Tuesday, July 5, 2011

სისულელე ანუ თავად სოციალიზმი

ჩვენ ვიკითხოთ თორემ, სოციალისტებისთვის ადამიანების ემოციებზე თამაში ადვილი საქმეა - აბა რომელი სულელი იტყვის უარს უფასო საქონელზე?! ( იქნება ეს უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვის პროგრამა თუ უფასო მახათი ).

ნებისმიერი სახელმწიფოს წარმომადგენლებსაც ადვილად შეუძლიათ ადამიანების გრძნობებზე ითამაშონ.

აი მაგალითად: რომელი მოხუცებული არ აღფრთოვანდება პენსიის გაორმაგების შესახებ რომ გაიგებს; ან რომელ დიასახლისს არ აუჩუყდება გული, როდესაც შეიტყობს რომ მისი სამი შვილი უფასოდ მიიღებს უმაღლესი ხარისხის განათლებას. 

აქამდე ყველაფერი კარგადაა, პრობლემები მერე იქმნება როდესაც ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ამ სასიამოვნო ცნობებს მეორე და ბნელი მხარეც ჰქონიათ - პენსიონერი ხვდება, რომ პენსიის გაორმაგების შემდეგ გარშემო ყველაფერი გაძვირდა, დიასახლისი კი ხედავს რომ მის სამ შვილს სულელი მასწავლებლები ასწავლიან. 

იწყება ისტერია და მოთხოვნებიც ჩნდება: ახლა საქონელი უნდა გაიაფდეს და სკოლებს მეტი ფული გაუჩნდეთ, რათა მასწავლებელთა კვალიფიკაციამ რამე მოგონილი სტანდარტი მაინც დააკმაყოფილოს.

სახელმწიფოს შეუძლია ეს პრობლემებიც აღმოფხვრას - ვინმე ჭკვიანი დააწესებს ფასების ჭერს და ამავე დროს სახელმწიფო ბიუჯეტსაც გაზრდის - აბა სკოლები ხომ უნდა დავაფინანსოთ. 

მერე აღმოჩნდება რომ პური უხარისხოა, ზეთი გაფუჭებული, ვაშლი დამპალი...  მერე იმასაც აღმოაჩენენ, რომ სკოლებში ისევ ის სულელები ასწავლიან, უბრალოდ დირექტორები და სასწავლო ნაწილები უფრო მეტ ფულს აკეთებენ...

რა კეთილშობილური მიზნები გვქონდა და სადამდე დავედით; როგორ გვინდოდა სხვებზე ზრუნვა და გარშემო ყველა დავაზიანეთ.

ცხოვრებაშიც ეგრე ხდება - სახელმწიფოს ფუნქცია თითქოს მოქალაქეებზე ზრუნვაა, არადა პირიქით გამოდის. გიხაროდენ! ეს სოციალისტური სახელმწიფოა.

სოციალიზმი, ნებისმიერი ფორმით, ბოროტება კი არა სისულელეა, უაზრობაა რადგან გარშემო ყველაფერს აფუჭებს, სპობს, აზრს უკარგავს. 

სოციალისტის აზრით სახელმწიფომ უნდა დაარიგოს მაღალი პენსიები, რათა მოქალაქეებმა ის შეიძინონ, რაც სურთ - ანუ სახელმწიფო ადამიანს ართმევს ფულს და მერე გაცილებით ნაკლებს უბრუნებს ამ ადამიანის ოჯახის წევრს პენსიის სახით. გადასახადის დარჩენილი ნაწილის ნაწილით საჯარო სკოლები ფინანსდება, რადგან სოციალისტის აზრით განათლება საყოველთაო და უფასო უნდა იყოს.

სოციალისტებს, გარდა იმისა რომ საერთოდ არ ესმით ეკონომიკა,ნებისმიერი პროდუქტის ფასი მუდმივი სიდიდე ჰგონიათ და მიიჩნევენ რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ მუდმივი სიდიდის საუკეთესოდ დადგენა შეუძლია ისე, რომ ეს მუდმივა ყველასთვის მისაღები იყოს.

ორ ადამიანს შორის რაიმე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე წარმოქმნილი ფასი კი ურთიერთშეთანხმების შედეგია და ვერ იქნება მუდმივა, რადგან ადამიანები ალტერნატივებს სხვადასხვანაირად აფასებენ. ასე ხდება ფასების წარმოქმნაც დიდ მასშტაბებში - ერთი ნაწილის რაიმეს გაღების მზაობა ურთიერთქმედებს მეორე ნაწილის რაიმეს მიღების მზაობასთან და დგინდება ფასებიც.

ამის შემოწმება მარტივია. მაგალითად, დაუქნიეთ ხელი ტაქსს და სთხოვეთ ვარკეთილიდან დიდ დიღომში 3 ლარად წაგიყვანოთ - დიდი ალბათობით შეგაგინებთ და წავა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე მანძილის დაფარვაში ტაქსის მძღოლი 25 ლარს ითხოვს - ახლა უკვე თქვენ შეიგინებით და კარებს მიუჯახუნებთ. ასეთი სიტუაციის დროს, წარმოიდგინეთ რომ გამოდის საზოგადოებაზე მზრუნველი და ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოროტმა ტაქსისტებმა ვარკეთილიდან დიდ დიღომში მგზავრის გადაყვანის დროს 4 ლარზე მეტი არ უნდა მოითხოვონ, რადგან მეტის მოთხოვნა გაჭირვებული მოსახლეობის ძარცვაა. ვინმე ჭკვიანს იდეა მოეწონება და დააკანონებს, შედეგად ტაქსისტები ან შეეშვებიან ტაქსაობას, ან გინების სიხშირე კატასტროფულად მოიმატებს. რეგულაციამდე არსებული ფასი - 8 ლარი ნიშნავდა, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ტრანსპორტირება ორივე მხარეს 8 ლარი უღირდა, ახლა კი ერთი მხარე ცალსახად დაჩაგრულია.

ამ მაგალითის მსგავსად, ნებისმიერი სოციალისტური ინიციატივაც საშინლად არაეფექტურია, ვინაიდან ცუდია ყველასთვის, და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის.

იმ ვითარებაში კი, როდესაც ადამიანები თავად ირჩევენ რა, როგორ და რანაირად გააკეთონ და მათ უაზრო რეგულაციებს და წესებს არავინ უწესებს, დაჩაგრულები არ არსებობენ, რადგან მათი გაკეთებული არჩევანი ამ არჩევანთან დაკავშირებულ რისკებსაც შეიცავს და ადამიანები ამას მშვენივრად აცნობიერებენ.

(c) საბა ჯაჯანიძე 2011 წ. 



4 comments:

  1. იმაზე უარესი, რომ გაორმაგებულ პენსიას გაორმაგებული ფასები მოყვეს, გაუორმაგებელი პენსიის ფონზე გაორმაგებული ფასებია
    ჯობია ამაზე წერო საბა ძამა

    ReplyDelete
  2. ინფლაციაზეც ვწერთ არანაკლები ძალისხმევით :)

    ReplyDelete
  3. საბა ჯაჯანიძეJuly 5, 2011 at 5:39 AM

    სოციალისტური სამოთხის შესახებ მითები უნდა დაინგრეს :) ამას თუ მივაღწიეთ, ინფლაციასაც მივხედავთ :)

    ReplyDelete
  4. საბა, დაგ(ა/ი)ლაიქებდი სიამოვნებით :))

    ReplyDelete