Tuesday, June 7, 2011

სად ვართ დღეს?



თავისუფლების კლუბის წევრები მუდმივად ვსაუბრობთ ლიბერალური კონცეფციების მნიშვნელობაზე და ისინი ჩვენი განვითარების სწორ მიმართულებად მიგვაჩნია.

აქამდე რამდენიმე რევიუ შემოგთავაზეთ ჩვენი მსოფლმხედველობის წარმოსაჩენად და მისი მართებულობის დასადასტურებლად, ასე თუ ისე შევეხეთ ეკონომიკურ საკითხებს, ავად თუ კარგად, ვცდილობთ დავახასიათოთ ლიბერალური მიდგომების უპირატესობა სხვა დანარჩენთან შედარებით.

ახლა კი, გვსურს ერთ მეტად მნიშვნელოვან პრობლემაზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება: ეს ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობაა. გვინდა თუ არა, რეალობას თვალები უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ რომ მდგომარეობა სავალალოა. ამიტომ აუცილებელია გადარჩენის გზებზე კარგად დავფიქრდეთ, ყველაფერი ზუსტად ავწონ-დავწონოთ და სამომავლო გეზი ისე განვსაზღვროთ. 

როდესაც ვამბობ, რომ გადარჩენის გზებზე უნდა დავფიქრდეთ, გადარჩენა სულაც არ არის გაზვიადებული ნათქვამი ( თუნდაც შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით - თბილისიდან ოცდაათ კილომეტრში რუსული ჯარი იმყოფება ). ამისათვის კი დიდი ძალისხმევა, შეიძლება ითქვას, ბრძოლაა საჭირო. ამ საკითხზე მსჯელობა იმდენად მტკივნეული და ფაქიზი თემაა,რომ თითოეული ჩვენგანისაგან ჯეროვან ყურადღებასა და ღრმად ჩაფიქრებას საჭიროებს.

პირველი საკითხი, რომელიც ჩემი აზრით გარკვევას მოითხოვს, არის ის, თუ რა გარემოში გვიწევს ცხოვრება ანუ ფართო გაგებით როგორია თანამედროვე საერთაშორისო ვითარება. საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა გლობალური ხასიათისაა. გლობალიზაცია თავისთავად რთული მოვლენაა და იგი საერთაშორისო ურთიერთობების იმ ძირეულ მახასიათებელს, რომელსაც ანარქიულობა ეწოდება, დამატებით სირთულეს ანიჭებს. განვმარტავ, რომ ანარქიულობა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ სისტემის შემადგენელ ძირეულ ერთეულებს - სახელმწიფოებს, ფორმალურად ზემდგომი ინსტანცია არ გააჩნიათ ანუ სახელმწიფოები არიან სუვერენული პოლიტიკური ერთეულები, რაც მათ საერთაშორისო სამართლის წინაშე თანაბარუფლებიან სუბიექტებად აქცევს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, გამომდინარე მათი ანუ სახელმწიფოების რეალური შესაძლებლობებიდან, ამ პრინციპის რეალიზება ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად არ ხდება.  
საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელ მეცნიერებებში არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ძლიერებას განსაზღვრავენ შემდეგი კომპონენტები:
  • ეკონომიკური ძლიერება
  • სამხედრო ძლიერება
  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ბუნებრივი რესურსები
  • სამრეწველო პოტენციალი
  • მოსახლეობა
  • მთავრობა

ეს თანმიმდევრობა პირობითია და რიგ შემთხვევებში გვაქვს გამონაკლისებიც. მაგალითად რუსეთი, რომელიც ძლიერების რამდენიმე კომპონენტში მოიკოჭლებს, მაგრამ საერთაშორისო სივრცეში მაინც წონიანი მოთამაშეა.

თუმცა მთლიანობაში, ზოგადად მსჯელობისას, არცერთი ზემოთნახსენები კომპონენტის იგნორირება არ შეიძლება, რადგან ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან.
თითოეული მათგანის ცალ-ცალკე განხილვა შორს წაგვიყვანდა და არც წარმოადგენს ამჟამად ჩვენ მიზანს. ზოგიერთ კომპონენტზე კი ყურადღების გამახვილება აუცილებლად მიმაჩნია. მაგალითად სახელმწიფოს ძლიერების განმსაზღვრელ იმ კომპონენტში, რომელსაც მთავრობა ჰქვია, ჩემი აზრით, ექსპერტები სხვა ყველაფერთან ერთად, აუცილებლად გულისხმობენ გონივრული საგარეო პოლიტიკის წარმართვის უნარს ანუ უაღრესად რთულ და ჩახლართულ თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში გარკვევისა და შესაბამისი, ეროვნულ ინტერესებიდან გამომდინარე, კურსის გატარებას. ხოლო კომპონენტში მოსახლეობა, ძლიერი, ჩამოყალიბებული, პოლიტიკურად ორგანიზებული ( ანუ პოლიტიკური კულტურის მაღალი დონე, რომელიც როგორც წესი ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოებს ახასიათებთ ) სამოქალაქო ერთობა უნდა მოიაზრებოდეს.

რაც შეეხება პირველ სამ პარამეტრს - ალბათ ნათელია, რომ ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად ქმნის საფუძველს არა უბრალოდ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, არამედ სუპერსახელმწიფოსთვისაც კი. ამ მხრივ, საინტერესოდ მიგვაჩნია ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბჟეჟინსკის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რას ეფუძნება თანამედროვეობის ერთადერთი ზესახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერება. მას მიაჩნია:
„ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეედრება ამერიკას სახელმწიფოს ძლიერების ოთხ მთავარ კომპონენტში, ესენია - სამხედრო, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული კომპონენტები.“

ეს რაც შეეხება სახელმწიფო ძლიერების მაქსიმალურ გამოვლინებას. საერთაშორისო ურთერთოებში კი ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ერთ, მთელი სისტემისთვის ტონის მიმცემ ზესახელმწიფოს, არამედ სხვა, შეიძლება ნაკლები გავლენის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან აქტორებსაც. ბუნებრივია ისმის შეკითხვა, რა ადგილი უკავია საქართველოს რეალურად თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და რამდენად არის ეს ადგილი განპირობებული სახელმწიფო ძლიერების განმსაზღვრელი კომპონენტების არსებობასა ან  არარსებობაში თუ მათ ეფექტიანად გამოყენება - გამოუყენებლობაში.

ვფიქრობთ რომ იმ საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, რომლითაც ამჟამად მივდივართ ანუ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება, რაც პოლიტიკურად ნიშნავს ლიბერალურ დემოკრატიული სამყაროს შემადგენელ ნაწილად ქცევას, ხოლო ეკონომიკურად ქვეყნის განვითარებას საბაზრო ეკონომიკის მიხედვით ( უფრო სწორედ - ევროკავშირისეული „საბაზრო“ ეკონომიკის მიხედვით ), ჩვენი მნიშვნელობა საერთაშორისო სისტემაში არათუ გაიზრდება, არამედ საგრძნობლად შემცირდება. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველო მსუყე ულუფას გავს, რომლისთვისაც რამდენიმე მტაცებელი იბრძვის - ინტეგრაციის შემდგომ კი, ჩვენ შეიძლება გავხდეთ იერარქიულად ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგონი ქვეყანა, რომელმაც ის უნდა გააკეთოს, რასაც ეტყვიან. რა თქმა უნდა, სამართლებრივ კუთხით მსგავსი სურათი წარმოუდგენელია, მაგრამ ისიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ საერთაშორისო სამართალი ძლიერთა წინააღმდეგ უბრალოდ არ მოქმედებს.

ამიტომ მიგვაჩნია რომ, საქართველო უნდა გახდეს რაღაცმხრივ საჭირო ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისთვის( რომელიც პოლიტიკური რეალიზმის მიხედვით სულაც არაა „საზოგადოება“). ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს შორის, რეალურად მისაღწევი პარამეტრია - ეკონომიკური ძლიერება. ( გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ შევიცვლით; სამხედრო ძლიერებას რაც შეეხება - მგონი ნათელია, რუსეთს ვერ შევეჭიდებით; ბუნებრივ რესურსებშიც მოვიკოჭლებთ და ა.შ. ) ამ საქმისთვის ინტელექტუალური რესურსი, შესაფერი მონდომება და ყველაზე მნიშვნელოვანი - მეტი თავისუფლება გვჭირდება, რომელიც ეკონომიკური ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო სივრცე ჩვეულებრივ ბაზარს ჰგავს, სადაც გამძაფრებული კონკურენციაა და სადაც ყველაფერი მარტივ ალტერნატივებამდე დადის - ან ვიქნებით ძლიერნი, შესაბამისად საჭირონი და გამოსადეგნი სხვებისთვისაც, ან არა და ჩვენს მონელების პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია, ხელს ვეღარაფერი შეუშლის და მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ცნობიერებას წყალს გავატანთ.

გაწეული დახმარებისათვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ნოდარ ხონელიძეს.   

გამოყენებული ლიტერატურა:
ალექსანდრე რონდელი
საერთაშორისო ურთიერთობები
მესამე გამოცემა

ZBIGNIEW BRZEZINSKI
THE GRAND CHESSBOARD
American Primacy and Its Geostrategic Imperatives
Copyright © 1997 by Zbigniew Brzezinski


(c) საბა ჯაჯანიძე 2011 წ. 

3 comments:

  1. ივანე კოპაძეJune 7, 2011 at 6:59 AM

    ბრავო საბა! კარგია, თუმცა უკეთესი იქნება თუ ამ თემას განავრცობ. იმდენად კარგად გაქვს მსჯელობა ჩამოყალიბებული, რომ უმჯობესი იქნება თუ გააგრძელებ ამ საკითხის გაგრძელებას

    ReplyDelete
  2. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ "სგ სგ ადმინ, კიდე დადე ეგეთები "

    ReplyDelete
  3. ეკონომიკური ძლიერება
    სამხედრო ძლიერება
    გეოგრაფიული მდებარეობა
    ბუნებრივი რესურსები
    სამრეწველო პოტენციალი
    მოსახლეობა
    მთავრობა

    ჩვენი ბებერი მორგენთაუ :)) კარგია რომ ამ საკითხებსაც შეეხეთ.

    ისე უბრალოდ კი დავამატებდი, რომ საერთაშორისო გარემოს ანარქიულობა, როგორც ამას hardcore რეალისტები ქადაგებენ, გარდა იმისა რომ უამრავი კრიტიკოსი ჰყავს, არ გამორიცხავს ე.წ. low poliitics სფეროში (ეკონომიკა, ვაჭრობა)თანამშრომლობას და ფოკუსირებულია მხოლოდ სახელმწიფოს [სამხედრო] ძალაზე.

    პოსტში გამოთქმულ ფრთხილ (ან არ არის ფრთხილი და მე მეჩვენება ასე) სკეპტიციზმსაც ვიზიარებ 'ინტეგრაციის შემდგომ კი, ჩვენ შეიძლება გავხდეთ იერარქიულად ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგონი ქვეყანა, რომელმაც ის უნდა გააკეთოს, რასაც ეტყვიან.' და ბრიუსელის ბიუროკრატიის თავზეც გავიარე. უბრალოდ ამან რაიმე ტიპის იზოლაციონიზმისკენ არ უნდა გვიბიძგოს.

    ReplyDelete