თავის მხრივ ბევრ უკუშედეგს გამოიწვევდა - შემცირდებოდა სამუშაო ადგილები, მთლიანი შიდა პროდუქტი და სხვა.
სოციალისტების მორიგი არგუმენტი კაპიტალიზმის წინააღმდეგ მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები ცდილობენ შეაგროვონ რაც შეიძლება ბევრი ფული. მიიჩნევა, რომ ეს დასაძრახი და ეგოისტური ქმედებაა. თუმცა, ადამიანები ყველა საუკუნეში და ყველა წყობის პირობებში ამჟღავნებდნენ ამ თვისებას - ისინი ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი კეთილდღეობის ამაღლებას. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს ადამიანის სრულიად ბუნებრივი თვისებაა, ხოლო ადამიანობის შეზღუდვა მაინცდამაინც მორალური არ არის. აღსანიშნავია, რომ ეგოიზმი ვერც სოციალიზმმა აღმოფხვრა. ცნობილი ფაქტია, რომ სწორედ სოციალიზმის პირობებში კორუფცია იყო ყველგან, განსაკუთრებით კი მაღალ თანამდებობებზე. მართალია, ადამიანებს დაბალი ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ სამაგიეროდ სხვანაირად (არაკეთილსინდისიერად) ახერხებდნენ თავიანთი ეგოიზმის დაკმაყოფილებას. ამის გამო, მდიდარი ადამიანები გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ, რადგან მათ ყოველთვის შეეძლოთ საჭირო ადამიანების მოსყიდვა; ხოლო ქვეყნის ჩვეულებრივ მოსახლეობა, რომელსაც არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, აშკარად უსამართლოდ იჩაგრებოდა. იბადება კითხვა, რამდენად სამართლიანია ეს?
ასევე გავრცელებულია მოსაზრება, რომ სოციალიზმისა და კომუნიზმის პირობებში ადამიანების ურთიერთობა არ იყო დაფუძნებული მატერიალურ სარგებელზე და ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთს საკუთარი ინტერესების გაუთვალისწინებლად, ხოლო საბაზრო ეკონომიკის პირობებში კი „ადამიანური“ ურთიერთობა ჩაანაცვლა მატერიალიზმმა და ეგოიზმმა. თუმცა საინტერესოა, რომ კვლევების მიხედვით ფილანტროფია კაპიტალიზმის პირობებში რამოდენიმეჯერ აღემატება კომუნიზმის დროს გამოვლენილ ოდენობას. თუ კაპიტალიზმის პირობებში სახელმწიფო ეხმარებოდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ახლა ამას ადამიანები საკუთარი ნება-სურვილით აკეთებენ.
ზოგადად, იმისათვის რომ ადამიანი სხვას დაეხმაროს მას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება. ცხადია, რომ ღარიბი ადამიანი ვერც სხვას დაეხმარება. ამის გამო, ვფიქრობ, რომ მეწარმეობა ძალიან მორალური და გამართლებული საქციელია. თუ მე დავაარსებ კომპანიას შევქმნი სამუშაო ადგილებს და გამოვუშვებ რაღაც პროდუქციას (გავწევ მომსახურებას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) გავზრდი როგორც მომხმარებლის ისე დასაქმებული პირების კეთილდღეობას, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა გარკვეული თანხა გამოიმუშაონ და შეიტანონ ოჯახში. სოციალიზმის პირობებში კი სამუშაო ადგილებს ფაქტობრივად მხოლოდ სახელმწიფო ქმნიდა.
ვთვლი, რომ კაპიტალიზმი და მოგებისკენ სწრაფვა გამართლებულია რელიგიური კუთხითაც. ამას ქრისტიანობაში ადასტურებს იგავი ტალანტზე. ამ იგავში ბატონმა (ღმერთმა) თავის სამ მონას (ადამიანებს) წასვლამდე დაუტოვა ხუთი, ორი და ერთი ტალანტი (ფულის ერთეული). ხუთი და ორი ტალანტის მფლობელებმა ფული გაარმაგეს მისი ინვესტირებით საჭირო საქმიანობაში, ხოლო ერთი ტალანტის მფლობელმა კი ის მიწაში ჩაფლო. ბატონის დაბრუნების შემდეგ თითოეულმა შეატყობინა მიღებული გადაწყვეტილებისა და შედეგების შესახებ. ბატონმა შეაქო პირველი ორი მონა, ხოლო მესამე დასაჯა და ის ერთი ტალანტიც წაართვა. იგავის მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა უნდა გამოიყენოს ღვთისგან ბოძებული ყველა საჩუქარი. იქნება ეს მისი ნიჭი, უნარები, შესაძლებლობები, ცოდნა, თუ სამყაროსა და მიმდინარე სიტუაციის ადეკვატურად შეფასებისა და მომავლის ანალიზის შესაძლებლობა. იმას, ვისაც მეტი აქვს მეტი მოეთხოვება - ეს ვრცელდება როგორც ნიჭსა და შესაძლებლობებზე, ისე კაპიტალსა და სხვა თვისებებზე.
თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგენი აკრიტიკებენ ამ სისტემას კიდევ ერთი მიზეზის გამო, რომელიც არის ასიმეტრიული ინფორმაცია. ისინი ამტკიცებენ, რომ წარმატებულმა მეწარმემ არასამართლიანად მიიღო ბიზნესიდან შემოსული თანხები იმის გამო, რომ მას ჰქონდა ის ინფორმაცია, რომელიც არ ჰქონდა სხვას. ჩემი აზრით, ეს უტოლდება მტკიცებას, რომ რომელიმე პირი არასამართლიანად იღებს ანაზღაურებას თავის ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ის იყენებს იმას, რაც სხვას შეიძლება ჰქონოდა (მიეღო თავის დროზე სათანადო განათლება), მაგრამ არ აქვს. ანალოგიური აბსტრაქციის გაკეთება შესაძლებელია ადამიანის ნებისმიერ არამატერიალურ აქტივზე იქნება ეს ძალა, თუ ნიჭი. ყველაფერი ეს ადამიანის კეთილდღეობის ნაწილს წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ თითოეულმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები; ცოდნა და ინფორმაცია, რომელზეც ხელი მიუწვდება. ერთი სიტყვით, ინფორმაცია ფული ღირს და ის ისეთივე აქტივია, როგორც სხვა ნებისმიერი აქტივი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ბაზრის მონაწილეებს ყოველთვის ეძლევათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის საჭირო ან სასურველი ინფორმაცია და გადადგან სათანადო ნაბიჯებიც. ანუ ყველა ადამიანი თავისუფალია მოიპოვოს ეს „აქტივი“. ხოლო კომუნიზმის პირობებში ითვლებოდა, რომ სახელმწიფოა ერთადერთი ორგანო, რომელიც ფლობდა ყველა სახის აუცილებელ ინფორმაციას და იღებდა რაციონალურ გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდის ნაცვლად. ცხადია, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ადამიანები რადიკალურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თანაც, ზოგიერთი სახის ინფორმაცია მოითხოვს სწრაფ რეაგირებას და გადაწყვეტილების მომენტალურ მიღებას. მაგრამ, თუ ამ გადაწყვეტილების მიღება დაევალება სახელმწიფო აპარატს შეიძლება ითქვას, რომ მომენტი დაკარგულია და ინფორმაციაც უკვე არაქტუალურია. ერთი სიტყვით, შეუძლებელია ინფორმაცია ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი. მის მოსაპოვებლად ბრძოლა და ხშირად ფულის გადახდა არის საჭირო.
სოციალიზმის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ კაპიტალი და რესურსები თანაბრად უნდა გადანაწილდეს საზოგადოების წევრებს შორის. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ერთმა პირმე გამოიმუშავა სხვებთან შედარებით მეტი თანხა, მაშინ ეს თანხა საზოგადოებაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს. ეს მიუღებელია როგორც ეკონომიკური ისე წმინდა ადამიანური თვალითაც.
მაგალითისთვის განვიხილოთ მოსწავლეების 4 კაციანი ჯგუფი, რომელსაც დაევალა ერთი დავალების გაკეთება. დავუშვათ, რომ საქმე ჯგუფის ერთ-ერთმა ბეჯითმა მოსწავლემ გააკეთა დანარჩენებმა კი იზარმაცეს. დავუშვათ, რომ ჯამში გუნდს დაეწერა 100 ქულა, რომელიც გუნდის წევრებზე უნდა გადანაწილდეს. სოციალიზმის პირობებში ქულები გადანაწილდებოდა თანაბრად 25-25 ქულა. განვიხილოთ აღნიშნულის ეკონომიკური შედეგები - ცხადია, რომ მოხდა ბეჯითი ბავშვის დემოტივაცია, რადგან მისი შრომა საერთო ჯამში შეფასდა 25 ქულით. შემდეგი პროექტის კეთებისას ის გაითვალისწინებს ამ გამოცდილებას და ნაკლებ ძალისხმევას ჩააქსოვს მის კეთებაში. ამ მაგალითის ადამიანური კუთხით შეფასებისას შედეგი ცხადია - ბავშვი გულნატკენი დარჩა. გამოვიდა, რომ მისი ძალისხმევა, მონდომება, შრომა არ დაფასდა და დაუმსახურებელმა პირებმა აბსოლუტურად არასამართლიანად მიიღეს მაღალი ქულები. კაპიტალიზმის პირობებში კი ბეჯითი ბავშვის ნაღვაწი გაცილებით უფრო მეტად დაფასდებოდა და არ მოხდებოდა არც მისი დემოტივაცია და არც იმედგაცრუება.
საინტერესოა, რომ კაპიტალიზმი აღიარებულია ყველაზე ეფექტურ ეკონომიკურ წყობად და მისი კრიტიკოსებიც აღნიშნავენ, რომ ის ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკისა და ცხოვრების დონის ამაღლებას. საინტერესოა, თუ რატომ უნდა იყოს ეს ცუდი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობისთვის. მდიდარი ადამიანები ცდილობენ გარშემო სასიამოვნო გარემო შექმნან და ძალიან წუხან გაჭირვებაში მყოფი ადამიანების ბედზე - კაპიტალიზმი პიროვნებას არ უკარგავს ადამიანობას. სწორედ ამის გამო, მდიდარი ადამიანები საკმაოდ დიდ თანხებს გასცემენ ქველმოქმედებისთვის. როგორც არაერთმა საერთაშორისო კვლევამ და მსოფლიოში რეალურად არსებულმა სიტუაციამ დაამტკიცა - მდიდარ, კაპიტალისტურ, ქვეყნებში ღარიბი ადამიანების წილი გაცილებით უფრო დაბალია.
გარდა ქველმოქმედებისა ამ ეფექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი არის განვითარებეს გარეგანი დადებითი ეფექტები. დადებითი გარეგანი ეფექტები საკმაოდ დიდი აქვს განათლებას და ზოგადად პირის კეთილდღეობას, რადგან ის ცდილობს თავის გარშემო კარგი ინფრასტრუქტურა შექმნას.
ზოგადად დასადგენია ვინ სარგებლობს თავისუფალი ბაზრით - მდიდრები თუ ღარიბები. რა თქმა უნდა, კაპიტალიზმის კრიტიკოსები თვლიან რომ მდიდრები - ისინი ახდენენ ღარიბი მოსახლეობის ექპლუატაციას და ამით ივსებენ ჯიბეს. მაგრამ რამდენად შესაძლებელია ეს საერთოდ? რეალურად შეუძლებელია გამდიდრება იმის ხარჯზე ვისაც არაფერი აქვს. იბადება კითხვა, პირიქით ხომ არ არის - ღარიბები უფრო მეტ სარგებელს იღებენ თავისუფალი ეკონომიკისგან? - შეძლებული ადამიანები ფულის ინვესტიციას ახდენენ ისეთ სფეროებში, რომლებსაც საზოგადოების შედარებით ღარიბი ნაწილი ვერასდროს გაწვდებოდა. მაგალითად მედიკამენტებსა და ტექნოლოგიურ კვლევებში. გარდა ამისა, კაპიტალის თანაბრად გაყოფის შემთხვევაში (როგორც ამას მიზნად ისახავდა კომუნიზმი) ის თანხები, რომლებიც დღეს იდება ქველმოქმდებასა და ისეთი საკითხების კვლევაში, როგორიც არის შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგროვდებოდა. ამის მიზეზი არის ის, რომ ყველას ექნებოდა საარსებოდ და „კარგი ცხოვრებისთვის“ საკმარისი თანხა, მაგრამ ზედმეტობას არავინ იგრძნობდა და ამგვარი პრობლემები სათანადო ყურადღების გარეშე დარჩებოდა. არადა ისეთი პრობლემები, როგორიც არის შიდსი სწორედ უსახსროებსა და დაბალგავინთარებულ ქვეყნებშია გავრცელებული. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღარიბები ხეირობენ შეძლებული ადამიანების ხარჯზე?
ზოგადად, ვფიქრობ, რომ კაპიტალიზმი ერთადერთი მორალური ეკონომიკური სისტემაა რადგან მხოლოდ მის პირობებში ეძლევა მწარმოებელს ფიქრისა და ქმედების დამოუკიდებლობა; ხოლო ინდივიდს კი პირადი მიზნების დასახვისა და მათი ასრულებისკენ სწრაფვის შესაძლებლობა.
(c) ეკა პაპიაშვილი 2011 წ. 

2 comments:

  1. კარგად იკითხება. ყოჩაღ ეკა :)

    ReplyDelete
  2. ramdeni tutuci gauchenia qveyanaze gmertsa..!

    ReplyDelete