Monday, May 9, 2011

ევროპული მ(ოდა)ემარცხენეობა

დღეს 1 მაისია, მთელი მსოფლიოს მემარცხეენებისთვის ერთ -ერთი ‘საუფლო’ დღესასწაული. ამას ისიც დავუმატოთ, რომ დღეს კვირადღეა და შიმშილით სული რომ გძვრებოდეს, ერთ მაღაზიას ვერ ნახავ ღიას პურის საყიდლად ევროპის იმ პატარა პროვინციულ ქალაქში სადაც ახლა ვიმყოფები და ძალაუნებურად გაფიქრებს ადამიანს იმ ფენომენზე ევროპული მემარცხენეობა რომ ჰქვია.

სიმართლე რომ ვთქვა, პირველად ხსენებულ ფენომენზე მაშინ დავფიქრდი, ბელგიური რკინიგზის პროფკავშირების ხუშტურების გამო უცნობ ქალაქში რომ ჩავრჩი, ისიც იმ დროს, საკურსოს დედლაინი რომ მიწევდა და გამოცდის თარიღიც ბოროტი ღიმილით მიახლოვდებოდა. ცოდვა გამხელილი ჯობს და ‘ფიქრში’ სულაც არ დამიპყრია ანალიტიკის მწვერვალები, ძირითადად იმ რამდენიმე ქართულ ეშხიან გამოთქმას ვუტრიალებდი, სიტუაციისთვის ზედგამოჭრილი რომ მეჩვენა.  მოგვიანებით კი მართლა დავინტერესდი თუ რის გამო მიწევდა შეხება ჩემთვის უცნობ ამ მოვლენებთან.
ბრიტანელი ისტორიკოსი ნაიალ ფერგიუსონი თავის წიგნში ‘The Cash Nexus’ მისთვის ჩვეული სიტყვაკაზმულობით აღწერს იმ პროცესს, თუ როგორ ჩაანაცვლა მეომარი  სახელმწიფო (Warfare State), ე.წ. კეთილდღეობის სახელმწიფომ (Welfare State) გასულ საუკუნეში. ეს პროცესი თავისთავად შეეხო ნიდერლანდების სამეფოსაც.  სახელმწიფო და ხალხი, რომელიც საუკუნეების წინ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ იმპერიებს ტოლს არ უდებდნენ და თავად ქმნიდნენ საკუთარ იმპერიას, დღეს სოციალური ბენეფიტების ანგარიშითაა დაკავებული. ამას ხელი განსაკუთრებით შეუწყო 1960 - იან წლებში ჩრდილოეთის ზღვის მიდამოებში ბუნებრივი აირის დიდი საბადოების აღმოჩენამ. ექსპორტისგან შემოსულმა ფულის დიდმა მასამ სახელმწიფოს უამრავი სოციალური პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა მისცა, რამაც როგორც წესი აქაც ხალხის გაზარმაცება გამოიწვია. ძნელია არ გაგახსენდეს ფრაზა ბავშვობაში ყველა ჩვენთაგანის საყვარელი ნაწარმოები ‘კაპიტან გრანტის შვილები’ - დან, როდესაც პაგანელი მოძღვრავს პატარა რობერტს: ‘ბედნიერია არა ის ქვეყანა სადაც ოქრო (ჩასვით ბუნებრივი აირი ლ.წ.) მოიპოვება, არამედ ის სადაც რკინა მოიპოვება’.  დღეს, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც კი ჰოლანდიაში ბუნებრივი აირის 10-15 წლის მარაგია დარჩენილი, რისი ამოწურვის შემდეგაც, სახელმწიფოს მოუწევს გულუხვად ხარჯვაზე უარის თქმა. ეს კი რა შედეგებს მოიტანს, ძნელი გამოსაცნობი არ არის.

უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობ ურთიერთობა ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდასთან მიწევს. ერთ საინტერესო ტენდენციასაც დავაკვირდი. განურჩევლად სქესისა, რასისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ყველა თანაბრად აიდეალებს მემარცხენე პრინციპებსა და თეორეტიკოსებს. უფრო მეტიც, მემარჯვენე შეხედულებები აქ მეტად ანაქრონისტულად და რეტროგრადულად ითვლება: ბაზრის თავისუფლებაზე საუბარი ღიმილს იწვევს, სამხედრო სფეროში ინვესტირების აუცილებლობის ხაზგასმა შეშფოთებულ მზერას, ხოლო ისლამოფაშიზმის მზარდ საფრთხეზე ხმის ამოღება ნერვიულ მოძრაობებს და ისეთი სულელური ფრაზების წამოსროლას როგორებიცაა: ’11 სექტემბრის ტერაქტის მომწყობებს, საფუძველი ჰქონდათ რაც გააკეთეს, გლობალურმა სისტემამ მათ საშუალება არ მისცა, მათი განათლების შესაბამისი სამსახური ეშოვნათ’ ანაც ‘ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბარს, ჯობია აგრესიული ისრაელის ბომბებზე ვისაუბროთ’. ეს და სხვა მრავალი, შეზავებული მგზნებარე, ვულკანის ლავასავით მცხუნვარე მემარცხენე რიტორიკით. სახეზეა მორალური კომპასის სრული აღრევის და მენტალური დეგრადაციის შემთხვევა.

დღეს გავრცელებული და მრავალგზის დადასტურებული  მოსაზრება, რომ აკადემია / უნივერსიტეტები მემარცხენე ინტელექტუალების საფიხვნოდაა ქცეული, ამ შემთხვევაშიც სიმართლეა. ‘არააკადემიურ ტონად’ ითვლება ერაყის ომის თუნდაც რაიმე დადებით მომენტზე მითითება, ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომის გამართლება, სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის მავნე შედეგების გაკრიტიკება და ა.შ. ასეთ დროს უკეთეს შემთხვევაში უხერხულ დუმილს იმსახურებ, უარეს შემთხვევაში კი აუდიტორიის მკაფიოდ გამოხატულ ანტაგონიზმს, სადაც იმის მიუხედავად რომ არც დაჭრილი ხარ და მითუმეტეს არც არწივი, ყვავ - ყორნები მაინც მოიწევენ შენკენ. ამას დავუმატოთ თვეში რამდენიმე ლექცია, მიძღვნილი ისეთ საკითხებს თუ როგორ იწვევს ადამიანი კლიმატის ცვლილებას, როგორ ძარცვავს მონოპოლისტი ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს და რამდენად კეთილი და სათნოა ევროკავშირი, რომელიც სოციალური უსამართლობის მავნე რეციდივების აღმოფხვრას ცდილობს და თანდათან უფრო ძნელი ხდება გაუძლო ამ სრულმასშტაბიან ინდოქტრინაციას.

აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი პარადოქსი. მემარჯვენეებს ხშირად სდებენ ბრალს პარტიზანულობაში, ცრურწმენასა და სიხისტეში, სხვისი აზრის შეუწყნარებლობასა და აგდებულ მიდგომაში. საშუალო სტატისტიკური ევროპელი მემარცხენე ახალგაზრდა ყველა ამ სიმპტომის ‘ღირსეული’ განსახიერებაა. მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება; მემარჯვენე პოლიტიკოსების დემონიზება, თითქმის რელიგიური ფანატიზმი გაბანკროტებული იდეალებისადმი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ და შეუწყნარებლობა ყოველივე იმის მიმართ, რაც მათ იდეოლოგიური აზროვნების მოდელში არ ჯდება.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ისინი მაინც ინტელქტუალურად მორალურად მაღალ საფეხურზე რჩებიან.

რატომ?

 ისინი ხომ ევროპელი მემარცხენეები არიან, პროგრესის და ‘ჩაგრულთა’ მეგობარნი



(c) ლევან წკრიალაშვილი; 2011 წ.

3 comments:

  1. საბა ჯაჯანიძეMay 9, 2011 at 8:40 AM

    არა ძამა, მე ეგეთ ევროპასთან არც ინტეგრაცია მინდა და არც რეინტეგრაცია :))

    ReplyDelete
  2. არც არავინ გვეხვეწება სამწუხაროდ

    ლევან, მალე მსოფლიო დიადი დაპირისპირების მომსწრე გახდება: ფრანკფურტი ვს გორი :D

    ReplyDelete
  3. ზვიად ხორგუაშვილიMay 9, 2011 at 9:10 AM

    პირისპირ რომ დადგები მაგ საშინელებასთან ძნელია ძალიან, მე გაკლივარ ლევან ცეცხლი რომდავანთოთ :)

    ReplyDelete