Sunday, July 10, 2011

არ უნდა მაგას ფიქრი - ყველაფერი ჩანს

აიათოლა რუჰოლა მუსავი ალ–ხომეინი მე–20 საუკუნის უდიდესი ისლამისტი მოღვაწე და ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერი. „ისლამური რესპუბლიკის“ ხომეინისეული კონცეფცია ემყარება რესპუბლიკურ ფორმას თეოკრატიული შინაარსით, სადაც საერო და სასულიერო ხელისუფლება შერწყმულია. თუმცა ამ ორს შორის უპირატესობა მეორეს ეკუთვნის. მის მოძღვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია „ვილაიათ–ე ფაყიჰის“ ანუ დაფარული იმამის მცნებას, რომლის მიხედვით „ფარული იამამის“ გამოცხადებამდე აუცილებელია ისლამური თემის და რელიგიურ–პოლიტიკური მეთაურის ინსტიტუტის არსებობა. ხომეინის იდეებმა ხორცშესხმა სწორედ ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ ჰპოვა. ირანის ახალი კონსტიტუცია შარიათს დაეფუძნა.

ირანშიც ეგრეა - ფიქრის გარეშეც ყველაფერი მშვენივრად ჩანს და იქაც სწამთ, რომ ირანი გაბრწყინდება. 

ჩვენთან მართლმადიდებლობას იცავენ. რისგან ან ვისგან - გაურკვეველია, მთავარია რომ იცავენ! ირანშიც იცავენ



ჩვენთან მიაჩნიათ, რომ უმრავლესობას პრივილეგიები უნდა ჰქონდეს, ხომ უნდა ჰქონდეს?! ირანშიც აქვთ -


არადა - "ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას."



ლიბერალური დემოკრატია მმართველობის ფორმაა, რომელიც უმცირესობების უფლებათა შელახვას არ გულისხმობს. იდეაში, მართლმადიდებელი თუ კათოლიკე, ეთნიკური სომეხი თუ ეთნიკური ქართველი, ჰომოსექსუალი თუ ხუთი შვილის დედა -  ბედკრული საქართველოს შვილები არიან, შესაბამისად ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, გარეგნობისა თუ რელიგიური შეხედულებებისა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ზუსტად ერთნაირი უფლებანი და თავისუფლებანი გააჩნია.



დავფიქრდეთ და მივხვდებით, რომ რელიგია სამყაროს თავისებური აღქმაა - ზოგს ასე სჯერა, ზოგს ისე. ესე იგი, ნებისმიერს აქვს უფლება მიემხროს ამა თუ იმ რელიგიას - თვითონ გადაწყვიტოს რისი სწამს და რისი არა. დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით - სისულელეა, ეგ იგივეა ადამიანი იდიოტად ჩათვალო იმის გამო რომ ტოლსტოის წიგნები მოსწონს და არა შექსპირის, ან მანჩესტერ იუნაიტედს გულშემატკივრობს და არა მადრიდის რეალს.



ნებისმიერ სახელმწიფოში რომელიმე რელიგიური მიმდინარეობისთვის უპირატესობის მინიჭება, არღვევს დანარჩენი კონფესიების მიმდევართა უფლებებს. რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს განსხვავებული რწმენის ადამიანთა რიცხვი, დემოკრატიულ სახელმწიფოში მათ უნდა ჰქონდეთ უფლება აღმსარებლობის თავისუფლებისა და ეს უკანასკნელი არანაირი საკანონმდებლო აქტით არ უნდა იყოს შეზღუდული. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომეინი და ირანი არც თუ ისე შორსაა.

თუმცა, რად გვინდა ფიქრი - ყველაფერი ისედაც ჩანს. 


(c) საბა ჯაჯანიძე 2011 წ.

1 comment:

  1. me-5-e klaselis dacerils gavs, me-3-e klaseli bavshvebistvis....

    ReplyDelete